ბათირაშვილის დაკავება არ დასტურდება - ევროპა კი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ბათირაშვილის დაკავება არ დასტურდება - ევროპა კი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება ინფორმაცია, თარხან ბათირაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. რუსული სააგენტოების ცნობით, ერაყის ტერიტორიაზე, კირკუკის პროვინციაში, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი აიყვანეს. სააგენტოს ცნობით, ბათირაშვილთან ერთად დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ორი საველე მეთაური, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სულეიმანიაში გადაიყვანეს. ასევე სააგენტოს ინფორმაციით, სადესანტო ოპერაციისას ლიკვიდირებული იქნა შვიდი მებრძოლი.

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არასდროს დადასტურებულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ქისტი, თარხან ბათირაშვილი მერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული.

ჩეჩნური დისპორის წარმომადგენელი საქართველოში, მექა ხანგოშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბათირაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ხეობაში ამ დრომდე არ არსებობს. მისივე თქმით, შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მამას, თემურ ბათირაშვილს. მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ბათირაშვილის ლიკვიდაციისა და დაკავების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მხარე.

„მსგავსი სახის ცნობები რამდენჯერ გავრცელდა და არც ერთხელ არ დადასტურდა. როგორც ჩანს, ახლაც იგივე ხდება, რადგან თარხან ბათირაშვილი ყველაზე საშიში მტერია რუსეთისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ სირიაში მშვიდობისთვის იბრძვის პუტინი? - ეს ასე არ არის. პუტინი ჩრდილო კავკასიელებს ებრძვის სირიის მიწაზე. პროვინცია ლატაკია, სადაც დისლოცირებულია თავისუფალი არმია, მათი უმეტესობა წასულია ჩრდილო კავკასიიდან, ყველაზე ძლიერ ძალას წარმოადგენენ. თუკი გადარჩნენ, პირველი საშიშროება მათგან სწორედ პუტინს ემუქრება. ამიტომ, რუსეთის ინტერესშია, რომ გაანადგურონ ბათირაშვილი.

ასეთი ცნობებით ცდილობენ ბათირაშილის გავლენის შესუსტებას, რადგან ახალგაზრდებზე, რომლებიც პანკისის ხეობიდან მიდიან, ძალიან დიდ როლს თამაშობს ბათირაშვილის გავლენა. ამიტომ, რუსეთის პირდაპირ ინტერესია მისი ლიკვიდაცია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ბაღდადი და მისი დაჯგუფება, მაგრამ მასზე ბევრად უფრო ძლიერი და გავლენიანია თარხან ბათირაშვილი და მისი დაჯგუფება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ამერიკელი სადესანტო სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერთო ოპერაციებში, მაგრამ მისივე განცხადებით, ამ დრომდე არ დასტურდება ინფორმაცია ბათირაშილის დაკავების შესახებ.

„ასეთი ცნობების გავრცელება საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა მოწინააღმდეგის რიგებში გამოიწვიოს ერთგვარი პანიკა. ამ ინფორმაციის პარალელურად რუსები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათი წარმატებული ოპერაცია გრძელდება სირიაში. სანამ არ დადასტურდება ოფიციალური ფაქტი, მანამდე რთულია ამაზე საუბარი.

არ მგონია, რომ ბათირაშვილი ასე იოლად ჩაბარებოდა მოწინააღმდეგეს. თუკი ამერიკელებმა ტყვედ ჩაიგდეს ბათირაშვილი, აუცილებლად გავრცელდებოდა მისი დაკავების აუდიო-მასალა. ბუნებრივია, რომ ყველა ნიუანსს არ გახსნიდნენ, მაგრამ მისი დაკავების კადრები ყველა ვარიანტში გამოჩნდებოდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, მსგავსი ცნობების გავრცელება იმ საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.

„რუსეთი სირიაში კავკასიისთვის იბრძვის და ეს ვლადიმერ პუტინმაც არ დამალა. მსგავსი ცნობების გავრცელებაც წინმსწრები თავდაცვის სტრატეგია. რუსეთი სირიაში ებრძვის და ანადგურებს იმ ძალებს, რომლებმაც შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნან რუსეთს ჩრდილოკავკასიაში და დაემუქრონ რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ბათირაშვილის, იგვე აბუ ომარ ალ-შიშანის დაკავების პარალელურად, ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიაში ავიადარტყმების შედეგად, რომელიც დამასკოს გარეუბანში განხორციელდა, განადგურებულია უდიდესი სირიული დაჯგუფება დაიშ ალ ისლამის მეთაური და რამდენიმე ლიდერი. მათ შორის „ისლამის არმიის“ დამაარსებელი ზაჰრან ალიუში.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ლიკვიდაციის პარალელურად, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთის ქვეყნებმა, კერძოდ - ვენამ, იტალიამ და გერმანიამ. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ბოლომდე ქვეყანაში ტერაქტებია მოსალოდნელი. გერმანული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიის სადაზვერვო სამსახურმა ევროპულ ქვეყნებს გადაუგზავნა ინფორმაცია, საახალწლო პერიოდში ტერაქტების მაღალი რისკის შესახებ.

როგორც პოლიციის პროფკავშირის ლიდერმა რაინერ ვენდტმა გამოცემა „ბილდთან“ საუბარში განაცხადა, საფრთხეების დონის გაანალიზება 24 საათიან რეჟიმში ბერლინში, ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრში ხორციელდება. თავშეყრის ადგილებში გაიზარდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სამართალდამცველების რაოდენობა.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ დასავლეთი სერიოზული საფრთხეის წინაშე დგას, რადგან „ისლამური ხალიფატი“ დასავლეთის ქვეყნებს ასიმეტრიული სამხედრო ოპერაციებით ეომება.

„ეს არის ჩვეულებრივი ომის ლოგიკა. ახალი წელია და ლოგიკურია, რომ იზრდება ტერაქტების საფრთხე. ხალხი მასიურად გამოდის ქუჩაში, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ტერაქტის განხორციელებისათვის“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.