პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დედაქალაქში მშენებლობების კუთხით ქაოტური მდგომარეობაა. ამდენად, მინისტრთა კაბინეტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს ახალ კოდექსს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობების პროცესი დარეგულირდება მანამდე, სანამ თბილისის მერია დედაქალაქის გენერალურ გეგმას არ წარმოადგენს.
„რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს მშენებლობის სექტორში. ეს არის ქაოტური მდგომარეობა კოეფიციენტების კუთხით, გენგეგმების კუთხით. მანამდე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ყიდვის კოეფიციენტები უნდა შევამციროთ და ეს გადაწყვეტილება მერიაში იქნება მისაღები, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მაღალსართულიანი სახლები არ შენდებოდეს კერძო დასახლებაში და ერთ მშვენიერ დღესაც კორპუსის ქვეშ არ აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელმაც კერძო სახლი შეიძინა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პირადად მიადევნებს თვალს თბილისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციას, რადგან ძველი თბილისი მისთვის უმნიშვნელოვანესია და ძველი შენობები მომავალ თაობებს იმ სახით უნდა შემოვუნახოთ, რა სახითაც შემოგვინახეს წინა თაობებმა.
არქიტექტორი ვახტანგ დავითაია გიორგი კვირიკაშვილის სწორ პოზიციას მიესალმება, მაგრამ For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ენთუზიაზმი ძნელად განსახორციელებელია და პრემიერ- მინისტრი უამრავ სფეროს ვერ გააკონტროლებს. ამიტომ ეს პრობლემა ინსტიტუციური მოწყობით უნდა გადაწყდეს.
„კომუნისტები გიჟები კი არ იყვნენ, რომ 400-კაციანი მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტრო ჰქონდათ. ყველაფერს ეს სამინისტრო განაგებდა, ჩვენ მათ ვუჯერებდით. არ მინდა, ერთმანეთში ავურიოთ კომუნისტების უსახური არქიტექტურა, ხრუშჩოვიზმი, მიკრორაიონები, კვარტალები, ეს იყო უმწვავესი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება, თორემ უსახური არქიტექტურა საბჭოთა ხელისუფლების მიზანი არ ყოფილა. კარგად მახსოვს, იმ პროექტების განხილვისას ყოველ კვადრატულ მეტრზე, ყოველ მანეთზე იყო ბრძოლა, რომ შენობა იაფი დამჯდარიყო. ქალაქგეგმარებითი, ურბანული დისციპლინა არსებობდა, შენდებოდა პროექტების მიხედვით და გადახვევები არ შეიძლებოდა, რადგან ამას ჰყავდა მეთვალყურე. ახლა კი 400-კაციანი სამინისტროს საქმე დავალებული აქვს იმავე კვირიკაშვილის ყოფილი სამინისტროს 10-15 კაცს, ეს აბსურდია, სასაცილოა.
ბატონმა კვირიკაშვილმა უნდა დაიწყოს ინსტიტუციური მოწყობიდან და, თუ არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს დაფინანსება ჩვენ არ შეგვიძლია, ამ სფეროში ძლიერი დეპარტამენტი მაინც უნდა გვყავდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ის უფრო ახლოსაა ამ საქმესთან, ვიდრე ეკონომიკის სამინისტრო.
გარდა ამისა, კანონი არ არსებობს, ამიტომ სარგებლობენ ჩვენი ე.წ. ინვესტორები, ეს კუჭისტები. ნატამალი მოქალაქეობრიობისა არ გააჩნიათ. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბიზნესიდან აუცილებლად 100%-იანი მოგება უნდა მიიღონ, სხვანაირად თურმე ბიზნესი არ არსებობს. მშენებლობებშიც ძალზე მაღალ მოგებაზეა საუბარი, იმიტომ ხდება „სასწაულები“, წარმოუდგენელი სიმაღლისკენ ლტოლვა, სიმჭიდროვე, ინფრასტრუქტურა მაშინვე გამოდის მწყობრიდან. ინვესტორი პატარა ტერიტორიას იყიდის, სადღაც უკვე ჩამოყალიბებულ რაიონში, იქნება ეს საბურთალო, დიღომი, სადაც ელექტროობა, ქსელები მიყვანილია და საქმეს იიოლებს. მათ არ სურთ, აითვისონ სხვა ტერიტორიები“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია.
ამასთან, უსახურობის და თავხედობის ნიმუშად მიიჩნევს იმელის უკან წამოჭიმულ მაღალ შენობას. არადა, იმელის შენობის გაფართოების უბრწყინვალესი გეგმა არსებობდა, რომელიც ინგლისელ არქიტექტორს ეკუთვნოდა. ეს პროექტი ბანერზეც იყო გამოფენილი და ამის შემხედვარე ვახტანგ დავითიამ მოწონების იმეილიც გაუგზავნა უცხოელ არქიტექტორს, ამცნო, რომ მოსწონდა თავდაჭერილი, ზომიერი არქიტექტურული კონტექსტით შესრულებული პროექტი, მაგრამ „ისევ „კუჭისტებმა“ იმძლავრეს და ის პროექტი მოისროლეს“.
„ნუ გვექნება იმედი, რომ არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაზე იზრუნებს ინვესტორი, ეს აბსურდია, მას აინტერესებს მხოლოდ ფული. არა მხოლოდ მერიის არქიტექტურის სამსახურის, არამედ უპირველესად თვით ინვესტორების მორალისა და ეთიკის საკითხი უნდა დადგეს. თუ ფულს მისცემენ ჩინოვნიკს, თავისუფლდებიან კანონებისგან. ეს საკითხი ასე მწვავედ არავის დაუყენებია. მე მოვითხოვ, უკლებლივ ყველა ინვესტორი ამ კუთხით განისაჯოს. დოკუმენტაცია არსებობს და, თუ პროკურატურა დაინტერესდება, მერიის არქიტექტურის სამსახურში გაარკვევევს, ვინ დაწერა რეცენზია, ვინ გაუხსნა გზა, ვინ დაამტკიცა ცალკეული პროექტი. უგულავას დროს იყო შემოღებული ე.წ. კოეფიციენტების ყიდვის კანონი. მანამდე ისტორიულ უბნებში კანონი კრძალავდა მაღლივ შენობებს, შენობა ნორმით უნდა ყოფილიყო 4-5 ან 6-სართულიანი. ამ დროს ფულით ყიდულობდნენ კოეფიციენტს. ეს იგივეა, კაცი მოკლათ და ფულის გადახდით გამოისყიდოთ.
სამართლიანობის აღდგენამ ჯერჯერობით არქიტექტურამდე ვერ მიაღწია. ვინც მერაბ ბერძენიშვილის უბრწყინვალესი მემორიალი ააფეთქა, ან დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანა დიღომში და ჩადგა მტვერსა და ნაგავში, ისინი არ უნდა დაისაჯონ?!“
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშილის განცხადება არაკომპენტენტური წინასაარჩევნო დაპირებაა და მეტი არაფერი.
„მაღალსართულიანს რომ ამბობს ბატონი პრემიერი, რას ჰქვია მაღალი სართული? ეს არის გასარკვევი, თორემ კოეფიციენტების გაყიდვა ისევ არ იკრძალება. ეს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაა და ამაში პრემიერ-მინისტრს ჩარევა არ უნდა შეეძლოს. მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს ეს და გააუქმოს, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. თუ მაგათ საქმის გაკეთება უნდოდათ, აქამდეც გააკეთებდნენ. 2015 წლის ბოლოს გახდა ქალაქი ქაოტური? ახლა გახდა მათთვის ნათელი, რომ საქართველოში მშენებლობაში ქაოსია? თუნდაც იმელის შენობის უკან მაღლივი შენობა რომ წამოჭიმეს, ეს დანაშაულია, ეს დაცული ზონა უნდა ყოფილიყო, ეს არის ძველი ქალაქი და სწორედ ამ ახალ მაღლივი შენობის აშენებას იცავდა ბატონი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის დროს. ის ყველანაირად გვიმტკიცებდა, წინა ხელისუფლებამ ასეთი ხელშეკრულება დადო და ჩვენ ვერაფერს ვიზამთო. არადა, როცა უნდათ, ყველაფერს ცვლიან. ბოლოს და ბოლოს, ამ მაღლივი შენობის დაწყების საშუალებას არ მისცემდნენ ინვესტორს, გაუცვლიდნენ სხვა ტერიტორიაში. იმავე ქუმსიშვილმა გვითხრა, ამ მშენებლობის შეწყვეტა როგორ შეიძლება, იცით, რამდენი ფული შემოდის ხაზინაში მშენებლობიდანო? არადა, ასეთი მშენებლობა ჩვენს სამშობლოს ათახსირებს და გამოდის, რომ გათახსირებაში ფულს იღებს ხელისუფლება“.