ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გია ხუბუას აჩრდილი დადის

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გია ხუბუას აჩრდილი დადის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტარციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობის სურვილი ექვსმა კანდიდატმა გამოთქვა. ესენი არიან: სოსო არჩვაძე, გიორგი გაფრანდაშვილი, ანა ალერდაშვილი, თამარ კაპანაძე, კახაბერ ჭეიშვილი და ალექსანდრე ჩხიტური. თითოეულ მათგანთან მოეწყო შეხვედრა.

დაგეგმილია შეხვედრა სხვა ფაკულტეტებთან სტუდენტებთან. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 14-კაციანმა აკადემურმა საბჭომ, აკადემური საბჭო შეარჩევს ერთ კანდიდანტს, რომელიც გადაეგზავნება წარმომადგენლობით საბჭოს და სწორედ წარმომადგელობითმა საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი შერჩეულ კანდიდატს. წარმოდგენილ კანდიდატებთან შეხვედრაზე აქტიური იყო პროფესორი ნატალია ხარაძე.

ვინ არიან წარმოდგენილი კანდიდატები, რამდენად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და რა შემთხვევაში გეგმავს პროტესტის უკიდურესი ზომის, შიმშილობის დაწყებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პროფესორ ნატალია ხარაძეს ესაუბრა.

ნატალია ხარაძე: თითოეულ კანდიდატთან შეხვედრის დროს საკმაოდ აქტიური ვიყავი, დეტალურად მქონდა გაანალიზებული და შესწავლილი მათი კონცეფციები. ამ პროცესში ჩავერთე იმიტომ, რომ ჩემი და უამრავი უივერსიტეტელის ინტერესია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყოს კვალიფიციური და ღირსეული წარსულის მქონე

უნივერსიტეტს აქვს იმის რესურსი, რომ სხვა უფრო მაღალკვალიფიციურ კადრებასაც შეეტანათ განაცხადი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამგვარი გადაწყვეტილების მიმართ აქვთ შიში, ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, თითქოს მაღალ თანამდებობაზე ვიღაცის ლობირების გარეშე აზრი არა აქვს ბრძოლას, რომ პარტიული თუ სამთავრობო ძალების მხარდაჭერა აუცილებელია და ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი. ბუნებრივია, ამ შეხედულებებს არ ვიზიარებ. ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ მოტივით შეიკავა თავი. ასე რომ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და სწორედ ამ კანდიდატებს შორის უნდა მოხდეს არჩევა.

რამდენად პროფესიონალები არიან წარმოდგენილი კანდიდატები?

- ამ კუთხით შეფასება ნაკლებად მსურს. თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმზე აკადემიური საბჭო უკეთ იმსჯელებს. ის, რომ შერჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური უნდა იყოს, განსჯას არ ექვემდებარება. არაკომპეტენტურმა ადამიანმა არც თავს და არც უნივერსიტეტს არ უნდა აკადროს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, ვინც არ უნდა ლობირებდეს მას!!! მე გაცილებვით საშიშ პრობლემებს მინდა შევეხო. ეს ადამიანის მორალური მხარეა. კარგად ვნახეთ, რაც მოუტანა ქვეყანას ერთი შეხედვით კვალიფიციურმა, თუმცა მორალისაგან აბსოლუტურად დაცლილმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

როდესაც ცნობილი გახდა კანდიდატების ვინაობა, ბუნებრივია, რომ აკადემური გარემოში თითოეულის შესახებ მოხდა ინფორმაციის გაცვლა, გავრცელდა ხმები მათი პროფესიონალიზმის, ლობისტებისა და წარსული ცხოვრების შესახებ. ფაკულტეტზე დაიგეგმა კანდიდატებთან შეხვედრა და მომეცა საშუალება დავსწრებოდი თითოეულის გამოსვლას. დავიწყოთ პირველით და ყველაზე მტკივნეულით. ეს არის ბატონი სოსო არჩვაძე. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად იწერებოდა და, მათ შორის - თქვენს გამოცემაშიც, გია ხუბუას დროს უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ. ერთ-ერთი აქტიური მაშინ მეც ვიყავი. ხუბუას უკანონო შეკვეთების შემსრულებელი კი ბატონი სოსო არჩვაძე გახლდათ

შევახსენოთ მკითხველს რაში მდგომარეობდა მაშინ პრობლემა?

- რამოდენიმეჯერ მომიწია სასამართლო დავა უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი პროცესი იყო კონკურსებთან დაკავშირებული პრობლემა, როდესაც უამრავი პროფესორი უასამართლოდ, დარღვევებით ჩატარებული კონკურსებით დატოვეს გარეთ. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებით, შესაძლებელი იყო სასამართლოს მოგება, რომ არა ნაციონალური რეჟიმი და იმდროინდელი დამონებული სასამართლო და ისეთი ადამიანები, როგორიც ბატონი არჩვაძეა!!!! ამ სასამართლო პროცესზე გამოცხადდა ბატონი არჩვაძე, მეც და სხვა ჩემს კოლეგებსაც მოგვეჩვენა რომ იგი ადამიანურად იყო შეწუხებული, განიცდიდა რომ სისტემის მსხვერპლი იყო.

სასამართლო პროცესზე მას ჰკითხეს, ვინ შეადგინა გამსვლელი კონკურსანტების სია. მან თქვა, რომ სია შეადგინა თვითონ. მოხდა კომისიის მეორე წევრის, ლაფაჩის დაკითხვა, რომელმაც თქვა, რომ სია მაგიდაზე დაწერილი დახვდა. შედგა ლაფაჩის და არჩვაძის დაპირისპირება, სადაც ბატონმა არჩვაძემ შეცვალა ჩვენება და მეხსიერების პრობლემა მოიმიზეზა!!! დეტალების მოყოლოთ თავს არ შეგაწყენთ საჭიროების შემთხვევაში გამოვითხოვთ მაშინდელი სასამართლო დაკითხვის ოქმებს და გავასაჯაროებთ. საზოგადოება ასე უკეთ გაიცნობს მას!

როდესაც ბატონი სოსო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე თავისი კონცეფციით მობრძანადა, მეტნაკლებად მომზადებული გახლდათ, მაგრამ იმ ეტაპზე ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო. ზოგადად ცნობილია, რომ ბატონი სოსო არის პროფესიონალი, ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და მიმაჩნია, რომ სტუდენტს არ უნდა დავუკარგოთ იმისი უფლება, რომ პროფესიონალის მიერ წაკითხული ლექციები მოისმინოს, მაგრამ სრულიად სხვა არის, როდესაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მოდის ის ადამიანი, რომელმაც გაწირა უნივერსიტეტელები, შეასრულა ბინძური მითითებები და ამით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პროფესორებს არამედ თავად უნივერსიტეტის იდეას .

ის არის პროფესიონალი, მაგრამ არ აქვს მორალური უფლება, დაიკავოს უნივერსიტეტის ადმინისტარციის უფროსის თანამდებობა?

- დიახ, და გეტყვით - რატომ. ბატონ სოსოს დავუსვი კითხვა და მოვყევი ის ფაქტები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ვუთხარი, მინდა დავრწმუნდე, რომ მაშინ სასამართლოზე თქვენ გულწრფელად განიცდიდით იმას, რომ იმ დანაშაულებრივი პროცესის თანამონაწილე იყავით და არა იმას, რომ გქონდათ შიში თავად სასამართლოსი-მეთქი. ვთხოვე, ეღიარებინა საკუთარი შეცდომა, რათა გათავისუფლებულიყო იმ მძიმე ტვირთისგან, რასაც ატარებდა. მოვუწოდე, დღეს თქვენ არ იმყოფებით სასამართლოზე, ამიტომ იმ ადამიანების სახელით, რომელთათვისაც სამართლიანობა არ აღმდგარა გთხოვთ იყოთ გულწრფელი-მეთქი.

და რა გითხრათ?

- დაიწყო ისეთი რამის მოყოლა, რომელიც თემასთან არ იყო დაკავშირებული. ამ საკითხების განხილვაც კი არ ღირს! იგი არ ელოდებოდა ამგვარ შეკითხვას და ვერ მოიფიქრა, რა პასუხი გაეცა. პროტესტის ნიშნად დავტოვე მასთან შეხვედრა და ვუთხარი, რომ მაშინ, როდესაც ქუჩაში დარჩენილი ადამიანების მიმართ არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენა, მორალურად უფლება არ გაქვთ უნივერსიტეტში ფაქტობრივად ყველაზე მაღალ თანამდებობაზე გქონდეთ პრეტენზია-მეთქი. სამწუხაროდ, მისი ადამიანური თვისებების შეფასებაში, მაშინ, სასამართლო პროცესის დროს, არა მხოლოდ მე, გაცილებით ჩემზე მეტი გამოცდილების მქონე, ყველასათვის საპატივცემულო პროფესორი, ნუგზარ პაიჭაძეც შეცდა. ბატონი არჩვაძე სასამართლოს შიშით იყო შეპყრობილი და არა - გაუბედურებული პროფესორების ბედით! „მონანიებიდან“ ერთი დიალოგი გამახსენდა: „ცოდვილი ვარ, მამაო... გაორებული... შეგნება მაქვს გაორებული...“ ვის ატყუებ, შე გლახა, შენ?! ...შენნაირებს სადა აქვთ გაორების უნარი, ორივე ფეხებზე არ გკიდია სიკეთეცა და ბოროტებაც?! შენ ახლა შიშმა შეგჭამა, შიშმა, საკუთარი თავის შიშმა!“

რამდენად აქვს სოსო არჩვაძეს  შანსი, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს?

- იცით, თითოეულ კანდიდატზე დადის ხმები, ვინ ვისი ფავორიტია. დადიოდა ხმები, რომ სოსო არჩვაძეს მხარს უჭერდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ვლადიმერ პაპავა. შევხდი რექტორს, ბატონ ვლადიმერს, და აღმოჩნდა, რომ არჩვაძის „საგმირო საქმეების“ შესახებ მას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია.

ანუ, ვლადიმერ პაპავამ უარყო, რომ ლობირებს არჩვაძეს ამ თანამდებობაზე?

-ასეთ კითხვას ბატონ რექტორს ვერ ვაკადრებდი. ამას ვერც მისი კოლეგები აკადემიური საბჭოდან ვერ გაბედავენ. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბატონი რექტორის ავტორიტეტის გამოყენება სურთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ვლადიმერი დაინტერესებულია, რომ ამ თანამდებობაზე აირჩიონ ისეთი ადამიანი, რომლის მიმართ ნაკლები კითხვები იარსებებს.

მე საუბარი მქონდა აკადემიური საჭოს წევრთან, ბატონ ავთანდილ სილაგაძესთან. ამ საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ საბჭოს წევრები „დაბნეულები“ არიან, არ იციან რექტორის პოზიცია. თუ არ ჩავთვლით ჭორებს. სააკაშვილის რეჟიმის დროს ბატონ ავთანდილ სილაგაძესთან ერთად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ბატონი ავთანდილი, ისევე როგორც უამრავი ჩემი კოლეგა, პირად საუბრებში აღიარებს ბატონი არჩვაძის შეცდომებს, გადაწყვეტილების მიღება და პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება კი, უჭირთ.

მინდა მივმართო ბატონ ავთანდილს: ბატონო ავთანდილ, უნივერსიტეტში ჩემი და თქვენი დაბრუნებით არ დასრულებულა სამართლიანობის აღდგენის პროცესი!!! მე თქვენ აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმა მოგეცით არა დუმილისთვის, არა მორჩილებისთვის არამედ მოქმედებისთის!!! დღეს კი მიცხადებთ, რომ არ იცით, ვის დაუჭერთ მხარს და რომ თქვენი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მხარეს იქნება რექტორი და მეუბნებით, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს სოსო არჩვაძე იყოსო! იმედები გამიცრუეთ.

ვწუხვარ, რომ აკადემიური საბჭოს წევრების ნაწილი საკუთარი თანამდებობის ტყვეა! თუმცა, მადლობა ღმერთს, მაქვს ბატონი ვლადიმერ პაპავს იმედი, რომ ის სწორ, სამართლიან და უნივერსიტეტისთვის მისაღებ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.

მხარს არ უჭერს რექტორი, ასევე - აკადემური საბჭო... მაშინ, ვინ უჭერს მხარს?

- ვისი მხარდაჭერით შემოიტანა განცხადება, ამაზე დეტალურად საუბარი შემეძლება მაშინ, როდესაც ვნახავ აკადემური საბჭოს წევრებიდან ვინ დაუჭერს მხარს, რადგან პროცესი არის ღია.

დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც არასოდეს, არავის შეკვეთას არ შეასრულებს უნივერსიტეტის სახელის საზიანოდ! სწორედ ამ კუთხით იქნა ჩემ მიერ დასმული კითხვები, შესაბამისად, მკითხველი თვითონ გამოიტანს დასკვნას, ვინ არიან ეს ადამიანები.

სკანდალური იყო  კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაცია. ის უნივერსიტეტის წიაღიდან არის, უნივერსიტეტის საზოგადოება მას გარკვეული აქტიურობებით იცნობს. ბოლო პერიოდში იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ტურიზმის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. საკმაოდ ბუნდოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ სტუქტურელ ერთეულთან დაკავშირებით. ამიტომ ბატონ კახასაც დავუსვი ასეთი კითხვა - როგორ მოხდა მისი და მაია მარგველაშვილის გათავისუფლება, ეთანხებოდა თუ არა, იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც ფაკულტეტზე განხორცილდა, და თუ არ ეთანხმებოდა, რატომ არ იბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში ანალოგიურად აპირებდა თუ არა უსამართლობასთან შეგუებას ?

ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი?

- საუბარი დაიწყო იმაზე რამდენად წარმატებული იყო ეს სტრუქტურული ერთეული, მაგრამ კითხვაზე - ასეთი წარამტებული საქმიანობის გამო მოხდა თქვენი განთავისუფლება მან თქვა -ზემოდან იყო ზარი, რომ ორ ადამიანს დაგვეწერა განცხადებაო. ვითხოვე, ეთქვა რამდენად აგუმენტირებული იყო ეს ზარი, თქვა, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა, მხოლოდ ზარი იყოო რომ დაგვეწერა განცხადება და წავსულიყავით.

დაასახელა ვინ იყო ამ ზარის ავტორო?

- ჩემი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად არ დაასახელა. თქვა, რომ ვერ დაასახელებს, რადგან ის არის მაღალ თანამდებობაზე. აქ ჩაერთო დეკანი და მითხრა: “ქალბატონო ნატალია, ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი არის ვიღაც „ენი“ და ამით დაკმაყოფილდით“. ბატონმა კახამ  ახსენა, რომ კონკრეტულ საკითხს თავის დროზე ლობირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი გიორგი მელაძე, რომლის მამა ტურიზმის სკოლის დირექტორია. თქვა, რომ ამ ზარებთან დაკავშირებით შეწუხებული იყო ვლადიმერ პაპავა და ადმინისტარციის ამჟამინდელი უფროსი, დავით ჩომახიძეო.

ყურადღებას იმსაურებს თამარ კაპანაძის პასუხებიც. მან თავისი წარდგენა დაიწყო საკუთარი გამოცდილებით. ამ კანდიდატთანაც მქონდა კითხვები მისი წარსული მოღვაწეობიდან რომლითაც ის ამაყობდა, ეს ეხებოდა უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესს. მას ვკითხე კონკრეტულ უნივერსიტეტზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს ვერც აკადემიური პერსონალის რაოდენობით და ვერც ხარისხით, და როგორ მოახერხა აკრედიტაციის გავლა. ქალბატონმა თამარმა მიპასუხა, რომ პროგრამული კუთხით ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს მაგრამ სხვა კრიტერიუმებმა გადასძლიაო. დარბაზიდან იყო რეპლიკა: „როგორ, პროგრამული ხარვეზები უმნიშვნელოა?“ მისი პასუხი გახლდათ ასეთი - პროგრამების ჩამოყალიბების პროცესში იყვნენო. ამის შემდეგ ჩაერთო დეკანი და „ამიხსნა“, რომ იმ კომისიაში ქალბატონი თამარი მარტო არ იღებდა გადაწყვეტილებას. კანდიდატმა გაიხსენა ის რთული პერიოდი, როცა მას ხვდებოდნენ ქუჩაში, სადარბაზოში და სთავაზობდნენ ქრთამს, მაგრამ იგი მოწოდების სიმაღლეზე იყო. დეკანმა შეწყვიტა შეხვედრა მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა საათნახევარი დრო, ქალბატონ თამართან შეხვედრა კი 45 წუთში დასრულდა, რასაც აუდიტორიაში  მსხდომთა უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ჩანს დეკანი შეშინდა კიდევ მეტი შეცდომა არ დაეშვა ქალბატონ თამარს და ამით პატივი სცა მის ლობისტებს მე მეტ შეფასებას აღარ გავაკეთებ ერთს კი ვიტყვი: ვეჭვობ, ქაბატონმა თამარმა არ იცის, რომ ქრთამის შეთავაზების დაფარვა დანაშაულია! იმედს ვიტოვებ, აკადემიური საბჭო ამ საკითხებით დაინტერესდება.

გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი გუნდის გაყვანას?

- კიდევ ვიმეორებ, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებშიც იყვნენ პროფესიონალები, ამას ვერ გავექცევით. ქვეყანა ძალიან პატარაა, იმის დრო არ არის, პარტიული კუთვნილებით ვეძებოთ ადამიანები. მაგრამ როდესაც მორალურად არ გაქვს უფლება, დაშვებული გაქვს შეცდომები და არ შეგიძლია მისი აღიარება, ასეთ დროს არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალში იგივეს არ გაიმეორებ.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ვის აქვს „უფლება“ ჩაერიოს უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკაში და ვისი უნდა „გვეშინოდეს“. არადა, თითოეული კანდიდატის კონცეფცია გამსჭვალულია საჯაროობისა და გამჭვირვალობის ლოზუნგებით. ისე კი, ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილ კონცეფციას ფასი რომ არ აქვს, ამას კანდიდატთა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების აქტიურობაც მოწმობს. იმედს ვიტოვებ, გაცილეებით აქტიურები ჩვენი სტუდენტები იქნებიან. მათთან შეხვედრაც არის დაგეგმილი.

თუ არჩვაძის ლობირების პრობლემა მოიხსნება, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ვის აქვს შანსი, რომ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა?

- გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ამიტომ, საკუთარ პოზიციას ღიად არ დავაფიქსირებ. ჩემთვის მთავარია, კანდიდატებს შორის არ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, უტყუარი ფაქტები კი ამგვარი დანაშაულის შესახებ, ბატონ არჩვაძეზე გამაჩნია. თუ ვინმეს სხვა კანდიდატზე აქვს რაიმე დადასტურებული ინფორმაცია, ღიად ისაუბრონ. დუმილი დანაშაულის ტოლფასია.

თუკი სოსო არჩვაძე არ მოხსნის თავის კანდიდატურას, რას აპირებთ, როგორი იქნება თქვენი პროტესტის ფორმა?

- მე მყავს უამრავი თანამოაზრე. ესენი არიან როგორც რიგითი პროფესორები, ასევე -  სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრებიც. იმედი მაქვს, გვერდით დამიდგებიან და არ დაუშვებენ, რომ უნივერსიტეტის მართვის სადავეები ხელში ჩაუგდონ იმ ადამიანს, რომელიც წარმატებით ასრულებდა ხუბუას შეკვეთებს! ღირსების საქმეა, რომ მუსხელიშვილის, მელიქიშვილის, თაყაიშვილის, ვეკუას და სხვათა და სხვათა უნივერსიტეტს ხუბუასა და შაშკინის კადრები არ მართავდნენ. ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნია და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. ჩემი მხრიდან, არ გამოვრიცხავ შიმშილობის დაწყებას, თუნდაც, რექტორის მისაღებში.

ისე კი, პირველ რიგში, ახალგაზრდების, ჩვენი სტუდენტების იმედი მაქვს.