„სისტემა დაანგრია არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ, არამედ - ირინა ენუქიძის გმირობამ“

„სისტემა დაანგრია არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ, არამედ - ირინა ენუქიძის გმირობამ“

საქართველოს პერეზიდენტმა, შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ მოკლული, სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ირინა ენუქიძე იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ეწეოდა ბრძოლას ადამიანის სიცოცხლისთვის და სხვისი შვილებისთვის.

„2015 წელი გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის დასრულებისას, გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ.

ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიკვდილის შემდეგ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვების ფაქტს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, რომლის განცხადებით, ირინა ენუქიძე თავისი ტრაგიკული გმირობით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც სიმბოლო დედის, მებრძოლი ქალის.

„როგორც საკუთარმა, ისე შემძრა მისმა ტრაგედიამ. პირადად ჩემთვის გირგვლიანის მკვლელობა იყო წყალგამყოფი სახელმწიფოსა და რეჟიმს შორის. სანდროს და ირინას ტრაგედიამ გააშიშვლა ყველა ის არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, რაც დემოკრატიის შირმის უკან ხდებოდა. ირინა ენუქიძის ბრძოლამ არამარტო სანდროს მკვლელობა, არამედ ძალადობის ყველა მსხვერპლის ტრაგედია გამოიტანა სააშკარაოზე და რეჟიმს ჩამოხსნა ნიღაბი. დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ მოწიწება და პატივისცემა გამოვხატეთ მის მიმართ“, - წერს კახი კალაძე.

სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი მიმართავს საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევა. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ისევ ხდება უსამართლობა და მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა ინიშნებოდნენ.

„ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ლევან მურუსიძე, რომელიც ასე უსინდისოდ და უთავმოყვარეოდ, ხელმეორედ ირჩევს თავს მოსამართლედ. მინდა მივმართო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის არჩევა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მურუსიძეს მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების სახით, რომლებიც ცდილობენ მურუსიძის მოსამართლედ არჩევას“, - აღნიშნა გურამ გირგვლიანმა.

გარდა ამისა, გურამ გირგვლიანი მოითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში დამნაშვეების დასჯას. მისი თქმით, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც შარდენ ბარში ისხდნენ იმ მაგიდასთან, საიდანაც მოხდა მკვლელობის დაკვეთა. საუბარია მაღალჩინოსნებზე და მათ შორის შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეზე, თაკო სალაყაიაზე.

„ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ირინა დაიწყო ბრძოლა და იბრძოდა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. იმ ხელისუფლებას უბედურებისა და სიკვდილის მეტი არაფერი შეუტანია ყველა ჩვენგანის ოჯახში. ირინა ენუქიძემ დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ასეთი სავალალო შედეგის წინაშე დაგვაყენა“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში უშუალოდ იბრძოდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიებისთვის. მათ შორის იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომლის განცხდებით, სისტემა დაანგრია არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ, არამედ დაანგრია ირინა ენუქიძის გმირობამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და ამის დაფასება. ეს სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება საქართველოს, რომ ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი.

თუკი შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გაადარჩინა ძალიან ბევრი სხვა დედის შვილები, ალბათ, ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან ასეთი დედები. პრეზიდენტს მადლობა მინდა ვუთხრა ირინა ენუქიძის წვლილის დაფასებისთვის, მის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის. საქართველოს სჭირდება მუდამ ამის გახსენება, რომ აღარასოდეს დაგვემართოს განუკითხაობა, აღვირახსნილობა სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, რასაც შეეწირა სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინდელ საქართველოში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როდესაც ლევან მურუსიძის მოსამართლეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებ, უნდა გახსოვდეს ირინა ენუქიძე.

„მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, იქნება ბევრი სპეკულაციის საგანი, რომ ვერევი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ერთადერთ რამეს ვიტყვი, დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღესვე, საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ მოუწოდა ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლის ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ.

„საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს - გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმიც ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მაშ ასე, ლევან მურუსიძეს ჰყავს, როგორც მოწინააღმდეგი, ასევე მხარდამჭერები. დაუჭერს თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ეს 25 დეკემბერს გახდება ცნობილი, რადგან 25 დეკემბერს გაიმართება კენჭისყრა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი.

მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია. ლევან მურუსიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დაუჭერენ, რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, მურუსიძე აცხადებს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. მურუსიძეს კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძეს მხარდაჭერის იმედი არ აქვს. ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა. მისივე შეფასებით, არსებული ვითარება ხელს არ შეუწყობს იმას, რაც ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაკეთდა.