ბათუმში, ქალაქის ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია. საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
აჭარის მთავრობის განმარტებით, 130 წლის ისტორიის მქონე ბულვარი ახალ სიცოცხლეს შეიძენს კომპანია „დრიმლენდლ ოაზისის“ მიერ მომზადებული კონცეფციით, რომლის მთავარი მიმართულებებია ახალი ფერები, მეტი გამწვანება და მყუდრო რეკრეაციული ზონები რუხი ასფალტის ნაცვლად.
გასულ კვირაში გამართული პირველი საჯარო განხილვისას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის მწვავე დისკუსია გამოიწვია ბულვარში არსებული სამი ხეივნის ორამდე შემცირებისა და გაუქმებული შუა ხეივნის ტერიტორიაზე ახალი კაფეების, შადრევნებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობის გეგმამ, რომელიც პროექტის მოწინააღმდეგეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ბულვარის ხელყოფად შეაფასეს.
გაცილებით მწვავე აღმოჩნდა რიგით მეორე საჯარო განხილვა. ბულვარში არსებული შენობების მესაკუთრეთა ნაწილი ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
კონცეფციის განხილვისას შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დავით ბაციკაძესა და მოქალაქე ჯემალ ქიქავას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დამსწრეთა დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა, რადგან შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
ბათუმის მაცხოვრების, ინდმეწარმე ჯემალ ქიქავას განცხადებით, ბენდუქიძემ გაყიდა საქართველოს ქონება, მაგრამ ბულვარს არ შეეხო. ასლან აბაშიძე არ ეხებოდა ბულვარს, სააკაშვილმა კი გაზარდა ბულვარი.
„ესენი კი, ბომჟები მოვიდნენ უფულოდ, ხაბაძეს მიჰყიდეს ქონება ერთ ლარად, დღეს კი ორ მილიონად იყიდება“, - განაცხდა ქიქავამ.
ინდმეწარმესა და დავით ბაციკაძეს შორის უნივერსიტეტის დერეფანში გაწევ-გამოწევა გაიმართა და დეპატატს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ბაციკაძე აპირებს პოლიციას მიმართოს, თუმცა ამბობს, რომ ახლა პოლიტიკოსია და როცა თმენის ვალდებულება არ ექნება, ჯემალ ქიქავას ამ საკითხზე მაშინ დაელაპარაკება.
„მე ამ კონცეფციას ბათუმში უბან-უბან ვატარებ და არა მარტო აქ ვიღაცა რომაა მოსული, არამედ ბიზნესინტერესების მქონე ადამიანებსაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, რომ განვითარების სიტუაცია მათეული ხედვაა, ყველას ვაჩვენებ. თავად ბათუმელებმა გადაწყვიტონ მოსწონთ თუ არა კონცეფცია“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ წევრმა, დავით ბაციკიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმღვანელს და კონცეფციის ავტორს ბათუმელები ედავებიან თუ რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა, როდესაც ბათუმში ბევრი ადგილია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამასთან დაკაშირებით მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ბულვარს განვითარება სჭირდება. მას დაემატა მწვანე საფარი და თუ რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი ამ კონცეფციას სასამართლოში გაასაჩივრებს, იგი მზადაა დაიცვას სააგენტოს ინტერესები.
ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა, მას შემდეგ რაც იქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ბულვარი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ბათუმის მერიამ მისი ქალაქის თვითმმართველობის გადაცემა არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.