რუსეთი ოკუპირებული ცხინვალიდან „ისკანდერებით“ ემუქრება თურქეთს

რუსეთი ოკუპირებული ცხინვალიდან „ისკანდერებით“ ემუქრება თურქეთს

რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების პარალელურად, რუსეთი სამხედრო ძალებს აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჯავაში ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია „ისკანდერ-M“-ის ტიპის რაკეტები განათავსა. აღნიშნულ ბალისტიკურ რაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუს ოკუპანტებს, ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი თურქეთის - შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ, მათ შორის - გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიების.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „ისკანდერ-M“-ის ტიპის რაკეტების განთავსებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, სარაკეტო კომპლექსი უშუალოდ საქართველოსთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი და მარტო სარაკეტო კომპლექსმა არ დაარღვია ბალანსი რეგიონში. მისი თქმით, ქართული მხარის ამოცანაა, რომ უპირველეს ყოვლისა, პასუხი იყოს პოლიტიკური და არსებობდეს საერთაშორისო მხარდაჭერა. როგორც კაპანაძე აცხადებს, უნდა გავაგრძელოთ ინფორმაციის მოპოვება, რათა წინმსწრებად გვქონდეს ინფორმაცია შესაძლო გეგმებსა თუ ჩანაფიქრებზე.

„სარაკეტო კომპლექსებს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული და წერტილოვანი დარტყმების ფუნქცია. იქ არსებულ დაჯგუფებას გააჩნია სხვა საშუალება, რომ საფრთხე შეუქმნას საქართველოს. აღნიშნული კომპლექსები, ჩემი აზრით, არის უფრო შორსმიმავალი გეგმების ნაწილი. ნებისმიერი დაძაბულობა, თუნდაც ჩვენს მეზობლებს შორის, ან ნებისმიერი ბალანსის ცვლილება რეგიონში, შეიარაღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზოგადად რეგიონს და საქართველოს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ „ისკანდერების“ ტიპის რაკეტების განთავსების საკითხს ეხმაურება თავდაცვის მინისტრი. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ეს არის რეგიონალური მასშტაბის თემა, რეგიონალური საფრთხის მატარებელი და რეგიონალური მასშტაბის მოგვარებას საჭიროებს.

„ამიტომ, არა მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ რეჟიმში რაიმე განსაკუთრებული კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის და ალბათ, ყველაზე ნაკლებად საქართველოსთვის გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც ჩვენი მეზობლები არიან“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ექსპერტების განცხადებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „ისკანდერ-M“-ის ტიპის რაკეტების განთავსებით რუსეთი ცდილობს მიუახლოვდეს ნატოს წევრ სახელმწიფოს, თურქეთის საზღვრებს. ექსპერტები თვლიან, რომ საქართველომ მაქსიმალურდა უნდა მოახდინოს პარტნიორების ყურადღების კონცენტრირება, რომ შესაძლო სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რადგან არსებობს საფრთხე იმისა, რომ თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე „ისკანდერი“ გამოყენებული იქნას თურქეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ამის წინა პირობები უკლვე არსებობს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „ისკანდერ-M“-ის ტიპის რაკეტების განთავსებით, რუსეთი პირდაპირ ახდენს ზეწოლას საქართველოზე.

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს მოექცა რუსული „ისკანდერების“ დარტყმის ქვეშ. დიახ, აგვისტოს ომში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა „ისკანდერი“. „ისკანდერი“ სარეკეტო დანადგარის მეშვეობით დაიბომბა ფოთის პორტი და გორი. ახლა განლაგეს უკვე საქართვერლოს ოკუპირებულ რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთი აგრძელებს თაფლაკვერის და მათრახის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ერთი მხრივ საქართველოსთან დაახლოების და კეთილმეზობლური ურთიერთობის თამაშს თამაშობს, მეორე მხრივ, ზეწოლის ასეთ კონკრეტულ მეთოდებს იყენებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სამხედრო მიმომხილველი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები რუსეთმა ჩრდილოკავკასიის მხრიდან 2008 წელს გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით, განსაკუთრებით მოდერნიზებული „ისკანდერის“ საშუალებით წვდომა შეუძლია საქართველოს ნებისმერი წერტილში და თვით რუსეთის ტერიტორიიდანაც, რადგან მისი მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია.

„ამიტომ იმის აუცილებლობა, რომ ის შემოყვანილი იყოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ან აფხაზეთში, არ არსებობს. ამიტომაც, ჩნდება დასაბუთებული მოსაზრება, მათი შემოყვანა უკავშირდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიასთან მიახლოებას. ჩრდილოკავკასიიდან თურქეთის მცირე ნაწილი ხდება სამიზნე, ხოლო ოკუპირებული ჯავის რაიონიდან თითქმის თურქეთის შუაგულამდე აღწევს 500 კილომეტრის რადიუსში მოქმედი „ისკანდერი“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

როგორც ალადაშვილი აცხდებს, საბჭოთა პერიოდში ცივი ომის დროს საქართველოში დისლოცირებული იყო ორი სარაკეტო კომპლექსი. კერძოდ, საგარეჯოს რაიონში გომბორში განთავსებული სარაკეტო კომპლექსები თითქმის 900 კოლომეტრის რადიუსს ფარავდა, ანუ მთლიანად ფარავდა თურქეთს, ასევე აღწევდა ახლო აღმოსავლეთის საკმაოდ დიდ ნაწილზე. რაც შეეხება შაუმიანში განთავსებულ „სკადის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსებს, ალადაშვილის განცხადებით, მისი მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრი იყო.

„მაშინაც საქართველოს ტერიტორია განიხილებოდა, როგორც ერთგვარი სარაკეტო პლაცდარმი სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ახლაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა შექმნა ასეთი სარაკეტო პლაცდარმი, რომლის საშუალებით ის აკონტროლებს მთლიანად სამხრეთ კავკასიას და ასევე, ნატოს წევრი თურქეთის საკმაოდ დიდი ტერიტორიას და კერძოდ, - აღმოსავლეთ ტერიტორას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ისკანდერ-M“-ის ტიპის სარაკეტო სისტემები განთავსდა ოკუპირებული ჯავის ტეროტორიაზე, საიდანაც თურქეთის საზღვრამდე ძალიან ახლოა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში „ისკანდერ M“-ის სამიზნე არის თურქეთი, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ-აფხაზური ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა.

„მეშინია საქართველოს ტერიტორია არ დასჭირდეს რუსეთს და არ მოხდეს საქართველოს ჩართვა ამ კონფლიქტში. არა მარტო „ისკანდერის“ დაყენება, არამედ აფხაზეთშიც ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნასც პირდაპირ კავშირშია თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებასთან. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთი თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანაა და დიახ, იქ ძალთა კონცენტრაციის ინტერესი აქვს რუსეთს.

ბევრ ისეთ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი, რომელიც დაკავშირებული იქნება თურქეთის ფაქტორთან. რაც შეეხება საქართველოზე ზეწოლას, ალბათ, ძნელია ამ ფაქტის ზეწოლად შეფასება, რადგან დაწოლილიც არის საქართველოზე და ფეხიც დაბიჯებული აქვს. ცხინვალის რეგიონში ამ სარაკეტო დანადგარის განთავსებას საქართველოს კონტექსტში არ განვიხილავ, ეს პირდაპირ კავშირშია თურქეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.