დავით ზარდიაშვილი: „მთიანი რეგიონების განვითარების სანაცვლოდ, მთიელთა რეზერვაციას მივიღებთ“

დავით ზარდიაშვილი: „მთიანი რეგიონების განვითარების სანაცვლოდ, მთიელთა რეზერვაციას მივიღებთ“

მთის კანონი ვიზა-ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგება. მთაში მუდმივად მაცხოვრებელმა ან ჩვენი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეღავათებზე უნდა თქვას უარი, ან-ევროპაში გამგზავრებაზე. ამ სირთულეების შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ რთული არჩევანის წინაშე დადგებიან მთაში მცხოვრებნი. ამის გამომაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონს ნორმატიული აქტების კურიოზულ შემთხვევად აფასებენ ცალკეული ექსპერტები. მთის კანონთან დაკავშირებით თქვენი შეხედულება როგორია?

- ვიზა-ლიბერალიზაცია ნიშნავს თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. ეს დიდი პროგრესია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართული კანონმდებლობა, თითქოსდა, მთის რეგიონების განვითარების მიზნით თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. მთაში მცხოვრები მოქალაქის სტატუსი რომ მიიღო, ამით უფლებრივი თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი ირღვევა. გარდა ამისა, გადაადგილების თავისუფლებაც იზღუდება, რადგან ეს სტატუსი რომ მოიპოვოს პირმა, არანაკლებ ცხრა თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მთიან რეგიონში. რასაკვირველია, ამ კანონებთან მიმართებით აშკარა წინააღმდეგობაა. ერთი მხრივ, თითქოს ევროპაში თავისუფლად ვმოძრაობთ და, მეორე მხრივ, მთას ვეჯაჭვებით. არადა, არ შეიძლება, თანამდროვე ადამიანი 21-ე საუკუნეში ერთ ადგილას იყოს მიბმული და ამის გამო რაღაც შეღავათები მისცენ.

ეს რატომ ვერ გათვალეს? ვერ მიხვდნენ, რომ მთის კანონი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციის ორ ძირითად მუხლთან?

- ეს ჩვეულებრივი პოპულიზმია. წინასაარჩევნოდ სჭირდებათ შეღავათები, შემწეობების, სოციალური დახმარების პაკეტის გაზრდა. ამიტომაც იფიქრეს, ამით ამომრჩეველს მოიმადლიერებდნენ, თორემ მთის კანონს ისეთი არაფერი მოჰყვება. ამის გამო მთის რეგიონი არ განვითარდება, პირიქით, წახალისებული იქნება სიღარიბე, რადგან მთაში თუ ვინმე რამეს აკეთებდა და ცდილობდა, ერთი ლუკმა პური მაინც ეშოვა, ახლა ამას არ გააკეთებს, რადგან მთავრობისგან დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება. სიმდიდრის შექმნა-დაგროვებაზე კი არ იფიქრებენ, არამედ იმაზე იფიქრებენ, მთაში წავალ, იქ დავსახლდები და პენსია მექნება, ან ერთი-ორი კაპიკით ზედმეტს მომცემენო. ასეთ მთის კანონში განვითარების არავითარი რესურსი არ დევს.

მაგრამ მთის კანონი განა არ არის იმის საპირწონე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაცლილ მთას მოსახლეობა თუნდაც დროებით დაუბრუნდეს? ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, პენსიონერებისთვის დაწესებული მომატებული თანხები არ ღირს ამად?

- ასე არავინ დაბრუნდება მთაში. ვინ უნდა დაბრუნდეს? მართალია, შეღავათი აქვს ექიმს, მასწავლებელს და პენსიონერს, მაგრამ რა აზრი აქვს იქ დაბრუნებას, თუკი სკოლა არ გაიხსნა, საავადმყოფო არ გაიხსნა? სიმწრით თბილისში რაღაც სამსახური კიდევ აქვთ, იმას მიატოვებენ და ახლა მთაში წავლენ? აქ სამსახური დახვდებათ? აბა, რა სტიმულია, რომ ექიმი წავიდეს მთაში, თუკი იქ საავადმყოფო არ ექნება? არც სკოლაა, რომ იქ მასწავლებელი წავიდეს. არც აპირებენ ამის გაკეთებას. მთაში გზა არ არის, ინტერნეტი არ არის, დენი არ არის. განვითარება ის არ არის, რომ მთაში ვიღაცას მეტი ხელფასი ჩამოურიგო. შრომითი კანონმდებლობითაც შეიძლებოდა ამის მოგვარება, რომ ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო შესაძლებელია ანაზღაურებაზე დანამატი გაითვალისწინონ, მაგრამ მოქალაქეთა სტატუსების განსხვავება და დახარისხება მთიულებად და ბარელებად დიდი სისულელეა. ადამიანის უფლებების ორი მთავარი პრინციპი ირღვევა. პირველი - უფლებრივი თანასწორობა (კონსტიტუციის მე-14 მუხლი -საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი არიან კერძო ნიშნისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). პენსიაზე დანამატს რომ შემოიღებენ, ბარში მცხოვრებმა პენსიონერებმა რა დააშავეს? მეორეც, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება (კონსტიტუციის 22-ე მუხლის 1-ელი პუნქტი). მთაში მცხოვრების სტატუსი რომ მიიღო და ერთი-ორი კაპიკით მეტი შეგხვდეს, გეკრძალება რეგიონის დატოვება, შენი დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა იყო წელიწადში 9 თვის განმავლობაში. თანაც, ამ სტატუსის მისაღებად, მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს. რეგისტრაციის მოწმობის გარდა მან უნდა მიიტანოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ ცხრა თვე ნამდვილად მთაში იყო. ეს შეუძლებელია, ვუბრუნდებით საბჭოთა პერიოდის ჩაწერის ინსტიტუტს.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი თქვენ აშშ-ის ისტორიის სამარცხვინო ფურცელს - ინდიელების რეზერვაციას შეადარეთ, ანუ ადგილებს, სადაც იძულებითი წესით ინდიელ აბორიგენებს აცხოვრებდნენ ამერიკელები.

- დიახ, ოღონდ ეს არის მთიელთა რეზერვაცია. განა რეზერვაციას გულისხმობს განვითარება? ვინ ფიქრობს ამაზე? განვითარების პროგრამა არ აქვთ. საზოგადოების საბაზისო სიკეთეები არ არის მთაში, ამიტომაც იცლება მთა, იქ ცხოვრების სტანდარტი დაბალია, ქალაქში გზა, დენი, გათბობა, საავადმყოფო, სკოლა მაინც არის.

ეს შენიშვნები გააცანით ხელისიფლებას?

- რასაკვირველია, გავაცანი. მე ვმუშაობ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელსაც ამ კანონის იმპლემენტაცია ევალება, რათა სტატუსის მქონე მთიელების მონაცემთა ბაზა შეიქმნას. მაშინვე ვთქვი, რომ ეს კანონი კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. ჯერ ერთი, ვერანაირად ვერ მოახერხებ იმას, რომ დოკუმენტი ეჭვქვეშ არ დადგეს, ცხრა თვე იმყოფებოდა თუ არა პიროვნება მთაში. გამგებელმა უნდა მისცეს პირს ეს სტატუსი. თუ არ უნდა გამგებელს, ეტყვის, რომ ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება და უარით გაისტუმრებს. აქ უკვე საარჩევნო მანიპულაციაა, ვისაც უნდა მისცემენ ამ სტატუსს, ვისაც უნდა,- არა. თეორიულადაც შეუძლებელია ისეთი დოკუმენტის მონახვა, რომლითაც დაადასტურებ, რომ ცხრა თვე იყავი ამა და ამ დასახლებაში. მაშინ უწყვეტი ვიდეოგადაღება უნდა გქონდეს, სხვანაირად როგორ უნდა დაადასტურო?