რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2015 წლის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაჩქარებული წესით კენჭი უყარა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანაშრომლებს უფლება ეძლევათ, ბავშვებსა და ქალებს ესროლონ. ამ უფლებას დეპუტატები უშიშროების წარმომადგენლებს ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით აძლევენ.
ასევე, სახელმწიფო სათათბირომ უშიშროების ძალებს მასობრივი არეულობის დროს საცხოვრებელ სახლებში შესვლის უფლებაც მისცა.
გარდა ამისა, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს ეკრძალებათ უცხოელებთან და საზღვარგარეთის მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, ასევე - კონტაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიიღეს.
რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის უშიშროების თანამშრომლების რადიკალური გადაწყვეტილება, ესროლონ ქალებსა და ბავშვებს? ძალისმიერი რუსული პოლიტიკის გათვალისწინებით, ხომ არ განავრცობს რუსეთი ამ კანონპროექტს სხვა ტერიტორიაზეც, საკუთარი მოქალაქეების „დაცვის“ საბაბით?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, რუსები ელოდებიან შაჰიდების შემოსევას. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციულ სამსახურს გააჩნია მონაცემები, რომ მათ ტერიტორიაზე გააქტიურდა ISIS და ამიტომაც რუსები ემზადებიან კონტრზომების მისაღებად.
„ცნობილია, რომ ISIS-ის დაჯგუფება ხშირად იყენებს ბავშვებს ტერორისტული ქმედებების განხორციელებისთვის. ალბათ, ამ კონტექსტშია მიღებული რუსეთის უშიშროების სამსახურის ასეთი არაჰუმანური გადაწყვეტილება. გამორიცხული არ არის, კრემლმა ეს კანონპროექტი სათავისო მიზნებისთვის გამოიყენოს, რადგან რუსეთში რომ მოქმედებენ სიკვდილის ესკადრონები, ეს დამტკიცებული ფაქტია. განსაკუთრებით, საუბარია ჩეჩნეთსა და დაღესტანში მოქმედ ფორმირებებზე. მაგალითად, კადიროვის უკანონო ფორმირებები მიწერილია სხვადასხვა ფორმირებებთან, რეალურად კი ისინი სიკვდილის ესკადრონები არიან და ახორციელებენ ტერორს ჩეჩნეთსა და დაღესტანში, ინგუშეთსაც კი ფარავენ. ეს კანონპროექტი მათთვის მიცემული მწვანე შუქია და, ძირითადად, ჩრდილო კავკასიაზე გავრცელდება. თუმცა, შესაძლოა, სირიაშიც გავრცელდეს ქალებისა და ბავშვების მოკვლის მკაცრი ზომები, რადგან სირიაშიც არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ნაწილები, რომლებიც ასადის რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მკაცრი ზომების მიღება მოუწევს არა მარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ ყველა იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც ჩართულია ანტიტერორისტულ კოალიციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მით უმეტეს, რუსეთის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთის 3500 მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საჰაერო დარტყმებით უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, იქიდან მებრძოლები გარბიან და შედიან თურქეთში, თურქეთსა და რუსეთს კი კარგი ურთიერთობა არ აქვთ, ამ ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღარ ხდება, რაც ნიშნავს, რომ თურქებმა შეიძლება ისლამისტები შეუშვან რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ეს 1994-95 წლებში მოხდა, როცა მოჯაჰიდები და ტერორისტები გაუშვეს რუსეთისკენ. ამიტომ რუსებმა რაღაცნაირად უნდა დაიცვან თავი.
„დღეს, მაგალითად, იერუსალიმში, უბრალოდ მიმავალმა 16 წლის არაბმა დანა ამოიღო და ორი კაცი მოკლა. რა უნდა ქნას ჯარისკაცმა ასეთ დროს, როცა არაბი თავს ესხმის კაცს? საფრანგეთის ტერორისტული აქტების ჩამდენნიც ახალგაზრდები იყვნენ, ძირითადად ახალგაზრდები არიან მოწამლულნი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ. თუმცა არავინაა დაზღვეული, რომ რუსები ამ კანონს არასწორად არ გამოიყენებენ. სწორედ ამიტომაა ქვეყანაში პროკურატურა, სასამართლო, თუ ვინმე კანონს არაკანონიერად გამოიყენებს, ის ადამიანი დაისაჯოს. ამ კანონს, ალბათ, რუსეთის ტერიტორიაზე ექნება ძალა, თუმცა რუსეთს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის თაობაზეც აქვს კანონი მიღებული. ამდენად, შესაძლოა, საქართველოშიც განახორციელონ ეს ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე დაემუქრებათ. წესით, ნებისმიერმა ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს სპეცოპერაცია სხვა ქვეყანაში, თუკი მის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და იმ ქვეყანას არ ძალუძს ამ საფრთხის აღკვეთა.
მაგალითად, როდესაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა და ალყა შემოარტყეს ამერიკის საელჩოს, მაშინ აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარი ჩავიდა და მან გამოიყვანა დიპლომატთა ნაწილი. გარდა ამისა, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა-იონათან ნეთანიაჰუ სწორედ ასეთი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს. ეს ოპერაცია აფრიკაში ჩატარდა და, სხვათა შორის, იქ დახოცეს ტერორისტები“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.
ამასთან, ამ კანონის არაჰუმანურობაზე საუბრისას ახსენდება აშშ-ის მიერ 2002 წელს მიღებული „პატრიოტის აქტი“, რომლითაც ამერიკელ ჯარისკაცებს შეეძლოთ, ადამიანის დახრჩობის იმიტაცია მოეხდინათ. ისინი აფარებდნენ პირსახოცს ტყვეებს, ასხამდნენ წყალს, ვითომ ახრჩობდნენ ამ ხალხს და ამით იღებდნენ ჩვენებებს. ზოგჯერ ჩვეულებრივ დანაშაულთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ - უდანაშაულო ადამიანების მასობრივ დახოცვასთან. ასეთ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი მოიბამს შაჰიდის ქამარს, თუ 75 წლის მოხუცი და 200 ადამიანს ააფეთქებს. აქ პრევენციაზეა საუბარი.
„დემოკრატიის შუქურებშიც კი ხდება კანონის დარღვევა. აბუ-გრეიბის ციხეც საკმარისია, თუ რას აკეთებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, სანამ მათ გაასამართლებდნენ. იგივე ეხება იარაღის ტარებასაც. ახლა ამერიკაში საუბარია იმაზე, რომ აიკრძალოს იარაღის ტარება, რადგან მუსლიმანი ტერორისტები იარაღს ხალხის დასახოცად იყენებენ. სინამდვილეში, იარაღი კი არ კლავს ადამიანს, არამედ ადამიანი კლავს ადამიანს ცივი იარაღის, ქვის ან სხვა ნივთების გამოყენებით. კაენმა აბელი მოკლა ქვით, მაგრამ ამის გამო ქვები არ გადაუძახეს ზღვაში“.