სტალინის ძეგლი საგულდაგულოდ გადამალეს

სტალინის ძეგლი საგულდაგულოდ გადამალეს

[ნინო მიქიაშვილი]
სტალინის ძეგლის ასავალ–დასავალზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს არაფერს ეუბნებიან. რა ბედი ეწევა ძეგლს, ალბათ, ექვს საათზე გახდება ცნობილი, როცა გორის საკრებულოს წევრები შეიკრიბებიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს გორში გამომავალი გაზეთის, “ხალხის გაზეთის“ რედაქტორმა რეზო ოქრუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, რეგიონალური ჟურნალისტები უახლოეს პერიოდში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ, ძეგლის გადატანის დროს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

პრესა.გე ასევე ესაუბრა ტელეკომპანია “თრიალეთის“ ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს, რომელსაც ოპერატორთან, იმედა გოგოლაძესთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და მოგვიანებით უკან გადაღებული მასალის გარეშე დაუბრუნეს.

სად არის ამ წუთას სტალინის ძეგლი?
ლადო ბიჭაშვილი: მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ, “მაესტრო“ და itv.ge ძეგლს იმ მიდამოებში ვეძებდით, სადაც სავარაუდოდ გვეგულებოდა, თუმცა, ვერ მივაგენით. ამ დრომდე არ გვეუბნებიან ძეგლი სად არის. გავრცელებული ინფორმაციით, სტალინის ძეგლი მის სახლ–მუზეუმთან უნდა დადგან, მაგრამ იქ კვარცხლბეკი, რაზეც ძეგლი უნდა დაიდგას, მომზადებული არ არის. შესაბამისად, შესაძლებელია ან საცავში, ან სადმე სხვაგან აქვთ შენახული და კვარცხლბეკს, რომ მოამზადებენ, შემდეგ დაიდგმება.

როგორ გაიგეთ ძეგლის გადატანის ამბავი?
– დაახლოებით პირველის წუთებზე , მეგობრისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, რომ ქალაქის ცენტრში, ქუჩები გადაკეტილი იყო. შემდეგ ეს ინფორმაცია გადავამოწმე. პირველის ნახევარზე, სამსახურის მანქანით სახლიდან გამოვედი; ოპერატორი, იმედა გოგოლაძეც წავიყვანე. რომ მივედით, პირველს ოცი წუთი აკლდა, ძეგლის დემონტაჟის პროცესი დაწყებული იყო. ცენტრალური ქუჩები საპატრულო პოლიციის მანქანებით გადაკეტილი იყო. რამდენიმე ქუჩაზე სპეციალური ლენტები ჰქონდათ გაბმული.

ეს ძეგლიდან რა მანძილზე ხდებოდა?
– სადღაც 500 მეტრის მოშორებით. ჩვენ იმ ადგილას მივედით, სადაც სტალინური მოძრაობის წარმომადგენლები და ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 80–მდე ადამიანი იდგა. მათ ძეგლთან მიახლოების საშუალებას სამართალდაცავები არ აძლევდნენ. ჩვენ მათი გადაღება დავიწყეთ. უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ საწინააღმდეგო აზრის მხარე დაგვეფიქსირებინა. სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები ძეგლის მხარეს გადასულები იყვნენ და ამ პროცესს იღებდნენ.

ანუ, სხვა ტელევიზიები ძეგლის დემონტაჟს იღებდნენ და თქვენ ამ ფაქტით უკმაყოფილო ადამიანებთან გაჩერდით?!
– დიახ, რადგან ძეგლის დემონტაჟს დიდი დრო დასჭირდებოდა და მე მინდოდა მქონოდა დაფიქსირებული, როგორც ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო ადამიანების პოზიცია, ისე იმათი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ძეგლთან ახლოს იდგნენ და დემონტაჟის პროცესს ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ.

დაახლოებით რამდენი ადამიანი უკრავდა ტაშს სტალინის ძეგლის დემონტაჟს?
– 50–მდე ადამიანი იქნებოდა. როდესაც ოპერატორთან ერთად ძეგლის გადატანით უკმაყოფილო ადამიანებთან მივედი, იმ მხრიდან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და დემონტაჟის მომხრეები იდგნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი ჩვენსკენ წამოვიდა. პირველმა კამერაზე ხელი აგვიკრა – ნუ იღებთო. ვიფიქრე რომ სახის გამოჩენა არ უნდოდა, მაგრამ რამდენიმე მათგანს (საქმოქალაქო ტანსამცელში გამოწყობილებს!) იარაღიც აღმოაჩნდა, მივხვდი, რომ ისინი სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგ პოლიციელები მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რაზეც მივუგე – ჩვეულებრივ მოქალაქეებს იარაღი თან არ აქვთ–მეთქი.

ვინ მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა და რა სახის დაზიანებები მიიღეთ?
– სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა. მათ მიერ წართმეული კამერა, კასეტის გარეშე, პოლიციამ დაგვიბრუნა. გარკვეული ტრავმები მაქვს, თუმცა უმნიშვნელო, რომელიც კამერის წართმევის დროს მომადგა; ასევეა ჩემი ოპერატორი, რომელსაც გუშინ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და დღეს გაცილებით უკეთაა.

რა რეაქცია ჰქონდათ ამ ძალადობაზე იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებს?
– ვითომ არ გვხედავდნენ.

რომელი ტელევიზიები იყვნენ?
– ცენტრალური ტელევიზიების ადგილობრივი წარმომადგენლები.

რომელიმე მათგანს ეს ფაქტი ხომ არ გადაუღია?
– ეს არავის გადაუღია, არც ერთი კამერა ჩვენსკენ არ მოტრიალებულა.

დღეს თუ გამოხატეს ჩვენმა კოლეგებმა თქვენდამი მხარდაჭრა?
– “მაესტრომ“, itv.ge–იმ, გაზეთების, რადიოების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა.

როგორ აფასებთ წუხანდელ მოვლენებს?
– ჩემთვის არანაირი მნიშბვნელობა არა აქვს სად იქნება სტალინის ძეგლი. უბრალოდ, მე იქ ფაქტის გასაშუქებლად მოვედი, რის საშუალებასაც კანონი მაძლევს. მე იქ სტალინის ძეგლთან კოცონის დასანთებად, პროტესტის გამოსახატად, ან პირიქით ტაშის დასაკრავად არ მივსულვარ. მე იქ ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივედი. თან მით უმეტეს, აღნიშული მოვლენის მიმართ ინტერესი არსებობს – მომხდარს უცხოური მედიასაშუალებები (“როიტერი“ და თუ არ ვცდები უცხოური სააგენტოები) აშუქებენ; მასალები ჩვენგან წაიღეს.

ძეგლის გადატანაზე გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ, მაგრამ ჟურნალისტებს იმის საშუალება უნდა მოგვეცენ, რომ ნებისმიერ დროს, თუნდაც მათი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის პროცედურა გავაშუქოთ; ეს არის მთავარი, რაც კანონმდებლობითაა სისრულეში მოყვანილი და რაც შავით თეთრზე წერია.

აპირებთ თუ არა ექსპერტიზის ჩატარებას, მიმართავთ თუ არა სახალხო დამცველს და შესაბამის სახელმწიფო უწყებას, განცხადებით, საქმის გამოძიების დაწყების შესახებ?
– დღეს საკმაოდ დაძაბული დღეა. ხვალ შესაბამის სამედიცინო გამოკვლევას ჩავიტარებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტებთან კონსულტაციებს გავდივართ. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებს, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კუთხით. თუ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად გვაქვს დაზიანებული, ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, მოვითხოვთ სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზეც დაიწყოს გამოძიება. სახალხო დამცველსაც მივმართავთ.

ამ კუთხით ჩვენი აქტიურობის მიზანი ისაა, რომ ბოლოსდაბოლოს, ქვეყანაში კანონმა იკანონოს და ყველამ გაიგოს, რომ კანონი პასუხს აგებინებს იმას, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელს შეუშლიან.