„ოქროს ბურთის” გარეშე დარჩენილი ვარსკვლავები

„ოქროს ბურთის” გარეშე დარჩენილი ვარსკვლავები

რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

მცველები იშვიათად იღებენ აღნიშნულ ჯილდოს, თუმცა, რობერტო კარლოსი ნამდვილი მოვლენა იყო ფეხბურთში და, რომ არა მისი თანამემამულე რონალდო, 2002 წელს ის აუცილებლად მიიღებდა „ოქროს ბურთს”. გამოკითხვაში მან სულ რამდენიმე ხმით ნაკლები მიიღო.

კენი დალგლიში (შოტლანდია)

1970-80-იანი წლების ლეგენდარული „ლივერპულის” ლიდერი კენი დალგლიში 1983 წელს იყო ჯილდოს კანდიდატი. იმ წელს იგი ინგლისის ჩემპიონი გახდა, თუმცა, მიშელ პლატინიმ მას არ აცალა მწვერვალზე ასვლა – სწორედ „უეფას” ამჟამინდელმა შერისხულმა პრეზიდენტმა დატოვა შოტლანიდური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯილდოს გარეშე.

იურგენ კლინსმანი (გერმანია)

1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, გერმანელი იურგენ კლინსმანი, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია ისტორიაში, თუმცა, ის მაინც მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გარეშე გამოეთხოვა ფეხბურთს. 1995 წელს იურგენმა საოცარი სეზონი ჩაატარა ინგლისურ „ტოტენჰემში” და სწორედ იგი ითვლებოდა გამარჯვების კანდიდატად, თუმცა, იმ წელს გამოკითხვაში კლინსმანი ლიბერიელ ჯორჯ ვეასთან დამარცხდა 36 ხმით.

დინო ძოფი (იტალია)

ერთადერთი მეკარე, რომელსაც მიღებული აქვს „ოქროს ბურთი,” მოსკოვის „დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდა ლევ იაშინია. იტალიელი დინო ძოფიც ითვლებოდა რეალურ კანდიდატად, როდესაც 1973 წელს ფენომენალური სეზონი ჩაატარა „იუვენტუსთან” ერთად, თუმცა, გამოკითხვაში მას ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა აჯობა.

დენის ბერხკამპი (ჰოლანდია)

1990-იანი წლების ჰოლანდიური ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავი და ლონდონის „არსენალის” ლიდერი, დენის ბერხკამპი, მრავალჯერ სახელდებოდა „ოქროს ბურთის” კანდიდატად, თუმცა, კარიერა ისე დაასრულა, რომ ერთხელაც ვერ მიიღო სანუკვარი ჯილდო. ბერხკამპს ფეხბურთის მკვლევრები ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და უზადო ტექნიკის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევენ

ფერენც პუშკაში (უნგრეთი)

უნგრელი ლეგენდა ფერენც პუშკაში, შესაძლოა, გამხდარიყო კიდეც „ოქროს ბურთის” ლაურეატი, რომ არა ის ფაქტი, რომ ჯილდოს გაცემა 1956 წელს დაიწყეს – იმ პერიოდში ის უკვე ასაკში შესული, თუმცა, კვლავ სტაბილურად უმაღლეს დონეზე მოთამაშე ვარსკვლავად ითვლებოდა. პუშკაში 1960 წელს იყო ახლოს „ოქროს ბურთთან”, მაგრამ, გამარჯვება სხვას ხვდა წილად.