ვიღაც გელა ხარაბაძე, რაღაც „მოდული“, რქები, ჩლიქები და მირიან მეფე დანგრეულ ბეირუთში

ვიღაც გელა ხარაბაძე, რაღაც „მოდული“, რქები, ჩლიქები და მირიან მეფე დანგრეულ ბეირუთში

სამშენებლო ფირმების თაღლითობის შესახებ არაერთხელ დაწერილა. ამის მიუხედავად, ისინი პერიოდულად უფრო ხვეწენ თავიანთ მეთოდებს, რაშიც ნაციონალების დროინდელი პერსონალიებზე მორგებული კანონმდებლობა უწყობს ხელს, ამ კანონმდებლობის გაუქმების სურვილი კი ახალ მთავრობას არ აქვს.

სამშენებლო კომპანია „მოდულის“ მიერ დაზარალებული, პროფესორი პაატა ჩხეიძე ამბობს, რომ მისი ისტორია ოსტაპ ბენდერის სიუჟეტის ქარგას წააგავს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამშენებლო კომპანიის უკან მდგარ თაღლითებს ფინანსური ვალდებულება არ ეკისრებათ, ფიქტიური „ვალდებულება“ ეკისრება მხოლოდ შპს-ს, რომელიც გაკოტრებულია და, ცხადია, დაზარალებულებს არც არაფერს გადაუხდის.

For.ge პაატა ჩხეიძეს ესაუბრა.

- გახსოვთ, ალბათ, ილფისა და პეტროვის „ოქროს კერპში“ არის ფირმა, სახელწოდებით „რქები და ჩლიქები“, რომელსაც ოსტაპ ბენდერი შექმნის და იქ დანიშნავს დირექტორს - ბატონ ფუნტს, რომელიც ყოველთვის იჯდა. ის იჯდა ალექსანდრე მეფის, ნიკოლოზ მეორის, ნეპის (ნოვაია ეკონომიჩესკაია პოლიტიკა) დროსაც და ახლაც მზად არის, ჩაჯდეს ციხეში. ესენი, ვისზეც ვსაუბრობ, მართალია, ჯერ არ მსხდარან, მაგრამ ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორც მაშინ იყო.

საქართველოში უამრავი კომპანია აშენებს სახლს, ცნობილია „ცენტრ პოინტისა“ და უბინაოდ დატოვებული ხალხის ამბავი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, სახლი აშენებული, მაგრამ დაუმთავრებული იყო. საუბარია დიდ დიღომში, მირიან მეფის №11-ში მდებარე კორპუსზე. 2007 წელს ამოვარჩიე ეს ადგილი, ძალზე ძვირიც არ ღირდა, 450$ იყო კვადრატული მეტრი, რომელსაც აშენებდა სამშენებლო კომპანია „მოდული“, ლეგენდარული მოდულის მოსახელე. ამ კომპანიას კარგი რეკლამა ჰქონდა ტელევიაზიაში, ამიტომაც მივედი, ვნახე აშენებული, კარგად კონსტრუირებული კორპუსი, რომლის დასრულებასც არაფერი აკლდა. ასე რომ, ჰაერში ბინა არ მიყიდია. 2008 წლის ბოლოს ბინა უნდა ჩაებარებინათ ჩემთვის. ამ პირობით დავდეთ ხელშეკრულება და გადავიხადე სრული თანხა. აღსანიშნავია, რომ მიწა, რომელზეც ეს კორპუსი შენდებოდა, იპოთეკით იყო დატვირთული, ბანკიდან სესხი ჰქონდათ გამოტანილი. ამ კომპანიის დამფუძნებელი მაშინ იყო ვინმე გელა ხარაბაძე, რომელიც დღესაც წარმატებულად საქმიანობს სამშენებლო ბიზნესში.

მას შემდეგ, რაც ბინის პირველადი რეგისტრაცია მოვახდინე რეესტრში, ჩემგან, ანუ ბინის მფლობელისგან მალულად, ამ კომპანიამ 2007-2008 წლებში 
„საქართველოს ბანკისგან“ კიდევ ერთხელ მიიღო კრედიტი და ჩემი ბინა იპოთეკაში დატოვა, რაც სერიოზული დანაშაულია. 2008 წელს კი ამ ბინის მშენებლობა შეჩერდა და ბინა ისევ იპოთეკაში იყო. მივდიოდი კომპანიის დამფუძნებლებთან და პირობის შესრულებას ვთხოვდი. ისინიც, მაძლევდნენ საბუთებს, რომ 2009 წლის თებერვალში ჩამბარდებოდა გასუფთავებული ბინა თეთრი კარკასით. ბინა უფრო ადრეც, 2008 წლის აგვისტოში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა იმ დროს ფორსმაჟორი იყო და ვითმენდი.

ამ ტყუილების არსი ისაა, რომ ერთ-ერთი ფუნტი, დირექტორი ჯანელიძე გამოიცვალა, დაინიშნა მეორე დირექტორი - ვინმე ქუმსიშვილი, ესეც ფუნტთაგანი, შემდეგ დირექტორად დაინიშნა თვალაძე. დირექტორთა ასეთი ხშირ-ხშირი ცვლა საეჭვო იყო. მერე უკვე დაიწყო დავა - რამდენიმე მობინადრე მივდიოდით და მათგან ენერგიულად ვითხოვდით პასუხს. ამის შემდეგ გამოჩნდა “მოდულის” ნამდვილი თანამშრომელი, ვინმე მიშა მესხიძე, რომელმაც სრული გარანტია მოგვცა, რომ შეუდგებოდა საქმეს და ყველაფერი მალე დასრულდებოდა, რადგან უვარგისი ძველი მენეჯმენტი, თურმე, განზე გადგა. ეს კაცი ოფიციალური პიროვნება არც იყო, იგი იყო უშიშროების, მოდულის თანამშრომელი, რომელიც იძახდა, მე ვაგებ პასუხსო.

რამდენიმე შეკრება ჩავატარეთ და მივმართე მაცხოვრებლებს, ამათგან არავითარი ხეირი არ იქნება, ვიჩივლოთ, გამოვართვათ ეს კორპუსი და ჩვენ თვითონ დავამთავროთ-თქო. ეს არ მიიღო მოსახლეობამ და დარჩნენ “მოდულის” მაცქერლები. იქ არ იყო კომუნიკაცია, წყალი, დენი, მაგრამ ბინა მაინც გავარემონტე და საცხოვრებლად გადავედი.

დღემდე ბინა ჩასაბარებელია, რეესტრში გატარებულ საკუთარ ბინაში უკანონოდ ვცხოვრობ. სხვებმაც დაიწყეს შესახლება და ახლა უკვე 50 ოჯახი ცხოვრობს. არადა, რას ჰგავს ეს კორპუსი, საშინელებაა, 21-ე საუკუნის მოქალაქე აქ არ უნდა ცხოვრობდეს. ესაა ნახევრად დანგრეული, დაუმთავრებელი კორპუსი, გამოფუღრული ფანჯრებით, სახურავი სავალალო მდგომარეობაშია, ეზო, მისასვლელი, სარდაფი მძიმე დღეშია. ეს არის ბეირუთის სტილის კორპუსი. თანაც, გაითვალისწინეთ, იქ გადასული ადამიანები ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, მათ შორის, კანალიზაციის შეკეთებას, გაზის, ელექტროენერგიის შეყვანას. ცინიზმია, რომ ამავე კორპუსის პირველ სართულზე სხედან მერაბ ჯანელიძე (სამშენებლო კომპანიის ყოფილი დირექტორი), მანანა ნაკაშიძე (ამ ბინის ყოფილი მთავარი ბუღალტერი) და მოგვიანებით დანიშნული დირექტორი, ირაკლი ნარმანია. მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, არად დაგიდევენ, რომ კორპუსი იმავე მდგომარეობაშია, ლიფტები არ არის, ხალხი მე-9-ე სართულზე ფეხით ადის, სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია. ეს სამი ფუნტი იღებს ხალხს, რაღაც მოლაპარაკებები, გარიგებები აქვთ. ზამთარში გაგვეყინა წყლის მილები, მოსახლეობა ვაკეთებდით, ისინი შიგნით ისხდნენ და არც განძრეულან.

როგორც ვიცი, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართეთ.
- სასამართლოს მიმართა მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ბინები ვერ გაიფორმეს. მათ მოიგეს სარჩელი. დაახლებით 5-6 კაცს მიმართული აქვს სასამართლოსთვის და „მოდულს“ ამის გამო ყველაფერი დაუყადაღეს. ახლა უკვე 30-მა ადამიანმა მიმართა პროკურატურას. ამ ერთი თვის წინ მოგვადგა აღმასრულებელი და უნდა გამოვესახლებინეთ, რადგან ისევ იპოთეკაშია ჩვენი ბინები. ამიტომ გამოსახლების შესაჩერებლად იპოთეკის თანხის გადახდა მოგვიხდა. ფუნტების ფენომენი საინტერესოა. როცა ვუთხარი, თქვენ ხომ 20 ათასი დოლარის ოდენობით ჩემი ვალი გაქვთ, ეს ვალი მაინც აღიარეთ და საბუთი მომეცით-თქო, ამ საბუთის მოცემაზე უარს ამბობენ. რადგან პროკურატურაშია საქმე, ალბათ, გაგვაჩერებენ, გაკოტრებას გამოვაცხადებთ და თანხას როგორ გადაგიხდითო. არადა, ათი ათასი დოლარი იპოთეკისთვის გადავიხადე და კიდევ ათი ათასი დოლარი იმისთვის გავიღე, რომ დაპირებული თეთრი კარკასი არ ჩამაბარეს. რემონტის ფულს აღარ ვითხოვ. უბრალოდ, მინდა, ისტორიას მაინც დარჩეს, რომ არსებობენ 21-ე საუკუნის თაღლითები.

დღემდე არ გამოცვლილა ის რეგულაციები და კანონმდებლობა, რომელიც თავის დროზე ოდესის დღევანდელმა გუბერნატორმა, ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა. ამ კანონმდებლობით, თურმე, დამკვეთის წინაშე პასუხს აგებს შპს და არა შპს-ს დამფუძნებელი ვინმე ხარაბაძე, ცხოვრებაშვილი, რევაზიშვილი. გამოდის, ინდივიდის ნაცვლად, პასუხს აგებს ფირმა - შპს, რომელსაც არაფერი გააჩნია. შესაბამისად, სასამართლოც გვეუბნება, თქვენ მართლები ხართ, თანხა გეკუთვნით, მაგრამ ფირმას არაფერი გააჩნიაო. თავის დროზე, როცა რამდენიმე კაცმა მათი საბუთები შევამოწმეთ, ძალიან მარტივი დაანგარიშებით დავითვალეთ, რომ ეს ადამიანები ვერ ახერხებდნენ ნახევარი მილიონი დოლარის გამართლებას, თუ სად დახარჯეს ეს თანხა. ბუღალტერი მანანა ნაკაშიძე ამბობდა, ცუდი მენეჯმენტია, თანხებზე კიდევ ვიმუშავებ და მერე მოგახსენებთო. კურიოზულ რამეს გვეუბნებოდა, თითქოს ჩემს მიერ ბინისთვის შეტანილი ფული ქველმოქმედებაში დახარჯეს. “მოდული” თურმე ქველმოქმედებას ეწეოდა. მაშინ, როცა მარტო ეს კორპუსი კი არა, მათ ოთხი კორპუსი აქვთ დასამთავრებელი და რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავთ მოტყუებული. სხედან ეს ფუნტები და ციხეში ჩაჯდომაც არ ემუქრებათ, კანონით ისინი პასუხს არ აგებენ. ახლა არ ვიცი, პროკურატურა თუ შეძლებს, თაღლითობა დაუმტკიცოს. ამ დროს კი „მოდულის“ დამფუძნებლებმა ჩვენს მახლობლად ააშენეს და დაასრულეს სულ სხვა კორპუსი. ჩვენი ხალხი რომ მიადგა, ჩვენს კორპუსს რას უპირებთო, ჩვენ მანდ აღარ ვართო.

ნაციონალებისკენ ხომ არ მიდის ეს საქმე?

- ეს მშენებლობა სწორედ მაშინ არის დაწყებული, „მოდული“ მაშინ იყო ცნობილი ფირმა. ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიშა სააკაშვილი, საკრებლოს თავმჯდომარეობისა და შემდგომ უკვე პრეზიდენტობის დროს, მფარველობდა დეველოპერებს და მშენებლობებს. ახლა წუწუნებენ, ნაციონალებმა ბევრი ფული წაგვართვეს და იმიტომ ვერ დავასრულეთო, მაგრამ ფაქტი ერთია, მათ ბანკისგან აიღეს უზარმაზარი სესხი, დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარი, გაყიდეს 180 ბინა, შეუვიდათ დაახლოებით 5 მილიონი დოლარი. ამ დროს მერაბ ჯანელიძე იძახის, იცით, რა კარგი პირამიდა გვქონდაო? აქ შემოსული ფულით იწყებდნენ მეორე კორპუსის მშენებლობას. ამის გამო ამერიკაში უზარმაზარი ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები დაიჭირეს. ჩვენი მიზანია, ოსტაპ ბენდერებმა, რომლებიც ამათ უკან დგანან, ჩაგვაბარონ და დაასრულონ ეს საშინლად სანახავი კორპუსი, სადაც ცხოვრება საშიშია, რა დაგვეცემა თავზე, არ ვიცით. ჩემს სართულზე ოთხი ბინა დაკეტილია და პატრონები არ ჩანან.

თქვენი გათვლით, დაახლოებით რამდენი დასჭირდება კორპუსის დასრულებას?

- მინიმალურ დონემდე რომ მიიყვანონ, 150 ათასი დოლარიც საკმარისია. ამ დროს კი ეს ფუნტები მანდ სხედან და ოსტაპ ბენდერები (გელა ხარაბაძე, მარინა ლორთქიფანიძე, რევაზ რევაზიშვილი, რევაზ ჟღენტი) მათ მიღმა თაღლითობას აგრძელებენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანი რომ გაკოტრდებოდა, თავს იკლავდა, რადგან მევალეებს ვერ ისტუმრებდა და სირცხვილით საზოგადოებაში ვერ გადიოდა. დარწმუნებული ვარ, გელა ხარაბაძეც და სხვებიც ვაჟკაცობასა და კარგ ადამიანობაზე თავს დებენ, მაშინ როცა უამრავი ხალხი მოტყუებული ჰყავთ.