„გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“

„გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა“

პერიოდულად გვესმის ხოლმე, რომ „დროულად უნდა შევაჩეროთ აჭარის თურქეთიზაციის მზაკვრული პროცესი“.

სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ეს მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ აძლევდა ორმაგ მოქალაქეობას. ამიტომ საინტერესოა, უნდა დაიწყოს თუ არა აჭარაში თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება, რათა რამდენიმე წელიწადში აჭარაში ეთნიკურ უმცირესობად არ ვიქცეთ!?

საქართველო-თურქეთის ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ნამდვილად ყიდულობენ თუ არა თურქები მიწებს აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ თურქიზაციის პროცესი დიდი ხანია, გრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერებას თურქებისთვის, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არა მარტო თურქეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ზოგადადაც, უნდა გამკაცრდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა არ გაიყიდოს ჩვენი მიწები.

„არანაირი სტანდარტების შესაბამისად არ ხდება მოქალაქეობის გაცემა. სააკაშვილის ბოლო საქციელი სერიოზული დარტყმა იყო საქართველოსთვის. მან პიარი გაიკეთა იმით, თითქოს თურქეთში მცხოვრებ ეროვნებით ქართველებს გაუხსნა გზა, მიეღოთ ჩვენი მოქალაქეობა, თუმცა არანაირი ბერკეტი არ არსებობდა, რომ მართლა ქართველური წარმომავლობა დაედგინათ. პირობა იყო ასეთი, რომ თურქეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებში უნდა შეკრებილიყო განცხადებები, მერე ამ სათვისტომოებს თვითონ უნდა მოეხდინათ მათი გაცხრილვა და, ვისაც ქართველად მიიჩნევდნენ, მათთვის მიენიჭებინათ მოქალაქეობა. როდესაც გარკვეული ინტერესებია, ასეთი რამ დაუშვებელია. თურქეთში ბევრი სათვისტომოა-ზოგი პროქართული, ზოგიც პროთურქული, ანუ სხვადასხვა მიზნების მქონე. ამიტომაც ცხადია, დაუშვებელი იყო, რომ ყველა დაკმაყოფილდა და ყველამ მიიღო ჩვენი მოქალაქეობა“,-აღნიშნა რომან კვიციანმა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთი აგრესიული პოზიციით ცდილობს, აღადგინოს ოტომანთა იმპერია. სწორედ ამ აგრესიული პოლიტიკის გამოვლენაა მათი საქციელი სირიაში, ქურთებთან მიმართებით არა მარტო თურქეთის, არამედ სირიის და ახლა უკვე ერაყის ტერიტორიაზეც. უფრო მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ თურქეთის დაზვერვამ და თურქულმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა გააძლიერონ მოღვაწეობა აჭარის ტერიტორიაზე. ამიტომ საჭიროა დაზვერვითი, კონტრდაზვერვითი სამუშაოების საქართველოს ტერიტორიაზე გააქტიურება და ლოკალური ოპერაციების ჩატარება, რათა ექსტრემისტული ჯგუფები, რაც უთუოდ იქნება, განეიტრალდნენ. გარდა ამისა, თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ეკონომიკური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ და უნდა მოხდეს თურქებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება.

„ასე შემოსული ხალხი მარტო საქართველოსთვის კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე ლაპარაკობენ აშშ-ში, ეს არის დებატების მთავარი თემა ევროკავშირში, რომ ამ ადამიანებს ჩამოართვან მოქალაქეობა და დააბრუნონ თავის საცხოვრებელ ადგილებში. მართალია, ისინი სამხედრო კონფლიქტს გამოექცნენ, მაგრამ თურქეთში არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ის ნატოს წევრი ქვეყანაა და გაუგებარია, რატომ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა. ეს ყველაფერი წინასწარ გამიზნული პოლიტიკა იყო, რომ ასეთი მოქალაქეებისგან შემდგომ შეექმნათ მეხუთე კოლონა საქართველოში. 40 ათასი მოქალაქე ისეთ რეგიონში, როგორცაა აჭარა, საკმაოდ დიდი საფრთხეა. გარდა ამისა, თურქეთში საკმაოდ ძლიერია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორიცაა „ჰამასი“, ტერორისტული ორგანიზაცია „იერუსალიმის არმია“, რომელთანაც კავშირი აქვს ერდოღანსა და მის შვილს, რასაც სტამბოლის ყოფილი დაზვერვის უფროსი ამბობს“,-აცხადებს სოსო ზაალიშვილი.