ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტი სამუშაო ექიმებს აქვთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენი თანამემამულეები განსაკუთრებული მზადყოფნითა და მონდომებით ხვდებიან. ეს „მზადება“ იმაშიც გამოიხატება, რომ ზრდასრულ ასაკს მიღწეული ქართველები ახალი წლის დადგომის პირველივე წუთებიდან დროს, ძველით ახალი წლის აღნიშვნამდე სადღესასწაულო სუფრაზე ატარებენ. რასაკვირველია ამ „დაძაბულ რეჟიმს“ ბევრი ვერ უძლებს. სამწუხაროდ ქართველებს ზომიერება ყოველთვის გვღალატობს და ახალი წლის დღეები გამონაკლისს არ წარმოადგენს. ახალი წელი იქით იყოს და როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მოგვეძალება, მშველელებად ექიმები გვევლინებიან
ნება მომეცით დღევანდელ წერილში მორიგი „სახალისო ისტორიები“ წარმოგიდგინოთ. ჩვენი სტუმრები ქართველი ექიმები იქნებიან. მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობა ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სუფრებთან დროს ატარებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გამოძახებაზე მიეჩქარებათ.
ჩვენი „ისტორიების“ პირველი მთხრობელი ქალბატონი ირინა ცერაძე იქნება.
„ძველით ახალი წელი თენდება, მორიგე ვარ და თბილისში ბარაქიანად მოთოვა. გამოგვიძახეს ნაძალადევის რაიონში. ისეთი აღმართი გვაქვს ასავლელი, მანქანა ვერ ადის. მოსახლეობის დახმარებით ქუჩა ფეხით ავიარეთ, მაგრამ წამოსვლისას რომ გამახსენდა, როგორი მოლიპული დაღმართი უნდა ჩაგვევლო, შიშის ზარი დამეცა. ფეხით თუ წამოვიდოდოთ, მოტეხილობას ვერ გადავრჩებოდით. პაციენტის პატრონს ვთხოვე, ჩვენთვის ციგა ეშოვა. თავიდან ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სახუმაროდ არ მეცალა და რამდენიმე წუთში ციგაც მოიტანეს. არ დაიჯერებთ, მაგრამ 12-ს ხუთი წუთი აკლდა, როცა მე და ჩემი ექთანი ციგით ნაძალადევის დაღმართზე დავეშვით. დადგა ძველით ახალი წელი, ატყდა სროლა, თოვს, ჩვენ კი ციგით მივსრიალებთ. ეს მართლაც დაუვიწყარი მორიგეობა იყო“.
ეს ისტორია ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა ექიმმა მომიყვა. მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან მოკრძალებული ადამიანია და „გაზეთში თუ სადღაც „ინტერნეტში“ მუშაობ არ გამწეროო“ - მთხოვა.
„შარშანდელ ახალ წელს სასწრაფოში ზარ-ზეიმით შევხვდით. დილის ექვს საათზე შემოვიდა გამოძახება წერეთლის პროსპექტიდან. მახსოვს, ერთ-ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც შუახნის ქალი გამხდარიყო ცუდად, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. კარი მისმა მეუღლემ გაგვიღო და შემოგვჩივლა, - დამეხმარეთ, გოგონებო, იმის მაგივრად, რომ ცოლმა ახალი წელი მომილოცოს, იმდენი ჭამა, რომ შეტევა დაეწყოო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავუკეთეთ და ცოტა რომ მომჯობინდა, ქმარს უსაყვედურა - რა გინდა, ნამუსი გაქვს ახლა შენ, ამისთანა შხვართალა ქალები შემოგიყვანე საახალწლოდ სახლში და კიდევ მე მსაყვედურობ, რომელი ცოლი გაუკეთებდა ქმარს ასეთ საჩუქარსო?“
ჩვენი დღევანდელი „საახაალწლო-საექიმო“ მოგონებების მორიგი სტუმარი კიდევ ერთი ჩემი ნაცნობი „მკურნალი“ გახლავთ.
„27 წელია სასწრაფოში ვმუშაობ. სასწრაფოს ყველაზე მეტი გამოძახება ახალი წლის დღეებში აქვს. შესაძლოა ფიქრობთ, თუ კაცს ძალიან არ უჭირს, დღესასწაულებზე სასწრაფოს არ გამოიძახებსო. მერწმუნეთ, ზოგჯერ პირიქითაა...
სასწრაფო დახმარების მეათე ფილიალში ვმუშაობ, რომლის მახლობლად ხანდაზმული მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ყოველ ახალ წელს, თორმეტი საათის დადგომამდე რამდენიმე წუთი რომ რჩება, რეკავს და სასწრაფოდ მოდით, მაღალი წნევა მაქვსო. ერთხელ მეც მომიხდა ახალი წლის ღამეს მასთან მისვლა. რომ შევედით, გაღიმებული შემოგვეგება - არ გეწყინოთ რომ გამოგიძახეთ, კი არაფერი მაწუხებს, არ მინდოდა, მარტო შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს მეტი ვინ მოვიდოდაო. შემოვუსხედით სუფრას და ასე შევხვდით ახალ წელს ამ უჩვეულო პაციენტთან ერთად.
იყო ასეთი შემთხვევაც, ჩუბინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გამოგვიძახა. აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, უსახლკარო კაცი შეუძლოდ გახდა. რომ მივედით, მივხვდით სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, მაგრამ მაწანწალა ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ ვიცოდით, არც ერთი სტაციონარი არ მიიღებდა. სხვა რა გზა გვქონდა, ხომ არ მივატოვებდით. მეზობლებს ცხელი წყალი და ღრუბელი ვთხოვე, ექიმმა ხელთათმანი გაიკეთა და მაწანწალა იქვე, ქუჩაში დაბანა. პაციენტი ამასობაში გონს მოეგო და ხმამაღლა ჩაიღიღინა, - დათვი მჭლე და მე მსუქანიო".
ნება მომეცით სიტყვა ქალბატონ ლამარა კიღურაძეს გადავცე. ქალბატონი ლამარა საქართველოს დამსახურებული ექიმია და პროფესიულმა მოვალეობამ ერთხელ ახალი წელი სამშენებლო ხარაჩოებზე შეახვედრა.
„ხშირად ლამის სიცოცხლის ფასად გვიწევდა პაციენტისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ რამდენიმე წლის წინ ერთი მშენებარე სახლიდან გამოგვიძახეს. 53 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.
შენობას კიბე ჯერ არ ჰქონდა და მშენებლები საგანგებოდ მოწყობილი ხარაჩოებით ადიოდნენ. იმ გზით ასვლას ექიმი დიდ დროს მოანდომებდა, ამიტომ გადაწყდა, ამწით აეყვანათ. თუ დაჰკვირვებიხართ, ციცხვი როგორ ქანაობს, ამიტომ მშენებლებმა ექიმი გააფრთხილეს, მაგრად ჩაეკიდა ხელი სახელურისთვის და ქვემოთ არ ჩაეხედა. ციცხვი მეათე სართულს რომ გაუტოლდა, მემანქანემ გააქანა ციცხვი, ზემოთ მომლოდინე მუშებმა ექიმს ხელი სტაცეს და გადაიყვანეს“.
დღევანდელი საექიმო-საახალწლო „სახალისო მოგონებების“ ბოლო სტუმარი ცნობილი ექიმი-დასტაქარი-გინეკოლოგი, ბატონი ლადო კახაძე იქნება, რომელიც მისთვის საყვარელ რამდენიმე ანეკდოტს მოგიყვებათ.
„საქართველოს ყველა კუთხე თავისი დამახასიათებელი ხალასი იუმორითაა გამორჩეული. მიყვარს კახური იუმორი. ასევე, გურულებს აქვთ სხარტი, შესანიშნავი ანეკდოტები.
ამჯერად აფხაზებზე მინდა მოგიყვეთ: ფეხბურთის მეფე, პელე გამოდის სასტუმროდან, ამ დროს შედის აფხაზი სასტუმროში ისე, რომ გზა არ დაუთმო პელეს, რაც შეურაცხყოფად მიიღო ფეხბურთელმა და ეკითხება აფხაზს – გზა რატომ არ დამითმეო? აფხაზმა ჯერ დაკვირვებით შეათვალიერა და, რომ არ ეცნო, შეეკითხა – ვითომ, ვინ ხარ, რომ გზის დათმობას მთხოვო? აბა, ერთი კარგად შემომხედე, არ ეშვებოდა პელე, – ვერ მცნობო? ვერაო, ირწმუნებოდა აფხაზი, კარგად დამაკვირდი, მთელი მსოფლიო ჩემზე ლაპარაკობს, პრესაში სულ ჩემზე წერენო – განაგრძობდა პელე. ბოლოს აფხაზმა ამოღერღა: ვაიმე, ვერ გიცანი, ლენინ, როგორ გაშავებულხარო.
კიდევ ერთ საყვარელ ანეკდოტს მოგიყვებით:
პატარა, შავტუხა კახელი ბიჭი მოვიდა სკოლიდან სახლში. მშობელთა კრებიდან მობრუნდა დედაც და, ქმრის გასაგონად, ბავშვს გაბრაზებული უყვირის: აი, ამ შენმა შვილმა ამდენი ხალხის წინაშე საქვეყნოდ თავი მომჭრა, მათემატიკაში მიმატება და გამოკლებაც კი არ იცის, მასწავლებელი აღშფოთებულია ამ უვიც ბავშვზეო.
გაბრაზდა მამა და შვილს უხმო, მოდი აქ და მიპასუხე, ორჯერ ორი რამდენიაო? ხუთიო – პასუხობს შვილი. სამჯერ სამი რამდენიაო? – თერთმეტიო. ხუთს მივუმატოთ სამი, გამოვაკლოთ ორი, კიდევ დავუმატოთ თერთმეტი, რამდენიაო? ოცდათხუთმეტიო, – უპასუხა შვილმა. აქ რომ სხაპასხუპით მპასუხობ, მაშ, იქ რა ჯანდაბა გემართება, შე შობელძაღლოო, – უყვირა შვილს.
მერე ერთ კაცს მოვუყევი ეს ანეკდოტი და მეუბნება: მოიცა, ციფრები ჩამაწერინე, მოყოლა რომ დამჭირდეს, არ შემეშალოსო“.