საყურადღებო ფაქტია ის, რომ გარეთ, ანუ სამსახურში უფროსობას დაჩვეული მამაკაცები სახლში ნაკლებად ცდილობენ პირველობას. საქმე ისაა, რომ მათი ეს ამბიცია უკვე დაკმაყოფილებულია და, ურჩევნიათ, შინ ასე ცოლი მოიქცეს. თუმცა, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა მამრი ძალაუფლებისმოყვარეა, ან, პირიქით – საქმიანი კაცები ცოლებთან ფისოები ხდებიან.
დავიწყოთ ელემენტარულით: ჯერ ერთი, ვისაც მართლა უნდა ოჯახის უფროსობა და ვისაც ამის პოტენციალი ჭეშმარიტად გააჩნია, არ კითხულობს: შეიძლება, ვიუფროსო? შეიძლება, ჩემი სიტყვა უპირობოდ სრულდებოდეს?! ის, უბრალოდ, ხელში იღებს მართვის სადავეებს და სრულად აქვს გაცნობიერებული ამ ნაბიჯის მთელი პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, ვერც ვერავინ ვერაფერს უბედავს, ანუ, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად ხდება. მამაკაცებო, დაიჯერეთ, ძნელად მოიძებნება ქალი, რომელსაც მამაკაცის ფუნქციების საკუთარ მხრებზე აკიდების სურვილი ჰქონდეს. მთავარია, მან დაინახოს კაცში ძალა (მაგრამ, არა მხოლოდ ფიზიკური) და, ის მაშინვე, თანაც, სიამოვნებით გადაინაცვლებს მეორე პოზიციაზე და დიასახლისის ამპლუას დასჯერდება.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ქალიც მკვეთრად გამოხატული ლიდერია და კაციც. ამ დროს ბრძოლაც იმართება, მაგრამ, ლიდერ ქალს გონიერებაც ახასიათებს, ამიტომ, ის აუცილებლად დათმობს პოზიციებს. მამაკაცების გასაგონად კი უნდა ვთქვათ: კაცებო! ქალს ნურაფერს დააბრალებთ, ყველაფერი ერთპიროვნულად თქვენზეა დამოკიდებული. დიახ, იუფროსეთ, არავინ დაგიშლით, მაგრამ – უფროსობის ყველა პასუხისმგებლობით!