ვიზა-ლიბერალიზაცია და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ასე ელოდა საქართველო, აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილში შიში გააჩინა - „ხომ არ დაგვაკარგვინებს ევროპა ქართველობას?“, „ხომ არ დაიწყება ჩვენი ახალგაზრდობის მასობრივი გადინება და უფრო მეტად ხომ არ დაცარიელდება საქართველო?“ . ზოგიერთები უფრო შორს მიდიან და დიაგნოზსაც სვამენ - „ქართველი ახალგაზრდები წავლენ ევროპაში და იქიდან ავადმყოფები დაგვიბრუნდებიან“ - მათი აზრით, „ევროპა მიექანება ზნედაცემულობისკენ“. მოკლედ, ვიღაცისთვის ევროპა სამოთხეა, ვიღაცისთვის - ჯოჯოხეთი.
მართალია, ქართველები თავს ვიწონებთ, რომ პირველი ევროპელები ვართ, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ მენტალობას შორის?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ, როდესაც ადამიანი პირველად ჩავა ევროპაში, იქიდან სულ სხვა ემოციებით დაბრუნდება, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს განსხვავება აშკარაა. ამის მაგალითად პოლიტოლოგს ეზოში მდგარი საკუთარი მანქანა მოჰყავს, რომელიც ყოველ დილით სიგარეტის ნამწვავებით სავსე ხვდება. „ამ დროს ევროპელს სისხლში აქვს გამჯდარი, რომ სიგარეტის ნამწვავი არათუ ფანჯრიდან არ მოისროლოს, არამედ, თუ მოსაწევი ადგილი არ არის, არც მოსწიოს“. პოლიტოლოგის აზრით, ევროპაში მისი ყურადღება მიიქციეს ქუჩაში მომღიმარმა ადამიანებმა, სადაც მოხუცებულსაც კი ვერ ნახავდით შეწუხებული სახით. რაც შეეხება არასწორ მენტალიტეტს, თუ შავ ჯიპზე ზიხარ, ე.ი. კაცი ხარ და, თუ ფეხით გადაადგილდები, არაფერს წარმოადგენ, ეს მენტალიტეტი დასანგრევია.
საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპა მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება სრულიად არ ნიშნავს, რომ მასში შემავალი რომელიმე ერი ამ საერთო ოჯახის ნაწილი არ არის. მით უმეტეს, ჩვენ გვაკავშირებს ქრისტიანული ფასეულობები. ისტორიულად საქართველოს მუდმივად ჰქონდა აქცენტი დასავლური ტიპის ქვეყნების მიმართ, რომლებიც პროგრესისკენ მიისწრაფოდნენ.
„რენესანსი ადრე აღიქმებოდა მხოლოდ როგორც ევროპული მოვლენა, მაშინ, როდესაც საქართველოში რენესანსის ხანა ოდნავ ადრე დაიწყო. რენესანსი ახასიათებს ევროპას, როგორც ღმერთის გაცნობიერების ფორმა, როდესაც მაცხოვარი არ არის მხოლოდ მოზეიმე, ის არის მგლოვიარეც, ადამიანური თვისებების მქონეც. „საიდუმლო სერობაშიც“ იგივე იდეოლოგიაა გატარებული, ასეთივეა ჩვენი იშხანის ჯვარი, სადაც დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითაა გადმოცემული ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა. ჩვენი სახელოვნებო, სარწმუნოებრივი, სამწერლობო მიმართულებები აჩვენებს იმას, რომ ევროპასთან ერთი ფუძე გაგვაჩნია. რისკის ფაქტორი ყოველთვის ყველაფერში არსებობს და ზოგიერთებს უჩნდებათ შიში, რომ ევროპა თვითმყოფადობას დაგვაკარგვინებს, მაგრამ კახელი რომ ღომს მოხარშავს ან მთიელი საცივს გააკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ კახელი გადაჯიშდა. მსგავსი მიდგომით, ილია ჭავჭავაძე ოთხი წელი რუსეთში სწავლობდა, მაგრამ მისი მსგავსი მამულიშვილი კაცობრიობას იშვიათად ჰყოლია. ჩვენ ბერძნებთანაც გვქონდა ურთიერთობა, ირანელებთანაც, რომლებსაც ქართველებისგან მიჰქონდათ კულტურა, წეს-ჩვეულება და ჩვენთანაც ტოვებდნენ გარკვეულ ჩვეულებებს, მაგრამ ქართველი ადამიანი განვითარდა სწორედ ამ გახსნილი და არა ჩაკეტილი ურთიერთობის გამო. მაშინ ამას გლობალიზაცია არ ერქვა, თორემ ჩვენი ეთნოსის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თვით დამპყრობლებსაც კი. ამიტომ დიდ საფრთხედ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ევროპაში გავლენ“, - აცხადებს არჩილ გამზარდია და მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართველი კრიზისშია, ის ვერ შედგა, ვერ მიხვდა, რას წარმოადგენს. ეს კრიზისი გამოიწვია მრავალწლიანმა რუსულმა ჰეგემონიამ, რომელმაც, პრაქტიკულად, ქართული ეთნოსი დაანგრია. რუსეთის ორიენტირი იყო, ქართველისგან შეექმნა არასრულყოფილი რუსი და, თუკი რუსეთთან ურთიერთობა გაგრძელდებოდა, ქართველი ხალხი ფიტულის სახით დარჩებოდა ბუნებაში და არა ცოცხალი სახით. ევროპის ფარგლებში კი შეგვიძლია, ჩვენი თავი გადავარჩინოთ. სწორედ ეს განასხვავებს რუსეთსა და ევროპას, ევროპა არ ცდილობს, გახადოს ინგლისელი ფრანგად. ისინი ერთმანეთს იღებენ იმ ეთნოსით, როგორებიც არიან.
ამასთან, ტრაგიკულ ფაქტად მიიჩნევს არჩილ გამზარდია ოსებისა და აფხაზების ეთნოსის ქრობას, რომლებიც, რეალურად, რაღაც გაუგებარი რუსული წარმონაქმნია. პრაქტიკულად, ოსები და აფხაზები თითქმის არ არსებობენ. ამ დროს კი „ქართველი აფხაზი“ ბევრად უფრო ახლოს იყო აფხაზურ ეთნოსთან, ვიდრე ე. წ. რუსი აფხაზი ან ე.წ. „რუსი ოსი“.
მერაბ მამარდაშვილის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპელობა სულაც არ არის გეოგრაფიული მდებარეობა და არაფერს არ წყვეტს, გეოგრაფიულად ევროპას ვეკუთვნით თუ აზიას. მთავარია ცნობიერება, მენტალურად რამდენად ვართ ევროპელები.
ნონა ხიდეშელის თქმით, ზოგადად, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი ისტორიის მქონე ერებს პროტესტი უჩნდებათ ევროპელობის მიმართ. არადა, საპროტესტო არაფერია, 21-ე საუკუნეში ევროპელობა ეს არის ადამიანის უფლებები, სამართლიანი გარემო, განათლების, ჯანდაცვის სისტემა. ამ თვალსაზრისით, ევროპა ძალიან წინ არის.
„ყველა ბუდა ვერ იქნება და ვერ დაჯდება ცის ქვეშ, რომ საერთოდ არაფერი აღელვებდეს. ვერ ვხვდები, გლობალურ სამყაროში როგორ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი ადამიანმა?! საკუთარ თავს სწორედ ჩამოუყალიბებელი ადამიანები კარგავენ. ქართველებმა ისიც კი არ ვიცით, ჩვენი რა არის, გარდა იმისა, საუკუნეების წინ რაღაცებს რომ ვქმნიდით. ბოლო 25 წელია, კომუნიზმიდან გამოვედით, ცალკე ქვეყნად ჩამოვყალიბდით და მაინტერესებს, რა არის ქართველი ერის ღირსება, რა მიღწევა გვაქვს ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში?! ჯერ ამაზე მიპასუხონ და მერე ვიტყვი, შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის დაკარგვა. ჩვენ საერთოდ ვერ გავიგეთ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, ისევ შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა... დღეს რას ვაკეთებთ, რას ვქმნით? თორემ რუსთაველი და ვაჟა ფშაველა როგორ უნდა დაიკარგოს? სად გაქრა ქართული კინო, ქართული მუსიკა? ევროპამ შეგვიშალა ხელი, ეს ყველაფერი რომ აღარ არის? 25 წელია, საქართველოში ვბუქსაობთ, კორუფცია, ნეპოტიზმი, მარტო ფრაზები სიყვარულზე. სინამდვილეში - სიძულვილი და ერთმანეთის მიუღებლობა. რაც შეეხება ზოგიერთების შიშს, რომ ევროპაში გარყვნილებაა, რა არის გარყვნილება? შესაძლებელია, გარყვნილება იყოს დასავლური ან აღმოსავლური მოვლენა? გარყვნილება ხომ ადამიანური მანკიერებებია. ფსიქოლოგიის თანახმად, გარყვნილება არის ადამიანური არასრულფასოვნების ნაწილი და არა - ევროპული ან აზიური მოვლენა. ჩვენი უზენაესი უფლება არის საკუთარი და სხვისი უფლების დაცვა და სხვისი ცხოვრების პატივისცემა. თავისუფლება ღმერთმა ადამიანებს აჩუქა. ვინ როგორ იყენებს ამ თავისუფლებას, იმაზეა ბევრად დამოკიდებული, თუ როგორ ვზრდით თაობებს, როგორია ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ავტორიტეტები“, - აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.