„ვის ატყუებენ? - მხოლოდ ეკონომიის ფარგლებში შეიძლება დანამატების დაწესება“

„ვის ატყუებენ? - მხოლოდ ეკონომიის ფარგლებში შეიძლება დანამატების დაწესება“

„კანონი რომ კანონობდეს, მერ ნარმანიასა და სხვა ხელმძღვანელთა მიერ უკანონო დანამატების შემოღება თანამდებობრივ დანაშაულად შეფასდებოდა და ბიუჯეტის გაფლანგვისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისგება არ ასცდებოდათ“,-აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.

საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად (37- მუხლის მე-2 პუნქტი), დანამატების შემოღება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს და მხოლოდ და მხოლოდ წლიურ სახელფასო ფონდში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში. რას იტყვით ჩვენს ქვეყანაში ამ ნორმის ტოტალურად დარღვევის შესახებ?

- რომელ წესრიგსა და სამართლიანობაზე შეიძლება საუბარი, როცა მთავრობა, მინისტრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ კანონის ეს კონკრეტული ნორმა მათ არ ეხებათ. ზოგადადაც, ეს ბობოლა მდაბიოები ფიქრობენ, რომ კანონი „უბირი“ ხალხისთვის იწერება და არა მათთვის, ბობოლებისათვის. სახელფასო ფონდში წლის განმავლობაში ეკონომია რომ წარმოიშობა, მხოლოდ იმის ფარგლებში შეიძლება დანამატების დაწესება. ეკონომია კი იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუკი შტატებს ან ხელფასებს შეამცირებ. სხვანარად გამორიცხულია. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში მტკიცდება სახელფასო ფონდი, ბიუჯეტს რომ მიიღებენ, საშტატო ნუსხაც დამტკიცებულია და თანამდებობრივი სარგოებიც. ვიმეორებ, თუ დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანამშრომლები შემცირდება, ან კიდევ, ხელფასები შემცირდება წლის განმავლობაში, ამ ეკონომიიდან ფული შეიძლება გადაანაწილონ იმისდა მიხედვით, თუ ვის აქვს მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა, ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დავალება. თანაც, ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელმა და არა- ადგილობრივი თვითმმართველობის პირმა.

თქვენი აზრით, მერიაში რაც დანამატებია, მთლიანად კანონსაწინააღმდეგო და ფულის გაფლანგვაა?

- ნარმანიამ რაც გააკეთა 2013 წლის ბოლოს, ეს იყო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, 37-ე მუხლის დარღვევა. ნარმანია არ არის სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, მას საერთოდ არ აქვს უფლება, დანამატები შემოიღოს. საჯარო სამსახურის კანონით, არსებობს სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულება. მუნიციპალური დაწესებულების ხელმძღვანელს საერთოდ არ აქვს დანამატების შემოღების უფლება.

ამ მხრივ რა ხდება ჩვენს სამინისტროებში, კანონდარღევა რამდენად პრობლემატურია?

-რასაკვირველია, კანონი აქაც ირღვევა. ჩვენი კანონმდებლობა დანამატს მხოლოდ და მხოლოდ საკლასო ჩინისათვის ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენთან საკლასო ჩინი არ არის მინიჭებული და ეს არ მოქმედებს. მართალია, სხვა დანამატის შემოღება შეუძლია დაწესებულების ხელმძღვანელს, მაგრამ ესეც ეკონომიის ფარგლებში.

და არა ბიუჯეტდან წაღებული ნხები?

- ეს არის კანონდარღვევა, რომ პირდაპირ ხელფასზე დანამატს იღებენ. ეს ჩვეულებრივი ხაზინის ქურდობაა.

თქვენი კლასიფიკაციით, ეს პატრიმონიალურ საზოგადოების ქცევის წესია, რომელიც სოციოლოგიის მამად წოდებული, გერმანელი მეცნიერის- მაქს ვებერის მიერ დამკვიდრებული ტერმინია.

- ვებერის განსაზღვრებით, პატრიმონიალური ბიუროკრატია იმ ბიუროკრატიის ტიპია, რომელიც ეფუძნება პირადი ერთგულების პრინციპს და არა რაციონალურ ურთიერთობებს. ზუსტად ამ სისტემის ბიუროკრატია გვყავს ჩვენ, პატრიმონიალური ყაიდის. თანამდებობრივი სარგო უკვე განსაზღვრულია. თუ ეს ხელფასი არ მოსწონთ, მაშინ გაზარდონ. თორემ თანამდებობრივი სარგო, ცხადია, იმდენი არ არის. ამ დროს ერთი იმდენი კიდევ დანამატია. ვის ატყუებენ. ეს არის კანონის განსაკუთრებულად უხეში დარღვევა.

ჩინოვნიკები ამბობენ, რომ პრემია-დანამატების გარეშე პროფესიონალ მუშკებს ვერ შეინარჩუნებენ.

- მაშინ თანამდებობრივი სარგო ასწიონ. თქვან, რომ ამა და ამ თანამდებობაზე ხელფასი არის მაღალი და არა- ნაკლები, რაც ახლაა. რატომ აკეთებენ, იცით, ამას? დანამატი არის ერთჯერადი გადაწყვეტილება და, როცა უნდათ, მოუხსნიან. თანამდებობრივ სარგოს კი ვერ შეცვლიან. ამიტომ ეს მუშაკი მუდმივად ხელში უჭირავთ. ეს არის ჯილდო და საზღაური. პირად ერთგულებას თუ გამოიჩენ, პირადად მოემსახურები უფროსს, ის წყალობას გაიღებს და დანამატს დაგინიშნავს. ამას ინარჩუნებენ და, არც ერთ შემთხვევაში, არ შეელევიან. ახლა საარჩევნო წელია და რაციონალურ სისტემაზე გადასვლას, ცხადია, არ შეეცდებიან. თანაც, ახლა ახალი კანონი მიიღეს საჯარო სამსახურთან დაკავშირებით, ეს კანონი გაცილებით უკეთესია, მაგრამ მისი ამოქმედება 2017 წლისთვის გადადეს, რადგან ფიქრობენ, არჩევნებს რომ მოვიგებთ, იქნებ, რაღაც შევცვალოთო. მანამდე ამის შეცვლა არ აწყობთ, არჩევნები აქვთ მოსაგები და პირად ერთგულთა არმია უნდა ჰყავდეთ. ანუ იმავეს აკეთებენ, რასაც სააკაშვილი, ოღონდ- გაცილებით ცუდად.