ასაკის მატებას ახლავს სმენის დაქვეითება – ამას ფიზიოლოგიური სმენის დაქვეითება ეწოდება, რომელიც სმენის ნერვზე ასაკობრივი ცვლილებებისა და ნეიროეპითელის კვდომის გამო ვითარდება. ამ დროს სმენის სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სიყრუის შეჩერება – შესაძლებელი.
სმენის დაქვეითებას ბევრი დაავადება იწვევს. სმენის თანდათან დაქვეითებას ადამიანი პროგრესულ სიყრუემდე მიჰყავს. სრული სიყრუე არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. თანდაყოლილი სიყრუის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მიღებული მედიკამენტები და სხვა; სრული სიყრუე კი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, დიდმა ხმაურმა, ოტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და ასე შემდეგ.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯანმრთელი იძინებს, გამოღვიძების დროს კი ამჩნევს, რომ სმენა მკვეთრად დაქვეითებული აქვს. ამ დროს შიგნითა ყურში სმენის ნერვის ნეიროეპითელზე კვდომას იწყებს ნერვის დაბოლოებები და სრული სიყრუეც კი შეიძლება განვითარდეს.
სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგალითად: ჩირქოვანი ანთების შემდგომი, ტრავმების შემდგომი, ოტოსკლეროზით გამოწვეული, ცხვირით სუნთქვის დარღვევის შედეგი და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი ყოველთვის სმენის ნერვის პათოლოგიის შედეგია. სმენის ნერვული დაბოლოებები ძალიან მგრძნობიარე და სუსტია. მასზე ადვილად მოქმედებს ყველა ოტოტოქსიკური ფაქტორი, მაგალითად: მედიკამენტები, ხმაური, ინფექციები.
გაითვალისწინეთ, რომ სიყრუის პროფილაქტიკას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის მკურნალობას.
რაც შეეხება მხედველობას, ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი აზიანებს თვალებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტების დროს აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B1, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს.
A ვიტამინს შეიცავს: ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, საქონლის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
B1 ვიტამინს შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
B2 ვიტამინს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.