მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ექსპერტები ხელისუფლებას გონივრულ გამოსავალს სთავაზობენ. ის, რომ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ერთი წლის ვადით აიკრძალება და სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება, მათი აზრით, დრაკონული კანონი იქნება. ამიტომ სახელმწიფომ კეთილი ნება უნდა გამოავლინოს ამ პროცესში.
ექსპერტთა აზრით, ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეს თუ სოფლად მცხოვრებ გლეხს თანხები რომ ჰქონოდათ, ამ ნაკვეთებს წლების განმავლობაში ისედაც დაირეგისტრირებდნენ. ახლა კი აზომვითი ნახაზის მომზადება, საჯარო რეესტრში მიწის დარეგისტრირება არცთუ იაფი სიამოვნებაა. ამიტომ პირველადი რეგისტრაციის დროს სახელმწიფომ უნდა დაურეგისტრიროს მოქალაქეებს ეს ნაკვეთები. შემდეგ კი, მეორადი გადაყიდვებისას, მოქლაქეები თავად გაიღებენ თანხებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კერძო საკუთრების დარეგისტრირება აუცილებელია, რათა ისე არ მოგვივიდეს, როგორც ქართულ ანდაზაშია - შვიდ ძიძას ბავშვი მშიერი დარჩაო. იმის დეკლარირება, რომ თურმე ბებია და ბაბუა ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, სოსო არჩვაძის თქმით, საკმარისი არ არის, რადგან მიწის რეალური მფლობელი მიწის იურიდიული მესაკუთრეც უნდა გახდეს. განსაკუთრებით, ეს პრობლემურია მთიან ზონაში, სადაც ისტორიული და გენეტიკური მეხსიერება მძაფრადაა წარმოდგენილი. თუმცა ჩვენ უკვე მომავალი წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ და აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერია გაწერილი.
„90-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებელი ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემა მყისიერად მოხდა და მოსახლეობას ამისთვის არაფერი გადაუხდია. მიწის ფონდთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატვა მართებს. შეიძლება, გარკვეული ზღვარიც დაწესდეს და, ვისაც მიწის ნაკლები რესურსი გააჩნია, გათავისუფლდეს გადასახადისგან. ისევე, როგორც ფერმერები, რომელთა ბრუნვაც წლის განმავლობაში 200 ათასს აღემატება, დამატებითი ღირებულების გადასახადს იხდიან, ხოლო, ვისაც ნაკლები ბრუნვა აქვს, არ იხდიან ამ გადასახადს. გარდა ამისა, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დამცავი დათქმაც უნდა ჩაიდოს, რომელიც მიწის ფონდის ისე განიავების საშუალებას არავის მისცემს, რომ მერე სულ სხვა პოლიტიკური სირთულით დაუბრუნდეს სახელმწიფოს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ და აქვე განმარტა, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში საუკუნენახევრიანი ჩამორჩენა გვაქვს და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რა მდგომარეობაც იყო ევროპასა და ამერიკაში, ისეთივე მდგომარეობაა ჩვენს სოფლის მეურნეობაში, სადაც, დანარჩენ დარგებთან შედარებით, 11-ჯერ დაბალია შრომის მწარმოებლურობა, ანუ პროდუქციის წარმოება ერთ დასაქმებულზე სოფლად.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში უძრავი ქონების მხოლოდ 20-25%-ია დარეგისტრირებული, დანარჩენი დასარეგისტრირებელია. ამ მხრივ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა გლეხს ფული არ აქვს იმისთვის, რომ საკუთარი მიწა და სახლ-კარი დაარეგისტრიროს. ამის გამო სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„თეორიულად ვითარება ასეთია, თუ არ დაარეგისტრირა გლეხმა სახლ-კარი, სახელმწიფო თავის საკუთრებაში დაარეგისტრირებს. ერთი წლის შემდეგ ამაზე წარმოიშობა დავა, გლეხი დაიწყებს მტკიცებას, რომ ეს მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში იყო და, სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში, მოიგებს. დარეგისტრირების პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ეს გლეხს საკუთარი ხარჯით კი არ უნდა გაეკეთებინა, არამედ -სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. სახელმწიფომ პირველადი რეგისტრაციის პრობლემა მოქალაქეს არ უნდა შეუქმნას, მერე კი, ვინც იყიდის მიწას, იმან დაარეგისტრიროს. თორემ აზომვითი ნახაზი ფასიანია, რეესტრში წასვლაც ხარჯიანია. გააჩნია, რამხელაა ნაკვეთი. მიწის პატარა ნაკვეთი, სულ ცოტა, ას ლარამდე დაჯდება. ამასთან, ეს ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებად კი არ უნდა ითვლებოდეს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის, რადგან სახელმწიფოსთან დავა რთულია, თვითმმართველობა კი შენთან უფრო ახლოსაა. სამწუხაროა, რომ სოფელი აღარ წარმოადგენს სამართალსუბიექტს, რომელსაც სათემო საკუთრება ჰქონდა. ადრე კი ქართული ტრადიციით, საკუთრების ორი ფორმა არსებობდა -კერძო და სათემო საკუთრება. სოფლის იყო საძოვარი, სათიბი, ტყე, წყალი, სარეზერვო მიწები. რუსეთის იმპერიაში ეს უფლება მოისპო. ახლა, რახან თემი დაშლილია და საკუთრება არ აქვს, ყველა, ვინც სოფელში ცხოვრობს, პრაქტიკულად ხიზანია. ჯაყოს ხიზნების მსგავსი ვითარება გვაქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.