მსოფლიოს ერთ–ერთი საშიში ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მამა, თემურ ბათირაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. შემდეგ თანასოფლელებმა გადაამოწმეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვისთან გადაამოწმეს პანკისელებმა აღნიშნული ინფორმაცია.
რატომ წავიდა ქვეყნიდან, ვისგან იგებს შვილის შესახებ ცნობებს და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კონტაქტი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თემურ ბათირაშვილს ესაუბრა.
რუსული საინფორმაციო საშუალებები პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას თქვენი შვილის დაკავების თუ ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ ეს იფორმაცია შემდეგ არ დასტურდება, არ დადასტურდა ახლაც. თქვენ როგორ გაიგეთ, რომ ცნობა მისი დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა?
თემურ ბათირაშვილი: ჩემი შვილი არ არის ტერორისტი და არც ტერორისტულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. დილით ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ამერიკელებმა ტერორისტი თარხან ბათირაშვილი დააკავესო. ეს ინფორმაცია რომ გამოაცხადეს, ქუჩაში გავვარდი, რომ რამე ინფორმაცია გამეგო. ახლგაზრდებმა მკითხეს რა მოხდაო, ვუთხარი მათ თარხანი დაიჭირეს, ტელევიზიამ გამოაცხადა-თქო. ერთ–ერთმა მითხრა, რომ ახლავე გავარკვევო. სადღაც წავიდა, მაგრამ არ ვიცი სად. ათ წუთში მოვიდა და მითხრა, რომ არ დაიჯერო, ყველაფერი ტყუილია, ისევ რუსებმა გაავრცელესო.
არ იცით სად წავიდა და ვისთან გადაამოწმა, უშუალოდ თქვენს შვილთან, თუ მის თანამებროძლებთან?
– არა. მარტო ის მითხრა, რომ ისევ რუსებმა გაავრცელესო. თარხანისგან ეგენი ვერაფერს ვერ გაიგებდნენ. ალბათ, მისი მეგობრებისგან გაიგო.
რა ინტერესი აქვთ რუსებს, რომ პერიოდულად ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას?
– თარხანი მაგათთვის დიდი პრობლემაა.
რატომ?
– იმიტომ, რომ თარხანის არმიაში არიან ჩრდილო კავკასიელი მეომრების დიდი ნაწილი. ყველაზე ძლიერი სწორედ ისინი არიან და მათი ეშინიათ რუსებს. ეშინიათ, ისევ არ დაბრუნდნენ უკან და არ განახლდეს გროზნოს ამბები. ამის ეშინიათ და ამიტომ, ძალიან უნდათ თარხანი, როგორც ლიდერი დაიღუპოს ან მოკლან.
მას შემდეგ რაც საქართველო დატოვა თუ გქონდათ თქვენს შვილთან კონტაქტი, ან თუ იცით სად იმყოფება? გავრცელებული ცნობით ის ლატაკიაშია...
– ჩემთვის უცნობია სად არის. არ მეკონტაქტება.
ბოლოს, როდის ესაუბრეთ თქვენს შვილს?
– ერთხელ დამირეკა შარშან წინ, ეგ იყო და ეგ. მაგის შემდეგ ჩემს შვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხეობიდან ახლგაზრდები წასული არიან სირიაში, ზოგს დედა აკითხვას, ზოგს ცოლი და მათი მეშვეობით ვიგებ ინფორმაციას ჩემი შვილის შესახებ.
თქვენ შვილი აღიარებულია როგორც ერთ–ერთი საშიში ტერორისტი, შეყვანილია ტერორისტთა სიაში. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
– ჯერ ერთი ჩემი შვილი არ არის ტერორისტი. ის ნაციონალებმა აქციეს ტერორისტად. იცით თქვენ როგორ უნდოდა თარხანს ქართულ ჯარში მსახურება? ძალიან კარგი სამხედრო იყო. 2008 წელს რუსების წინააღმდეგ ომობდა, მაგრამ დააკავეს, ოპერაცია გაუკეთეს ფილტვებზე და გააკომისიეს. ბევრი იარა, რომ აღედგინათ სამხედრო სამსახურში, მაგრამ არ დაუშვეს, გაანადგურეს ჩემი შვილი მაგათმა.
იქნებ იმიტომაც არ დაუშვეს, რომ შემჩნეული იყო ტერორისტებთან კავშირში?
– თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ვინ იყო თარხანი. სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, აქაურ ახალგაზრდებს სასტიკად აფრთხილებდა ახლოს არ გაეკაროთ ტერორისტებსო. საიდან უნდა ყოფილიყო მათთან კავშირში შემჩნეული, როცა სასტიკი მოწინააღმდეგე იყო მათი.
ფაქტია, რომ დღეს თქვენი შვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი გავლენიანი ლიდერია...
– ადამიანს რომ ცხოვრების ყველა გზას მოუჭრი, ის მიდის ასეთ გადაწყვეტილებაზე. ჯერ სამსახურიდან გააგდეს, მერე ციხეში ჩააგდეს უდანაშაულო კაცი. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს.
მაგრამ გამართლება შეიძლება ჰქონდეს თქვენი შვილის გადაწყვეტილებას?
– რა გითხრით თქვენ ახლა! ადამიანს, რომ ცხოვრების ყველა გზას მოუჭრი, ის ყველაფერზე მიდის.
თქვენი შვილი კურირებს პანკისიდან ახალგაზრდების გაყვანას სირიაში?
– ჩემი შვილი არ ერევა ამ საქმეში. პირიქით, ის პატრონობს აქედან წასულ ახალგაზრდეს. არ ვიცი რატომ მიდიან და არც ის ვიცი, რა ავტორიტეტით სარგებლობს ჩემი შვილი, რომელიც 27 წლის არის.
თქვენ ამბობთ, რომ ის არ არის ტერორისტი, ასეთ შემთხვევაში არ ფიქრობთ, რომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ჩაბარდეს პოლიციას და დაამტკიოს მისი უდანაშაულობა?
– როგორ უნდა დაბრუნდეს, როგორც კი დაბრუნდება დაიჭერენ. ქართული ტელევიზია აცხადებს, რომ მთავარი ტერორისტია ბათირაშვილიო და როგორ უნდა დაბრუნდეს?! ჩემი შვილი არ არის ტერორისტი, იმ სიაშიც უკანონოდ შეიყვანეს. ამერიკელებმა დაიჭირესო და ესეც ტყუილი აღმოჩნდა. ამერიკელები მას არ დაიჭერენ.
რატომ არ დაიჭერენ?
– როდესაც თარხანი სამხედრო სამსახურში მსახურობდა, მას ამერიკელი ოფიცრები წვრთნიდნენ.
მაგრამ მაშინ არ იყო თქვენი შვილი კავშირში ტერორისტულ დაჯგუფებებთან...
– არც ახლა არ არის ტერორისტი.
დანაშაული, რომელსაც ჩადიან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, როდესაც ხოცავენ ქალებს, ბავშვებს, უდანაშაულო ადამიანებს. პირადად თქვენთვის რა არის ეს, გმობთ მათ ქმედებას?
– ეს არის საშინელება. ეჭვი მეპარება, რომ ჩემი შვილი ამ ამბავში მონაწილეობდეს, იმიტომ, რომ ეს საშინელებაა, არ შეიძლება. წმინდა წიგნი გვაფრთხილებს, რომ არ მოჰკლა კაცი.
თუმცა, ამის მიუხედავად თქვენი შვილის შესახებ არის ეს ცნობები...
– მეძახიან და უნდა გავიდე...