ყელის ტკივილს და სასუნთქ გზებში უსიამოვნო შეგრძნებებს ის ვირუსები იწვევს, რომლებიც ზედა სასუნთქ ორგანოებში ხვდება. დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სიცოცხლისუნარიანია. გარდა ამისა, გაზაფხულზე შესუსტებულია ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა, რადგან მთელი ძალები და შინაგანი რესურსები ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას ხმარდება.
ვირუსებისა და მიკრობების გარდა, ორგანიზმზე ზედმეტად გამომშრალი ჰაერიც მოქმედებს – სხვადასხვა სახის გამათბობლები ოთახში ჰაერს აშრობს და სასუნთქ გზებს აზიანებს. იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს ავიტამინოზი და სტრესი. რაც უფრო ხშირად დააცემინებთ, მით უკეთესია, რადგან დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი, თავდაცვითი რეფლექსია. მისი მიზანია, გამოდევნოს ყელიდან და ცხვირიდან „მტრები”, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ დაცემინებისას პირზე ცხვირსახოცის აფარება. ასევე, გახსოვდეთ, რომ:
გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები და ყოველი დაცემინების შემდეგ გამოცვალეთ ის, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.
თუ ხელსახოცის ამოღებას ვერ ასწრებთ, პირზე ხელი აიფარეთ, მერე კი სასწრაფოდ დაიბანეთ საპნით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები, რადგან სახელურებზე ბევრი სიცოცხლისუნარიანი მიკრობია.
ნუ მიეჩვევით ცხვირის წვეთებს – ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, მაგრამ ართულებს განკურნების პროცესს.
მოერიდეთ დაბალკალორიულ დიეტას. ორგანიზმს გაზაფხულის პერიოდში ვიტამინები აკლია, ამიტომ, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.
გრიპის მორჩენა ორ-სამ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტიბიოტიკები საკმაოდ ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ, აბსოლუტურად უძლურია ვირუსების წინაშე. ამიტომ, ტყუილად ნუ გაიჭყიპებით წამლებით, რადგან ანტიბიოტიკი დასუსტებულ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს, კერძოდ, იწვევს ალერგიებსა და დისბაქტერიოზს.
გრიპის ვირუსი თავს იჩენს ორგანიზმში მოხვედრიდან 18-24 საათის შემდეგ; აქტიურდება 48 საათის შემდეგ; ზენიტშია მეორე-მესამე დღეს, მეოთხე დღიდან კი უკან დახევას იწყებს.
გრიპსა და სურდოს კარგად უმკლავდება C ვიტამინით მდიდარი ორგანიზმი. ამ მიზნით ლიმონი და ნიორი შეუცვლელი პროდუქტებია. ასევე, აუცილებელია ხილის ნახარშებისა და ნატურალური წვენების დალევა.