იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება საბაბია, სინამდვილეში გარკვეულ ძალთა მიერ ხელისუფლების სრულად აღების პროცესია დაწყებული

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება საბაბია, სინამდვილეში გარკვეულ ძალთა მიერ ხელისუფლების სრულად აღების პროცესია დაწყებული

ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი ე.წ. „უცხოელი მეგობრების“ რეკომენდაციებითა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულმა კანონმა სასამართლოების შესახებ რეალურად ჩიხში შეგვიყვანა. უფრო მეტიც, ქვეყანა მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოვლენები გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გათვლილი ჰქონდათ, მათ უცხოელ მეგობართა მხარდაჭერით უკვე დაწყებული აქვთ და ფორსირებული ტემპებით ახორციელებენ ხელისუფლების სრულად ხელში აღების პროცესს. სრულად, რადგან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკური ჯგუფისა უკვე არის ხელისუფლებაში, უკავიათ რა მაღალი თანამდებობები. გარკვეული ნაწილი ამ დაჯგუფებისა კი წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიციის სახით.

ჩვენი აზრით, სწორედ ამ ძალების ინტერესების სფეროში შედიოდა იუსტიციის საბჭოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. სწორედ მათ ჰქონდათ ძირითადი გათვლა, არ გაგიკვირდეთ, მე სწორედ ასე ვფიქრობ, მურუსიძის კანდიდატურის ჩაგდებაზე. ამ შემთხვევაში ისინი დაიწყებდნენ გაცილებით ფართომასშტაბიან მოქმედებას. წინა პლანზე მაშინ გამოვიდოდნენ ამ დამანგრეველი ერთობის სხვა პოლიტიკური ძალები. ეს აშკარად იკითხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ჩვენ გვესახება, რომ სწორედ იუსტიციის საბჭოში პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულმა კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიზნის მიღწევის სხვა მექანიზმი მოიყვანა მოქმედებაში. კერძოდ, წინა პლანზე გამოვიდნენ და გააქტიურდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ დამცველი, “ სოროსთან და თავისუფლების ინსტიტუტთან დაკავშირებული პიროვნებები, პოლიტიკური ძალები და ორგანიზაციები.

ჩვენთვის აშკარაა და დამაფიქრებელი, რომ ეს პროცესები იმართება ქვეყნის გარედან. ეჭვი არ გვეპარება, რომ მოვლენათა განვითარების ჩვენს მიერ დასახელებული ორი შესაძლო ვარიანტიდან არჩეული იქნა მეორე, ანუ ქვეყნისათვის ნაკლებად მძიმე შედეგის მომტანი . ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი სიტყვა ბატონმა ივანიშვილმა თქვა.

ვფიქრობთ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყნის რეალურ მართვაში ჩართული და პრაქიკულად გადამწყვეტი სიტყვის მქონე უცხო ძალები დარწმუნდნენ რომ პირველი - სააკაშვილს პრაქტიკულად არ აქვს შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების, მეორე - არავითარი შანსი არ აქვს ნაცმოძრაობას იმ ფორმით, როგორც იყო და დაიწყეს მისი დაშლა მარტივ მამრავლებად, მესამე - საზოგადოების და მოსახლეობის განწყობა დასავლეთისა და ამერიკის მიმართ არ არის მათთვის სასარგებლო, მეოთხე- რუსული ფაქტორის გავლენა იზრდება უპირველესად ხალხში, მეხუთე - ქვეყანაში ძლიერდება ეროვნული განწყობა, ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის განწყობა. სწორედ ამიტომ, გარე ძალებმა და მათ მიერ მართვადმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა თითქოს არაპოლიტიკური სფეროთი - სასამართლოთი დაიწყეს ქვეყანაზე გავლენის შენარჩუნების სრულიად განსხვავებული პროცესი. ეს ძალები იცნობენ რა ქართველი ხალხის ფსიქოლოგიას, დაჩაგრულისადმი განსაკუთრებული თანადგომის დიდ ქართულ ტრადიციას. ცდილობენ ხალხის ემოციებზე თამაშს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. დავაკვირდეთ, სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომელიც უკვე თავად აღარ აწყობდათ, შეცვალეს ხელისუფლების მიერ და მისი უშუალო მონაწილეობით დახოცილი ბიჭების საქმეების, ციხეებში წამების ფაქტების გარკვეულ პოლიტიკური ძალთა მიერ სააშკარაოზე გამოტანით.

იგივე ხდება დღესაც. რეალურად მიდისქართული ოცნებისხელისუფლების მათთვის მიუღებელი კადრების შეცვლა მათ მიერ სრულად მართვადი პოლიტიკური ძალებით. ეს ყველაფერი სურთ გააკეთონ ქუჩით. ისევ ქუჩა, ისევ ქუჩის პოლიტიკოსები... საქართველო მეტს ვეღარ გაუძლებს! ჩვენი ამოცანაა გონებით, გააზრებულად გადავწყვიტოთ საკითხი. დადგა მომენტი საქართველოში, როცა არნახულადაა საჭირო საზოგადოების სრული ინფორმირება და შემდგომ კონსულტაციები საზოგადოებასთან, კონსულტაციები სახელმწიფო კაცებთან, საბედნიეროდ რომ ჯერ კიდევ ჰყავს ქვეყანას, კონსულტაციები მეცნიერებთან, მოაზროვნე ადამიანებთან. რაც არ აწყობთ გარე ძალებს. რომლებიც ისევ ქუჩაზე არიან ორიენტირებულები.

ტყუის ოპოზიცია. ის ოსტატურად ახერხებს ტყუილის სიმართლედ გასაღებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ხელისუფლება კი უსუსურია, სიმართლესაც კი ვერ იცავს და მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია. მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა კატასტროფაა „ქართული ოცნებისთვის“!

სამწუხაროა, ქვეყანაში გრძელდება გარედან მართვად პოლიტიკოსთა (ამერიკიდან, რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან), სხვადასხვაგვარად შენიღბული, რეალურად კი პრაქტიკულად პოლიტიკური მიზნით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების თავხედობა, რაც დამანგრეველია ქვეყნისთვის. ამ თავხედობის შეჩერებაა პირველ ეტაპზე საჭირო და ამიტომ ჩვენის აზრით უნდა მოხდეს ეროვნული განწყობის ინსტიტუტების, ქართული ცნობიერების და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეების დათათბირება და დიდი ერთობა, რომ დავიხსნათ თავი გარედან მართვველებისგან და გარედან მართვადი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფებისაგან. რომ როგორც დიდი ილია იტყოდა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, ეს ადვილი არ არის. მაგრამ შესაძლებელია!

თუმცა მდგომარეობას ართულებს მიკერძოებული, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების დამცველი, გაყიდული საინფორმაციო სივრცე. გარე ძალთა მსახური, სკამებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალებით, პოლიტიკოსებით სავსე ქვეყანაში, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია და ამ უკიდეგანო დემაგოგიის პირობებში, დაიკარგა საქართველო, ქართული ინტერესი.

პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისგან განსხვავებით, დავამატებ, სანდრო გვირგვლიანის, ირინა ენუქიძის და საერთოდ, "ნაციონალების" ხელისუფლების მონაწილეობით, სადისტურად მოკლული ბიჭების სახელით მოვაჭრე პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მე პოზიტიურად ვაფასებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა განცხადებას. როგორც სასამართლო სისტემის სტაბილურობის და მდგრადობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯს. იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსამართლეთა კორპუსს საინტერესო კადრები ემატებიან და ძველ მოსამართლეთა რიგებშიც არიან ქვეყნის ერთგული ადამიანები და შეიძლება სწორედ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი ამ რთულ მომენტში სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალურ გზაზე დადგომისა.

სირცხვილად მიმაჩნია, როცა სასამართლო დამოუკიდებლობაზე ერთ ხმაში საუბრობდენ და, სამწუხაროდ, კვლავ საუბრობენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრებიც კი, მთავრობის წევრები. ავიწყდებათ, რომ სასამართლო ხელისუფლების ერთი ისეთივე შტოა, როგორიცაა პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს იგივეა, რომ მოსამართლეებმა ისაუბრონ პრეზიდენტია დამოუკიდებელი, პარლამენტი და მთავრობაა დამოუკიდებელი. მე ამას დემოკრატიის სრულ უცოდინრობას დავარქმევდი! სასამართლოს დამოუკიდებლობას არ განსაზღვრავენ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე ... სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტნი არიან მოსამართლეები. ამ კუთხით იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ვაცნობიერებთ, რომ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენთეთრებშიმეცნიერთა მოაწილეობით (საბედნიეროდ, ჩვენს რიგებში ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ), გავაანალიზეთ, ერთის მხრივ, საზოგადოების განწყობა, რომელიც გულწრფელია და გასათვალისწინებელი, მეორეს მხრივ, პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიცია, რომელიც არაგულწრფელია და ჩვენ მას არ ვიზიარებთ, მესამეს მხრივ, ჩვენთვის საგულისხმო და დამაფიქრებელი იყო იუსტიციის საბჭოს წევრთა მიერ გავრცელებული განცხადება, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ეს განცხადება ყოველივე ამის გათვალისწინებით მომზადდა

დაბოლოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე დაბინძურებული საქართველოში არის პოლიტიკური სივრცე და ვთვლით, რომ საზოგადოებისათვის უპირველესი და უმთავრესი უნდა გახდეს ამის გაცნობიერება და შემდგომ გასუფთავება, თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე.

პოლიტიკური პარტია “თეთრების” სახელით

პარტიის თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი