„ოსებს ჰგონიათ, სადაც კი ალანს გაუვლია, იქ ყველგან ოსეთია“

„ოსებს ჰგონიათ, სადაც კი ალანს გაუვლია, იქ ყველგან ოსეთია“

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი შესაბამის უწყებებს ავალებს, დაიწყონ მუშაობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ალანია ეწოდოს. მისი თქმით, არსებობს ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია და უნდა იყოს სამხრეთ ოსეთიც - ალანია. ამასთან, „მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაყოფილი ხალხის პრობლემა“ და მომავალში ორივე „ოსეთი“ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.

ცხინვალში ე.წ. ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ სახელის გადარქმევაზე კარგა ხანია, მსჯელობენ. ოსები მიიჩნევენ, რომ სახელწოდება „ოსეთი“ არ არის მათი ერის თვითდასახელება, არამედ - მეფის რუსეთის მიერ ქართული ენიდან აღებული სახელწოდებაა, რადგან ოსეთი ან ოვსეთი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში ოსთა აღმნიშვნელი სახელწოდებაა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნაფი ჯუსოითი თავის დროზე აცხადებდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „ირისტონად“ უნდა მოეხსენიებინათ და არა „ალანიად“, ვინაიდან ოსები საკუთარ თავს „ირონებს“ უწოდებდნენ. მის აზრს იზიარებდა ისტორიკოსი იური გაგლოითიც. ის ფიქრობდა, რომ „ირისტონი“ უფრო ძველი სახელწოდება იყო, ვიდრე ალანია.

სხვა ოსი მეცნიერები კი ფიქრობდნენ, რომ იმის გამო, რომ ძველ ისტორიულ წყაროებში ოსებს „ასებს“ ან „იასებს“ უწოდებდნენ და ოსი ხალხი ას-ალანური კულტურის პირდაპირი შთამომავალი იყო, მათი ბუნებრივი დასახელება „ას-ალანია“ იქნებოდა.

სანამ ოსები ბჭობენ, ქართველები თავს ინუგეშებენ ისტორიული სამართლიანობით. კერძოდ, იმით, რომ ოსები „ისტორიულ საფუძველს“ ამაოდ ეძებენ იქ, სადაც ეს საფუძველი არც ისტორიულად და არც გეოგრაფიულად არ არსებობს. შიდა ქართლი და ალანია ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც ოსების ადრეული წინაპრები - სპარსელები, საიდანაც კავკასიის რეგიონისკენ დაიძრნენ ეს მომთაბარე ტომები.

სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ხელახლა დააკანონა ისე, რომ ტოპონიმიკაში რაიმე საფრთხე ვერ დაინახა და იამაყა კიდეც, რომ სანამ ის საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდოდა, რატომღაც მიიჩნევდნენ, რომ დასახელება „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. თუმცა თავად სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეს დასახელება გამოიყენა და ოსებს ავტონომია შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წინადადებები საქართველოში სახიფათოდ მიიჩნეოდა.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადრე ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე სარმატები ცხოვრობდნენ. დარიალი (დარი ალან) კი ნიშნავდა ალანთა კარს, რასაც სარმატიის კარსაც უწოდებდნენ. შესაბამისად ის, რაც ცხინვალის რეგიონში ხდება ტოპონიმიკის გადარქმევასთან დაკავშირებით, საშინელი ისტორიული უსამართლობაა.

„რას ჰქვია ორი ხალხის გაერთიანება, ოსები ჩამოსახლებულნი არიან საქართველოში, ჩრდილო კავკასიის გარდა სხვა ოსეთი ბუნებაში არ არსებობს, მათ აქვთ თავიანთი სამშობლო და, თუ ჩვენთან არ უნდათ, წაბრძანდნენ იქ. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში პირველად ჩნდება დასახელება - სამხრეთ ოსეთი, ისიც რუს ჩინოვნიკთა მიმოწერაში - „ასეტინსკი ოკრუგ“, რომელიც რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს. ის „ოკრუგი“ დაახლოებით იმის ერთი მესამედი იყო, რასაც დღეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოსმა 1967 წელს დაწერა წიგნი „ოსეტინი“ და მაშინდელი „ოკრუგის“ რუკა შეიტანა ამ წიგნში, ხოლო 1982 წელს ამავე წიგნის მეორე გამოცემა რომ გააკეთა, ეს რუკა უკვე აღარ შეუტანია, რადგან ოსებს არ აწყობდათ ერთი მესამედი იმისა, რისი აღებაც უნდოდათ. რუსეთის იმპერიამაც ვერ მოახერეხა საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რაიმე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა, „ოსეტინსკი ოკრუგიც“ ძალიან მალე დაიშალა. ცხინვალის, ზნაურისა და ჯავის რაიონი შედიოდა გორის მაზრაში, ახალგორი კი შედიოდა დუშეთის მაზრაში. ჯავაში ოსების თავდასხმები ფიქსირდებოდა მე-17 საუკუნის შუახანებში, ცხინვალში კი მე-18 საუკუნის ბოლოს არც ერთი ოსი არ ცხოვრობდა. 1922 წლიდან ცხინვალში ხელოვნურად დაიწყო ოსების გამრავლება და, თუ 1922 წელს 613 ოსი ცხოვრობდა ცხინვალში, უკვე 1989 წლის აღწერით, ანუ დაახლოებით 70 წლის მერე, 30 ათასს გადააჭარბა მათმა რიცხვმა. ასეთი ბუნებრივი მატება არ არსებობს, ხელოვნურად მოხდა მათი ჩამოსახლება“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა და განმარტა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერმინი საერთაშორისო ლექსიკონიდან ამოიღო, ნაცმოძრაობამ კი აღადგინა ეს ტერმინი და ახალგორის რაიონიც მიუმატა ზედ. ასე რომ, ქართველებმა უნდა დავიწყოთ ისტორიული ტოპონიმის აღდგენა და ქართულ სოფელს ყაჩაღი ოსის - ზნაურ აიდაროვის სახელი არ უნდა დავუკანონოთ, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების გასამყარებლად იბრძოდა, ზნაურს წიგნაკიც ჩაუდეს ჯიბეში და იარაღიც მისცეს ხელში, მისი ყაჩაღთა ბანდა კი გააოფიციალურეს.

„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკლებლივ ყველა აქტი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე 1922 წელს შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არალეგიტიმურია.

„1990 წლის 11 დეკემბრის კანონით, კანონიერად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით და ჩემი მონაწილეობით, გააუქმა უკანონო ტერმინი ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ასე რომ, ერთგული ხელისუფლება რომ გვყავდეს, აუკრძალავდა უცხოელებს ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენებას. ეს ერთეული შეიქმნა ხელოვნურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, იქ ოსები იყვნენ უმცირესობაში და წარმოადგენდნენ დიასპორას. რუსულ დოკუმენტში ეწერა- „უსტროიტ იუჟნიუ ასეტიუ“. ანუ „მოვაწყოთ სამხრეთ ოსეთიო“, რაც აბსურდული ტერმინია. ქალაქ ცხინვალში სულ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. ცხინვალის მიკუთვნება ამ ტერიტორიისთვის განპირობებული იყო ერთადერთი არგუმენტით, ტერიტორიას სჭირდებოდა დედაქალაქი და ქალაქი ამ ტერიტორიაზე სხვა არ იყო. ეგენი ძირითადად მოვიდნენ მე-17 საუკუნეში ნაწილ-ნაწილ, ხან მშვიდობიანად, ხან არამშვიდობიანად. 1864 წლის შემდეგ, როცა ბატონყმობა გაუქმდა საქართველოში, ოსები დიდი რაოდენობით ჩამოასახლეს ქართველმა მიწათმფლობელებმა, მოგვიანებით ოსები კოლოსალური რაოდენობით ჩამოასახლეს კომუნისტებმა და ცხინვალი გადააქციეს ოსურ ხელოვნურ ქალაქად. ოსთა მეცნიერმა, ვასილ აბაევმა, გიორგი ახვლედიანის ასპირანტმა, საქართველოში გაზრდილმა ოსების იდეოლოგიური წიგნი შეადგინა, სადაც დაწერა „1918-19-20 წლებში ოსებმა თავისი სისხლით მოიპოვეს ეს სტატუსი და როგორ შეიძლება, მათ ეს გაუუქმოო“. მე ამ წიგნთან დაკავშირებით ვწერ, ეს წმინდა სისხლი კი არ არის, როგორც აბაევი ამბობს, არამედ ეს არის კრიმინალური სისხლი, რადგან ოსები რუსების დახმარებით ხოცავდნენ ქართველ ქალებსა და ბავშვებს, ოსებმა ჩაატარეს საქართველოში გენოციდი. ვალიკო ჯუღელი, წითელი გვარდიის მეთაური რომ წერს, ოსთა სოფლები იწვოდაო, ამ სოფლებს წვავდნენ თვითონ ოსები, რადგან გადადიოდნენ ჩრდილოეთში, რეპრესიის ეშინოდათ. თორემ ოსები იქ არ დაღუპულან, ქართველების მხრიდან ოსების გენოციდი არ ყოფილა“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე.

ამასთან, კავკასიაში ოსთა შემოსვლის ისტორიასაც იხსენებს. მომთაბარე ოსები სპარსეთიდან რამდენიმე ტალღად წამოვიდნენ, ნაწილმა კასპიის ზღვას ჩრდილოეთიდან შემოუარა, ნაწილმა-სამხრეთიდან. ისინი ირანელები რომ იყვნენ, ამას „ირონი“-მათი სახელიც ადასტურებს. ამ ტომების კონსოლიდაცია კი მოხდა ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე.

„ამათი ერთ-ერთი შემადგენელი ტომი იყო ირანული ტომი -საკები, ეს ის ტომია, რომელსაც ეკუთვნიან „შაჰნამეს“ გმირები - როსტომი და ზურაბი. სხვათა შორის, სააკაშვილის ნამდვილი გვარია საკაშვილი, ეგენი სწორედ იმ ტომის ჩამომავლებად ითვლებიან. ოსებს არავითარი კავშირი საქართველოს ტერიტორიასთან არ აქვთ, არადა, რატომღაც მიაჩნიათ, სადაც კი ალანს გაუვლია, იქ ყველგან ოსეთია. თანაც, როგორი თაღლითური არგუმენტაცია აქვთ, ყორღანული ტიპის სამარხები გვაქვსო. ეს სამარხები სამი თუ ოთხია ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და ლაშქრობებში დაღუპული მეომრების სამარხებია. ოსებს სომხეთშიც ულაშქრიათ, მე-5 საუკუნიდან არის სომხეთში მათი ლაშქრობის კვალი დაცული, საქართველოში კი არ არის, გაუვლიათ-გამოუვლიათ, მაგრამ არასოდეს მათი მკვიდრი მოსახლეობა არ ყოფილა. უბრალოდ, ოსური რაზმი კასპიის ზღვიდან ამოჰყვა მონღოლებს, გორში მონღოლებს ჰყავდათ დაყენებული ეს რაზმი, მერე გიორგი ბრწყინვალემ გაათავისუფლა საქართველო მონღოლებისგან და ესენიც მიაყოლა ზედ“.