ნოელ გალახერის ახალი ალბომი

ნოელ გალახერის ახალი ალბომი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილი წევრი ნოელ გალახერი პირველ სოლო ალბომზე იწყებს მუშაობას, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამოვა.

ჯერჯერობით უცნობია ამ ალბომის სათაური. სხვადასხვა ბრიტანულ ინტერნეტ საიტებზე უკვე გამოჩნდა მასში შემავალი რამდენიმე კომპოზიციის პირატული ჩანაწერი.

მუსიკოსის ინფორმაციით ალბომში ათი სიმღერა შევა, მათ შორის “Oasis”-ის ცნობილი კომპოზიციების “Stop the Clock”-ისა და “I Wanna Live In A Dream In My Record Machine”-ს ახალი ვარიაციები.

ახალი ალბომი ნოელ გალახერის პირველი დამოუკიდებელი სტუდიური ნამუშევარი იქნება. თავის დროზე ჯგუფ “Oasis”-თან ერთად მას შვიდი ალბომი აქვს ჩაწერილი. ამათგან უკანასკნელი “Dig Out Your Soul”-ი 2008 წლით არის დათარიღებული.

2009 წელს ჯგუფი დაიშალა. ამისი მიზეზი ძმები ნოელ და ლიამ გალახერებს შორის ჩამოვარდნილი კონფლიქტი აღმოჩნდა. განხეთქილებიდან ცოტა ხანში ლიამ გალახერმა “Oasis”-ის დანარჩენ წევრებთან ერთად ახალი ჯგუფი “Beady Eye” ჩამოაყალიბა.

ნოელ გალახერმა კი სოლო კარიერის დაწყება აირჩია და ერთგული მსმენელების წინაშე პირველ ნამუშევარს მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგენს.