ვეტერანთა ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა ვეტერანებს, უქმდება. შესაბამისად, სამსახურის გარეშე რჩება დაახლოებით, 150 თანამშრომელი. ჰოსპიტლის მედპერსონალი უკან დახევას არ აპირებს და ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, საერთო ხაზინიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფოდა, რომელიც ვეტერანთა დეპარტამენის გავლით, ჰოსპიტალს ერიცხებოდა.
ჰოსპიტლისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება 2016 წლის 13 იანვარს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც ესწრებოდნენ: ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ხუნდაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი და ჰოსპიტალის მთავარი ექიმი გია მაცაბერიძე. შეკრებილებმა დაასკვნეს, რომ ჰოსპიტლის შენობა შეუფერებელია სამედიცინო მომსახურეობის გაწევისათვის და მისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ არსებობს.
For.ge შეეცადა ჰოსპიტლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან მიეღო, თუმცა უწყების პრეს-სასამსახურის დაპირების მიუხედავად, კომენტარი ვერ მივიღეთ.
ა-ო „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი“, ვეტერანი ვახტანგ მაჭავარიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჰოსპიტალის გადარჩენის მიზნით იქმნება ჰოსპიტალის გადარჩენის საორგანიზაციო ჯგუფი. მაჭავარიანის განცხადებით, ის, რომ შენობა შეუფერებელია სამედიცინო მომსახურებობის გაწევისათვის, ეს ობიექტური მიზეზი ვერ იქნება, რადგან შენობა 10 წელია ამ მდგომარეობაში ფუნქციობს. რეალური მიზეზი ჰოსპიტლის ადგილმდებარეობაა, რომლის გაყიდვით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებულნი.
„ამ გადაწყვეტილების რეალური მიზანია შენობა, რადგან შენობის ღირებულება დაახლოებით, მილიონ 600 ათასი დოლარია. კონკრეტულად ვინ არის ამ შენობით დაინტერესებული, ფაქტების გარეშე ძნელია საუბარი. დაახლოებით 6 თვის წინ, მერიაში შევიდა მოთხოვნა ამ შენობის გადაცემასთან დაკავშირებით. მის ადგილას უნდა აშენებულიყო სამი 16 სართულიანი კორპუსი, რაზედაც მერიამ უარი თქვა.
ის ხალხი, ვინც განცხადება შეიტანა მერიაში, წერდნენ, რომ ჰოსპიტალს ააშენებდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. ეს ინიციატივა კი ეკუთვნოდა ირაკლი შიხიაშვილს. მას შემდეგ, რაც მერიამ არ დააკმაყოფილა მათი განცხადება, ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პერსონალს უნდა დაეტოვებინა შენობა. დიახ, ეს იყო შიხიაშვილის პირდაპირი მოთხოვნა. იგი გვთავაზობდა, რომ იმ 800 ათასი ლარით, რაც ჰოსპიტალს სახელმწიფოსგან ჰქონდა გამოყოფილი, მენეჯმენტს ექირავებინა სხვა შენობა“, - აცხადებს ვახტანგ მაჭავარიანი.
მთავარი კი ისაა, რომ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია უკვე, ალტერნატიულ ფართსაც არავინ სთავაზობს. მაჭავარიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე დარჩა, მედპერსონალი შენობის დატოვებას არ აპირებს და ისინი ფართომასშტაბიანაქციებ გეგმავენ.
„უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას. ჩვენ ამ ჰოსპიტალს არ დავთმობთ, ეს გამორიცხულია. კარგად დავანახებთ რეალურად რა ძალა ვართ ვეტერანები. ვერ ნახავთ ვერც ერთ ვეტერანს, რომელიც იტყვის, რომ თანახმაა ჰოსპიტლის დახურვაზე. მიზეზი თითიდან გამოწოვილია. შენობა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ჩვენი ბრალია? - ვეხვეწებოდით, რომ თანხა გამოეყოთ, მაგრამ არ გააკეთეს. ბატონი შიხიაშვილი როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მაშინ სამი მილიონი ლარი გამოყო ვეტერანთა ჰოსპიტლის სარეაბილიტაციოდ, მაგრამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, მისივე ხელმძღვანელობით, ეს თანხები უკან წაიღეს. ეს აფიორა ვისი ბრალი იყო, ჩვენი თუ მათი? ჩვენ არ დავთმობთ ამ ჰოსპიტალს, ეს გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაჭავარიანი.
ირაკლი შიხიაშვილის ინტერესზე საუბრობს, სამკურნალო დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე, მანანა ვერულაშვილი, რომლის განცხადებით, შიხიაშვილი ჰოსპიტალის დახურვით პირადად არის დაინტერესებული.
„წლიურად ჩვენთვის გამოყოფილია 800 ათასი ლარი, აქედან უნდა მოხდეს როგორც ექიმთა დაფინანსება, ასევე - კვება, მედიკამენტების შეძენა, გახარჯული ელექტროენერგიის გადახდა და ა.შ. ჰოსპიტალის ექიმის ხელფასი 140-150 ლარია, ექთნის - 100 ლარი. აი, ასე ვმუშაობთ ამდენი წელია. იმდენად ამოიჩემა ჩვენი ჰოსპიტალი შიხიაშვილმა, რომ საბოლოოდ დახურვა მოგვინდომა. რაც ვეტერანთა დეპარტამენტში მოვიდა, მას შემდეგ გვებრძვის, გამწარებული ებრძვის ჩვენს დირექტორს, პროფესორ გიორგი მაცაბერიძეს.
ვეტერანებმა როდესაც გაიგეს, რომ ჰოსპიტალი იხურება, ამას მოჰყვა პროტესტი. ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ ჩვენ არ გხურავთო, მაგრამ შიხიაშვილის მოადგილემ ჯანრი უბირიამ მოგვწერა წერილი - „ჰოსპიტალის დახურვის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ფინანსებს ვერ მოგცემთ“-ო. ეს რას ნიშნავს? საუბარია იმაზე, რომ ეს შენობა ტერიოტორიუალად კარგ ადგილზე მდებარეობს და ეს ადგილი აინტერესებთ. შიხიაშვილი ყველანაირად იბრძვის იმისთვის, რომ წავიდეთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ერთი წუთით არ ვაპირებთ ამ შენობის დატოვებას“, - ამბობს მანანა ვერულაშვილი.
მისივე თქმით, ვეტერანებს მხარდაჭერას უცხადებენ გენერალთა კლუბის წარმომადგენლები და შეხვედრას გეგმავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
„ჩვენთან ერთად იბრძვიან გენერლები - დავით თევზაძე, აკია ბარბაქაძე. უნდათ, რომ ვეტერანების შეხვედრა მოაწყონ პრემიერ-მინისტრთან. 155 თანამშრომელი ასე უნდა დაგვტოვონ ქუჩაში? არჩევნების წინ აწყობთ ვეტერანების განაწყენება? ერთი წუთით არ გადავდგამთ უკან ნაბიჯს. 80 კაცზეა გათვლილი სტაციონარი და უფასო მომსახურება აქვთ ვეტერანებს. შიხიაშვილი ყველანიარად ცდილობს, რომ დაგვხუროს.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კოკა ფრუძეს გაუხსნეს სამედიცინო ცენტრი, შიხიაშვილი მასთან აგზავნის ამ ხალხს ფასიან გამოკვლევებზე და თვითონ უხდის ფულს, მაშინ, როდესაც ჩვენ წლებია უფასოდ ვემსახურებით ვეტერანებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა ვერულაშვილმა.
ბრალდებას უარყოფს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი, რომლის განცხადებით, ვეტერანთა ჰოსპიტალს ის ვერც დახურავს და ვერც გახსნის. როგორც შიხიაშვილი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი ვეტერანი და არა რომელიმე შენობის გარემონტება.
„იმ შენობაში ვუმკურნალებ ვეტერანს, სადაც მას საუკეთესო მომსახურეობას გაუწევენ. ჩემი მიზანი ამაში მდგომარებს. ის, რომ ფაქტების და შესაძლებლობების მარგინალიზაციას ახდენენ, ეს არის მათი ან უცოდინარობა, ან შეგნებული ავანტურისტული ქმედება. მე ვარ ვეტერანთა სამსახურის დირექტორი, ჩემს უფლება-მოსილებაშია ამ ადამიანებს სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გავუწიო დახმარება. ამ ჰოსპიტალთან დაკავშირებით არსებობს დასკვნა, რომ შენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და როგორ შეიძლება შიგნით ჰოსპიტალი იყოს განთავსებული?!“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
მისივე თქმით, ვეტერანები მკურნალობას გაივლიან იმ საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში, რასაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს.
„ჩვენ გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისია, როდესაც ვეტერანი მოგვმათავს კალკულაციით, ჩვენ ვუფინანსებთ მათ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, რომელსაც ეს ჰოსპიტალი ვერ სთავაზობს. ვაფინანსებთ ყველანაირ ანალიზს, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა ვერ აფინანსებს. მაქსიმალური აქცენტი გადაგვაქვს პრევენციაზე, რომ წელიწადში ერთხელ, ვეტერანმა გაიაროს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა.
იქნებ ნახოთ, რა ხდება იმ შენობაში, 30 კილოიანი აგურების შეკვრა ცვივა ჭერიდან, თითქმის არც ერთი ფანჯარა არ იკეტება ნორმალურად, გათბობა ხდება ელექტროენერგიის ხარჯზე, წყალი გასდის ყველა მილს, საშინელი სუნი დგას, არც ერთი პარამეტრით დაცული არ არის ჰიგიენა. ჰოსპიტალს არ აქვს საქმიანობის ლიცენზია. ჰკითხეთ გიორგი მაცაბერიძეს თუ ასე არ არის. ჩემი მიზანია ჯანმრთელი ვეტერანი, მაგათი მიზანია მკვდრის გაცოცხლება და მე მკვდარს ვერ ვაცოცხლებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი შიხიაშვილმა.
ვეტერანთა ჰოსპიტალის გარშემო შექმნილ ვითარებას თავად ვეტერანებისგან მოისმენს პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბრაბაქაძე. მისივე თქმით, ეს შეხვედრა დაგეგმილია, თუმცა აქვე ამბობს, რომ საკითხი საკმაოდ რთულია.
„საკმაოდ სენსიტიური საკითხია. შიხიაშვილს სურვილიც რომ ჰქონდეს, ვერაფერს გააკეთებს იქედან გამომდინარე, რომ ეს არის სახელმწიფო შპს და მასთან ხელი არანაირად არ მიუწვდება ვეტერანთა დეპარტამენტს. დაბარებული მყავს ეს ხალხი, უნდა გავერკვიოთ რა ხდება და რაშია პრობლემა. ღმერთმა დაგვიფაროს და უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, არავინ არ არის პასუხისმგებელი. ასე მარტივად არ არის საქმე, ეს არის ავარიული შენობა, რომელიც დიდი ხანია ამორტიზებულია და ჯანდაცვის სამინისტრო იძულებულია ამ კუთხით წავიდეს. საკმაოდ რთული საკითხია, ამიტომ აუცილებელია საკითხის დეტალურად შესწავლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.
ჰოსპიტალთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დაპირისპირებული მხარეები, რთული სათქმელია. ვეტერანების მკურნალობისთვის, შესაძლოა, ალტერნატიული გადაწყვეტილებაც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე, თვალშისაცემია, რომ ჰოსპიტალის მედპერსონალი ქუჩაში რჩება და სად დასაქმდება ეს ხალხი, ამაზე პასუხი არ არსებობს.