წინასაახალწლო სამზადისი ხუთსულიან ოჯახს, სტუმრებისა და მეკვლის გარეშე, 500 ლარზე მეტი დაუჯდება

წინასაახალწლო სამზადისი ხუთსულიან ოჯახს, სტუმრებისა და მეკვლის გარეშე, 500 ლარზე მეტი დაუჯდება

წინასაახალწლო სუფრის სამზადისი, როგორც წესი, ღარიბი მოსახლეობის ჯიბესა და ნერვებზე აისახება. მარტივი გათვლებით, წინასაახალწლო სამზადისი ხუთსულიან ოჯახს 500 ლარზე მეტი დაუჯდება, თუ არ ჩავთვლით სტუმრებს, მეკვლეებს და ყველა იმ ადათ-წესის დაცვას, რაც ქართულ სტუმართმოყვარეობას ახასიათებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წინასაახალწლო ფასების გასაგებად აუცილებელია სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე ყურადღების გამახვილება. კერძოდ, საახალწლო სუფრა არ ნიშნავს მხოლოდ ღამის 12-ის ნახევრიდან დილის 7 საათამდე სუფრას. ეს ნიშნავს, რომ 1-ელ იანვარსაც, 2-შიც და, შეიძლება, 3 იანვარსაც საახალწლო სუფრა გაშლილი იყოს და მისვლა-მოსვლა გაგრძელდეს.

ექსპერტის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის საშუალო რიცხოვნობა სულ უფრო მცირდება და ოჯახის წევრთა რაოდენობა უკვე ოთხზე ნაკლებია, მაგრამ სუფრის ღირებულებას ზრდის ის ფაქტორი, რომ ახალ წელს აქტიურია მისვლა-მოსვლა, სტუმრიანობა, მეკვლეობის ინსტიტუტი.

„ამიტომ, სულ ცოტა, ექვს კაცზე უნდა ვიანგარიშოთ სუფრა. ახალი წელი მართლმადიდებლისთვის სამარხვო პერიოდია და მორწმუნეთა დიდი ნაწილი მარხულობს. ეს მომენტიც არ უნდა დავივიწყოთ და ამით უნდა შედგეს საახალწლო სუფრის ღირებულება. მე მაინც კომპრომისზე მივდივარ და, როცა საცივს ვახსენებ, გოჭის ხორცს გამოვრიცხავ. ამ დაჯამებით, ექვსკაციანი სუფრისთვის დაახლოებით 314 ლარზე ავდივარ. წინა წელთან შედარებით, საახალწლო სუფრის ღირებულება სადღაც 8,3%-ითაა გაზრდილი, რაც საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. ჩვენთან ჯერ არ დამკვიდრებულა ის კულტურა, რომ წინასაახალწლო პერიოდში ფასების მაქსიმალური შემცირება მოხდეს. პირიქით, ახალი წლის დღეებში ჩვენთან აჟიოტაჟური მოთხოვნაა და ყველაფრის ფასი მატულობს, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კი პირიქითაა. მთლიანობაში, ჩვენს ბაზრებზე გოჭის ფასი სადღაც 85-დან 120 ლარის ფარგლებში მერყეობს, ინდაურის ფასი 60-70 ლარი. ოქტომბრის აჟიოტაჟური მოთხოვნის შემდეგ, როცა ნიგოზი 35-37 ლარი ღირდა, ახლა ნახევარჯერ და მეტადაც შემცირებულია და ნიგოზი 21-22 ლარად იყიდება. თაფლის ფასი გაზრდილია და (შარშანდელი 12-13 ლარის ნაცვლად) 16 ლარის ფარგლებშია. გაიზარდა ლიმონათის ტიპის სასმელებისა და ყველის ფასი“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, 24 დეკემბრის ყველა ნავაჭრს აღნუსხავს და შეუძლია თქვას, რომ, 2011 წლიდან მოყოლებული, ბათუმის მასშტაბით ფასები პრაქტიკულად არაფერზე არ გაზრდილა. ანუ ყველი რაც ღირდა, ისევ 8-9 ლარია, 10-12-კილოიანი გოჭი 115-დან 125 ლარამდე მერყეობს. ნიგოზი 23-25 ლარი ღირს და სხვა.

„თუ ძალზე ეგზოტიკური სუფრა არ გვინდა, ჩვეულებრივი 5-სულიანი ოჯახისთვის ახალ წელს სრულიად საკმარისია 550-600 ლარი. სურსათს შარშანაც ანალოგიური ღირებულება ჰქონდა. შარშან და შარშანწინდელთან შედარებით, კატასტროფულად გაძვირებული არაფერი არ არის. ახლა ბათუმის ბაზარზე 12 ლარი ღირდა ქათამი, ხორცი-10-12 ლარი, თევზი-8-9 ლარი, ყველი-9 ლარი, შებოლილი სულგუნი-12-13 ლარი. თუმცა საქართველოში პრობლემაა მოსახლეობის ძალზე დაბალი მსყიდველობითუნარიანობა. ამის გამო ერთჯერადად გაღებული საახალწლო ფასები მძიმე ტვირთად აწვება ქართულ ოჯახებს. მით უმეტეს, ქართული სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე, სტუმრის პატივისცემა გაუჭირდებათ. არადა, ადამიანმა შეიძლება სხვა დღეებში მოიკლოს და ახალ წელს კარგი სუფრა დაახვედროს მეკვლესა და სტუმარს.