„დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით“, - ამ სათაურით „ისლამური სახელმწიფოს“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში. აუდიოფაილი 28 წუთიანია. ალ-ბაღდადის სახელით აუდიომიმართვის არაბულენოვანი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ამავე მიმართვაში ე.წ. „ხალიფა“ მოუწოდებს ყველა მუსლიმანს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდნენ.
„ეს არის ბრძოლა, რომელიც ეხება ყველა მუსლიმანს. ყველამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მასში მისი რელიგიის დაცვისთვის, ცხოვრებისთვის, ქონებისთვის, ნამუსისთვის და მისი ღირსებისთვის. მიიღეთ მონაწილეობა თქვენს ბრძოლაში. დაესხით თავს, არ დასუსტდეთ და არ დაღონდეთ“, - ნათქვამია აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვაში.
for.ge-სთან საუბრისას კავკასიოლოგი, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ რადგან საქართველოში არსებობენ პირები, რომლებიც იზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, ე.ი. საფრთხე არსებობს. მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში შეზღუდული რესურსები აქვთ, არ აქვთ მხარდაჭერის ისეთი ბაზა, როგორიც საფრანგეთში. თუმცა, აუცილებელია პრევენციული ღონისძიება, რომ ასეთი ბაზა არ გაჩნდეს საქართველოში.
„დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით“, – ამ შინაარსის არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმაის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი. ბატონო ალეკო, ეს უკვე ადასტურებს, რომ საფრთხე საქართველოს შემთხვევაშიც რეალურია?
ალეკო კვახაძე: ასეთი სახის მიმართვები პირველად არ კეთდება და ამაში ახალი არაფერი არ არის. ისინი ყველა მიმართვებში მოუწოდებენ მუსლიმურ სამყაროს, რომ გაერთიანდნენ, რათა შეუერთდნენ მათ ბრძოლას და დაიჯერონ მათი რადიკალური იდეები. რაც შეეხება იმას, რომ მიმართვა ქართულ ენაზე გაჩნდა, ეს გასაკვირი არ არის. რადგან საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სირიაში, მათ იციან ქართული და შესაბამისად, ეს მიმართვა ითარგმნა ქართულად და არა მარტო ქართულად, არამედ იმ ენებზე, სადაც არიან მუსლიმები. რაც შეეხება საფრთხეებს, ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ არ უნდა გადავაჭარბოთ „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობას. „ისლამურ სახელმწიფოს“ არც ისე დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ და წარმოადგენენ თავიანთ განცხადებაში.
თუკი საფრთხეს წარმოადგენენ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, საქართველო რატომ არის გამონაკლისი?
- სხვადასხვა სახის საფრთხეები არსებობს, ისეთი დონის საფრთხე, როგორიც მაგალითად ოკუპაციაა, ისინი ვერ შეგვიქმნიან. იმიტომ, რომ არც ამის შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა. თეორიულად შესაძლებელია, რომ განახორციელონ სხვადსხვა სახის დივერსიები, თუნდაც უცხოური მისიების წინააღმდეგ. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ეს ნაკლებად სავარაუდოა. საქართველო არ არის ისლამისტების უმთავრესი პრიორიტეტი, დღეს მათი მთავარი პრიორიტეტი არის შიდა ბრძოლა. მაშინ, როდესაც ერაყის ჯარმა ისლამისტების ერთ-ერთი სტრატეგიული ქალაქი, რამაადი აიღო, ახლა მთელი „ისლამური სახელმწიფოს“ მანქანა გადართულია შიდა ბრძოლებში. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს მიმართულებით რამე გააკეთონ და მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციის ყველაზე აქტიური წევრები ან დაკავებული არიან, ან წასული არიან სირიაში და ერაყში.
თქვენ ამბობთ, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვადსხვა სახის დივერსიები განახორციელონ თუნდაც უცხოური მისიების წინააღმდეგ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების კუთხით რა პრევენციული ზომებია ამ შემთხვევაში გასატარებელი?
- მთავარი არ არის, რამხელა დაცვას დააყენებ საელჩოსთან, ან რამხელა ბარიერს დააყენებ, არამედ ის, რომ პრევენცია გააკეთონ ასეთი მოქმედების. ქართულმა სპეცსამსახურებმა პრევენციული ზომები უნდა გაატარონ, მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ძალიან ადვილი დასადგენია სირიაში მყოფი ქართულენოვანი ადამიანების კონტაქტები საქართველოში. უნდა დადგინდეს ვისთან და რა სახის კონტაქტი აქვთ, რა დავალებებს იძლევენ, თუკი ასეთ რამეს აქვს ადგილი.
თუკი მოხდება ამ პირების კონტროლი, ასევე ეფექტურად მოხდება ყველა კომუნიკაციების და სხვადასხვა წყაროების, ასევე დაფინანსების გადაკეტვა, ასეთ შემთხვევაში, რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა. ასევე, უნდა გაკონტროლდეს რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოქალაქეების საზღვარზე შემოსვლა, როგორიც არის ერაყი, სირია და მათი მეზობელი ქვეყნები. უნდა მოხდეს თანამშრომლობა იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რომლებიც დღეს ებვრძვიან „ისლამურ სახელემწიფოს“.
პირველ რიგში, ეს არის ერაყის მთავარობა, ლიბანი, იორდანია, საუდის არაბეთი - ეს ქვეყნები პირდაპირ ბრძოლის ველზე არიან და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი ოპერატიული ინფორმაცია ამ ქვეყნებს აქვთ. ასევე არის თურქეთი, რომელიც ზარალდება ამ „ისლამური სახელემწიფისგან“. სწორედ ამ ქვეყნების სპეცსასამხურებთან თანამშრომლობა არის აუცილებელი, რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარება, რათა საქართველოში არ მოხდეს არასასურველი პირების შემოსვლა.
„ღირსებისთვის ბრძოლაში უნდა მივიღოთ მონაწილება“ - ეს გზავნილი ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და რა დატვირთვა აქვს ამ ფრაზას?
- გავერთიანდეთ - ეს მიმართვა ეკუთვნის მთლიან მუსლიმურ სამყაროს. ვინც იზიარებს „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, იმას არ სჭირდება მიმართვა. მაგრამ, როდესაც გზავნილი არის - გავერთიანდეთ და ჩავერთოთ ბრძოლაში, აქ უკვე მთლიან მუსლიმური სამყაროს მხარდაჭერას ითხოვს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და ამიტომაც გააკეთა ეს მიმართვა.
„ისლამური სახელმწიფოსგან“ საფრთხე რამდენად უახლოვდება საქართველოს?
- რადგან არსებობენ პირები, რომლებიც იზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, ე.ი. საფრთხე არსებობს, მაგრამ არ უნდა გადავაჭარბოთ ამ საფრთხეს და ამ ორგანიზაციის ძალას. იმიტომ, რომ შეზღუდული რესურსები აქვთ საქართველოში, არ აქვთ იმის საშუალება, რომ იგივე ქმედება განახორციელონ, რაც საფრანგეთში. მხარდაჭერთა ისეთი ბაზა, როგორიც საფრანგეთში აქვთ, საქართველოში არ არსეობს, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ღონისძიება, რომ ეს ბაზა არ გაჩნდეს საქართველოში.
გამომდინარე იქიდან, რომ ისლამისტები ქართულენოვან მიმართვას ავრცელებენ, შეიძლება ითქვას, რომ ვილაიეთი გურჯისტანი არსებობს?
- ჯერჯერობით „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველო ცალკე, როგორც ადმინისტრაციული ერთეული გამოცხადებული არ აქვს. საქართველოს ტერიტორია და ზოგადად, სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ტერიტორია კავკასიის ველაიეთში შედის.