დიდი მთავარი დიმიტრი პავლეს ძე – ოლიმპიადა 1912
ერთ-ერთი პირველი მონარქი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში, იყო დიდი თავადი დიმიტრი რომანოვი – ალექსანდრე მეორის შვილიშვილი და ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი. ბავშვობაში სუსტი და ხშირად ავადმყოფი დიმიტრი პავლეს ძე, რომელიც სამხედრო სამსახურში მსახურობდა, 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილის რანგში ჩავიდა. თავადი ცხენოსნობაში იღებდა მონაწილეობას ჯერ ინდივიდუალურ კონკურსში, შემდგომ კი – გუნდურ შეჯიბრში და კნიაზმა საერთო ჩათვლაში მეცხრე ადგილი დაიკავა – მას კიდევ ერთი მონარქიული ოჯახის წარმომადგენელმა, პრუსიის პრინცმა ფრიდრიჰ კარლმა გაუსწრო, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სტოკჰოლმის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შემდეგ თავადი დიმიტრი პავლეს ძე მეფის რუსეთში ოლიმპიური მოძრაობის სულისჩამდგმელი გახდა.
ნორვეგიის მეფე ოლაფ მეხუთე – ოლიმპიადა 1928
დიდ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მეოცე საუკუნეში ნორვეგიელი მონარქების ერთგვარ ტრადიციად იქცა. მეფე ოლაფ მეხუთემ, ჯერ კიდევ კრონ-პრინცობის პერიოდში, მონაწილეობა მიიღო 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ამსტერდამში. აფროსნობაში მან საკუთარი იახტით („ნორმა”) მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა და ყველა კონკურენტს გაუსწრო, რისთვისაც ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის სიყვარული ოლაფმა თავის შვილს, ნორვეგიის ამჟამინდელ მეფე ჰერალდ მეხუთესაც ჩაუნერგა, რომელიც, მამის მსგავსად, იახტსმენი გახდა და მონაწილეობა სამ ოლიმპიადაში მიიღო. 1964 წელს ის ნორვეგიის მედროშეც კი იყო, თუმცა, მერვე ადგილზე უკეთესი შედეგი არ უჩვენებია.
საბერძნეთის მეფე კონსტანტინე მეორე – ოლიმპიადა 1960
1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებზე საბერძნეთის მომავალმა მეფემ, კრონ-პრინცმა კონსტანტინემ, აფროსნობაში მიიღო მონაწილეობა და „დრაკონის” კლასში ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. 20 წლის მომავალი მონარქი ოლიმპიადაზე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რომ კონსტანტინე მეორის ეკიპაჟის წევრი გახლდათ ესპანეთის ამჟამინდელი დედოფალი სოფია – კონსტანტინეს უმცროსი და. კონსტანტინე საბერძნეთის უკანასკნელი მეფე გახლდათ, რადგან, 1974 წელს ქვეყანაში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა.
ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი – ოლიმპიადა 1972
2012 წელს გემთმშენებელმა ვერფმა, „ვარადორ 2000-მა“, რესტავრირებული იახტა „ფორტუნა” წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას. ამ იახტით მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა ესპანელი მონარქი ხუან კარლოსი. მეფემ მაშინ ვერ აჩვენა კარგი შედეგი და ოლიმპიადიდან უმედლოდ დაბრუნდა სახლში. საინტერესოა, რომ ოლიმპიურ თამაშებში ესპანური მონარქიული ოჯახის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა: 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებში ხუან კარლოსის ქალიშვილი, პრინცესა კრისტინა იღებდა მონაწილეობას და აფროსნობაში გუნდურ ჩათვლაში მე-20 ადგილი დაიკავა; გაცილებით წარმატებული გამოდგა პრინცი ფილიპის გამოსვლა მშობლიურ, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე, სადაც მან მე-6 ადგილი დაიკავა. ესპანური სამეფო ოჯახის ერთადერთი მედალოსანი წარმომადგენელი ხუან კარლოსის სიძე, ხელბურთელი ინიაკი ურდანგარინია.
ინგლისის პრინცესა ანა – ოლიმპიადა 1976
საბერძნეთიდან დიდ ბრიტანეთში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანის საპატიო მისია დედოფალ ელიზაბეთ მეორის ქალიშვილს, პრინცესა ანას ხვდა წილად, რადგან იგი იმ დროისთვის სამეფო ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი გამოდგა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოლიმპიურ თამაშებში – მონრეალის 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში პრინცესა ანა ცხენოსნობაში მონაწილეობდა, სადაც 24-ე ადგილი დაიკავა. 1994 წლამდე ანა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ოლიმპიური ტრადიცია სამეფო ოჯახში ანას ქალიშვილმა, ზარა ფილიპსმა განაგრძო, რომელმაც დედაზე გაცილებით წარმატებულად იასპარეზა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში და საცხენოსნო სპორტში ვერცხლის მედალოსანი გახდა.
მონაკოს მთავარი ალბერ მეორე – 1988, 1992, 1994, 1998 და 2002 წლების ოლიმპიადები
მონაკოს დიდი მთავარი ალბერ მეორე რეკორდსმენია მონარქებს შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თვალსაზრისით. რენიე მესამისა და გრეის კელის ერთადერთი ვაჟი ბავშვობიდან იყო ჩართული სპორტში. შავი ქამარი ძიუდოში, ჩრდილოეთ პოლუსის დაპყრობა და რალი „პარიზი-დაკარში“ მონაწილეობის მიღება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ალბერ მეორემ ხუთ ზამთრის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, კალგარიში, ალბერვილში, ლილეჰამერში, ნაგანოსა და სოლთ-ლეიკ-სიტიში. დიდი მთავარი ბობსლეის შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას და მისი უმაღლესი შედეგი 24-ე პოზიციის დაკავება იყო. ცნობისთვის, ალბერ მეორის მეუღლე, სამხრეთაფრიკელი მოცურავე შარლინ უიტსტოკი, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილს დასჯერდა