რჩევა მამაკაცებს

რჩევა მამაკაცებს

თუკი გაწყენინებენ, მამაკაცის სიძლიერე იმაშია, ამ წყენაზე მაღლა დადგეს და მაშინვე სამაგიეროს გადახდაზე არ იფიქროს.

ბოღმა ვნებს ჯანმრთელობას და ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში. მით უმეტეს, დაბოღმილ მამაკაცს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. ბუნებრივიც არის – როცა შურისძიებაზე ფიქრობ, შენი მომავალი ნათელი და დიდებული ვერ იქნება. მოიშორეთ ტვირთი ზურგიდან და ბოღმის ლოდი – გულიდან. იფიქრეთ მხოლოდ პირად წარმატებაზე, რასაც ვიღაცასთან ჯიბრი კი არა, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობა და გამოყენება სჭირდება. მიიხედ-მოიხედეთ გარშემო. ბევრი იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენი ყურადღება, მზრუნველობა სჭირდება. არ მოითხოვოთ არაფერი იმ სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ, რომელსაც გაიღებთ. ნუ იქნებით ჭირვეული. ნუ იქნებით წუწუნა – კაცს სხვა რამ უხდება და მოეთხოვება.

კიდევ ერთი რჩევა – არასდროს ილაპარაკოთ ბევრი პირად გრძნობებზე... არ მოყვეთ თქვენი თავგადასავალი ფერადოვნად და ხატოვნად... არც სხვების აზრს მიანიჭოთ განსაკუთრებული ყურადღება. სიტყვას ფასი მაშინ აქვს, როცა ის ღირსეული ადამიანის ენით ითქმევა. ამიტომ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რას ლაპარაკობს. ჭორების აყოლა მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ...