მაიზერ გელოვანი: „თბილისის ომის შემდეგ ქართველებს ასე „კარგად“ არც ერთ ომში არ უომიათ“

მაიზერ გელოვანი: „თბილისის ომის შემდეგ ქართველებს ასე „კარგად“ არც ერთ ომში არ უომიათ“

ეს არის ჩვენი ისტორია. ეს არის ის, რაც გადაიტანა ჩემმა თაობამ. ჩემი თაობა ქარცეცხლიან საქართველოში ცხოვრობდა, ჩემი შემდგომი რამდენიმე თაობა ამ ქარცეცხლისგან საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ეს არის ის, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვიუს სამხედრო ოფიცერთან, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა ომის მონაწილესთან, მაიორ მაიზერ გელოვანთან. ჩვენი ვალია ის, რომ მომავალმა თაობამ ზუსტად იცოდეს იმ ავბედითი დღეების შესახებ, რაც ხდებოდა 1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე თბილისის შუაგულში, კერძოდ რუსთაველის გამზირზე.

- თბილისის ომის დროს ეროვნული გვარდიის ახალციხის მეცხრე ბატალიონში ვიყავი ოცმეთაური. ომის დაწყების წინაპირობა მოსკოვში 19 აგვისტოს მოვლენები გახდა. გვარდია ამ დროს ყალიბდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან კარგად. იყო ენთუზიაზმი, სამშობლოს სიყვარული, მთავარსარდლის უდიდესი სიყვარული ქონდა ხალხს და ეს გვარდიის ჩამოყალიბების პროცესში აშკარად ჩანდა. ჩვენი ბატალიონის მეთაური იყო გივი ფარადაშვილი, შტაბის უფროსი ნუკრი შალამბერიძე, ორივე ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო. 19 აგვისტომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 20 აგვისტოს ღამით წამოგვიყვანეს რკონში, გვითხრეს წვრთნებზე მიდიხართო. სინამდვილეში კი თურმე რუსეთიდან ყოფილა განცხადება გაკეთებული საქართველოს არა აქვს უფლება გვარდია შექმნას, ამიტომ ვურჩევთ, დაშალოსო. ამ დროს ზვიად გამსახურდიამ ფანდი იხმარა და გვარდია დროებით შინაგან ჯარად გადააკეთა, რითაც გვარდია გადაარჩინა. ამას მოყვა დიდი განხეთქილება, კიტოვანი გადაუდგა პრეზიდენტს. როცა ჩვენ წამოგვიყვანეს რკონში თურმე სწავლებები კი არა გვარდია გადაუდგა მთავარსარდალს და ამიტომ წამოგვიყვანეს.

რა მდგომარეობა იყო ამ დროს თავად ჯარისკაცებში.

- ჩვენ როცა გადაგვიყვანეს, გვითხრეს, რომ საველე პირობებში მივყავდით და ამას ჯარისკაცები ჩვეულებრივად შეხვდნენ. ჩვენ გადაგვიყვანეს რკონის ხეობაში, სადაც თავი მოუყარეს საქართველოში არსებულ ყველა ბატალიონს. ერთადერთი, ზუგდიდის და სამტრედიის ბატალიონი არ ჩამოვიდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგე, მათ ჰქონდათ ინფორმაცია სინამდვილეში რაც ხდებოდა. ჩაგვიყვანეს რკონში, საჭმელი-სასმელი იყო, კაი ბუნება, კარგი პირობები, ვვარჯიშობდით და ვიყავით.

საბრძოლო ვარჯიში იყო?

- არა, ტაქტიკური ვარჯიში არ იყო, ჩვენ ვვარჯიშობდით ჩვენთავად. საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით, ჩაიკეტა ყველა შემოსასვლელი, მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შემოსასვლელი. დაახლოებით ერთ კვირაში ჯარისკაცების მშობლებმა დაიწყო მოსვლა და დაძაბულობის ელემენტი მაშინ ვიგრძენი პირველად. ხალხი კითხულობდა რატომ გადაუდექით პრეზიდენტსო, ბოლოს კი შემოსვლა უნდოდათ ბაზაზე და ჩვენ ვაკავებდით მათ.

კიტოვანი სად იყო ამ დროს?

- რკონში იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებოდა სინამდვილეში პრეზიდენტს რომ გადაუდგა. ხალხისგან, იქ მოსული ჯარისკაცების მშობლებისაგან როცა გავიგეთ რაც მოხდა სინამდვილეში გვარდიაში ჩოჩქოლი ატყდა. ამ დროს ჩამოვიდა კაკო ასათიანი, მან გვითხრა ნუ გეშინიათ არაფერი გემუქრებათ, არავინ აუქმებს გვარდიასო. ყველაფერი ნათელი როცა გახდა ჩვენთვის სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ბევრი თავისით წამოვიდა რკონიდან თბილისში და შეუერთდა ზუგდიდის ბატალიონს რომელიც მთავრობის სახლთან იდგა. ახალციხის ბატალიონი მთლიანად ჩამოვიდა თბილისში, ახლადჩამოსულებს ამრეზით გვიყურებდნენ ქობალიას ხალხი. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არ ვიყავით მოღალატეები, ისინი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. მოკლედ ზუსტად ისეთი მდგომარეობა იყო როგორიც ახლაცაა, ყველაში ეძებდნენ მოღალატეს , ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო.

დაძაბული თუ არეული?

- დაძაბული. შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. თბილისი, უფრო სწორად რუსთაველის პროსპექტი მიტინგების ადგილად იყო გადაქცეული, ერთდროულად, ერთ ქუჩაზე რამდენიმე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანთა ჯგუფები ატარებდნენ მიტინგს. რუსთაველზე ერთი საათი რომ გევლოთ რამდენჯერმე შეგეცვლებოდათ პოლიტიკური შეხედულება. გია ჭანტურიას მიტინგიდან პირდაპირ თემურ ჟორჟოლიანის მიტინგზე გადახვიდოდით „უსაშვოდ“, შემდეგ წერეთლის და ბოლოს გამსახურდიას მიტინგზე მოხვდებოდით.

იშვიათი შემთხვევა იყო ისე ეს, მთავრობაც კი მიტინგით იცავდა თავს.

- არ ვამართლებ მე ამას, მთავრობა აქციებით არ უნდა იცავდეს თავს. ჯარი ამ დროს იდგა ოპოზიციისა და მთავრობის შუაში. 1991 წლის ოქტომბერში მოხდა პირველი შეტაკება, მაშინ ჯარმა გავწმინდეთ იქაურობა. სროლას რაც ეხება, რუსთაველზე 21 დეკემბრის საღამომდე არ გავარდნილა ტყვია.

რომელი მხრიდან გავარდა პირველი ტყვია?

- მე ვიტყვი იმას რაც ჩემი თვალით ვნახე, სხვამ რა თქვა და როდის ეს არ ვიცი. 21-ში საღამოს ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ორივე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, შუაში ვიდექით ჩვენ. ოპოზიციის მხრიდან ადამიანები შეეცადნენ ჯარის ნაწილებში შემოსულიყვნენ. კარგად მახსოვს როგორ გვაგინებდა ჯარისკაცებს ვანო ხუხუნაიშვილი, მონებს გვეძახდა! ისე დაიძაბა სიტუაცია ხალხის ნაკადი ვერ შევაჩერეთ. ორი ნაკადი ერთმანეთში აირია. ამით ცოტა განიმუხტა სიტუაცია, იმ მომენტში დაწყნარდა ვითარება, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე საათში ჩაიკეტა ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით გზა. ოპოზიციის მხარემ მოიყვანა სატვირთო მანქანები და მთავრობის ჩაყენებული ავტობუსები ამ მანქანებით გაათრიეს. ასეთ დაძაბულობაში დაგვათენდა თავზე.

ამ დროს კიტოვანი იყო ზღავზე. ჯერ ცირკთან იყო დაბანაკებული, შემდეგ ზღავზე გადავიდა. მერე იყო ასეთი სიტუაცია, კიტოვანის ხალხი გამსახურდიას ხალხზე ნადირობდა. ვისაც კი დაიმარტოხელებდნენ, აყავდათ ზღავაზე, ცემდნენ და ცოცხალ-მკვდარს გამოუშვებდნენ იქიდან. ერთი ჩემი მეგობარია, დათო წოწკოლაური, მუხროვანზე ერთად ვმსახურობდით, დათო ამ დროს ჯარისკაცი იყო, დაუჭერია კიტოვანის ხალხს და ისე უცემიათ, კარგა ხანს ფეხზე ვერ დგებოდა თურმე.

22 დეკემბრის გამთენიისას ისევ ორმხრივი მიტინგი ტარდებოდა, ლევან ღვინჯილიას მიყავდა ძირითადად ოპოზიციის მიტინგი, აქით - გურამ პეტრიაშვილს. გათენებისას, 6-7 საათისთვის გავარდა პირველი ტყვია. მე დავინახე პირველი ტყია ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდა, ეს მე რაც დავინახე და მანამ თუ გავარდა კიდევ სადმე ტყვია არ ვიცი. პირველ ტყვიას ზარბაზნის ქუხილი მოყვა. სხვა თემაა, როგორ მუშაობდა ასე „კარგად“ ეს დაზვერვა ზარბაზანი რომ მოაგორეს რუსთაველზე, ვერავინ რომ ვერ დაინახა? არაკომპეტენტური ხალხი იყო დანიშნული თანამდებობებზე და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ახალი მოსული ხელისუფლება ძველ კადრებს უნდობლობას უცხადებდა და ვინც კი მოიყვანეს თავად ყველა არაპროფესიონალი იყო. ხალხი ჯარში არ იყო ნამსახურები, ისე დანიშნეს საკვანძო ადგილებზე, პირდაპირ ხდებოდნენ მაიორები და პოლკოვნიკები და დააყენებდა ოპოზიცია ზარბაზანს დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე, აბა რა იქნებოდა? ისეთი პროფესიონალ სამხედროებს როგორებიც იყვნენ ავთანდილ ცქიტიშვილი, გუჯარ ყურაშვილი, გია უჩავა და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომ გააგდებ და პურის მანქანის მძღოლს მოიყვან, მადლობა უნდა თქვა იმაზე უარესი რომ არ მოხდა რაც მოხდა! ომიც ამან გამოიწვია და დაპირისპირებაც! ქაშუათის ეკლესიიდან ნასროლი ბომბი ააცილეს მთარობის სახლს და მთაწმინდის დასახლებაში ჩავარდა ბომბი.

გაიქცა მთავრობა, რა ხდება ამის შემდეგ ჯარის იმ ნაწილში რომელიც გამსახურდიას უჭერდა მხარს?

- მთავრობა კი არ გაიქცა, წავიდა. გასვლის დროს ახალციხის და თბილისის სპეცდანიშნულების პოლკი მიყვებოდა ესკორტს წინ, გზას ვუკვალავდით. მეტეხის ხიდთან ჩასაფრებაში მოვყევით. პიკეტი იყო, ჩვენი კოლონა გაჩერდა, არ ვიცოდით, ვინ იყვნენ იქ. ისე იყო არეული სიტუაცია ვინ ვისი მომხრე იყო მხოლოდ ტყვიის გასროლის შემდეგ გაიგებდი. ზედ ხიდზე გაჩერდა კოლონა, ჩვენ ვიცოდით რომ პრეზიდენტი დასავლეთისკენ უნდა გასულიყო, მობრუნება დავაპირეთ და ამ დროს სამი მხრიდან ტყვიამფრქვევებით გაგვიხსნეს ცეცხლი. ჯვარედინი ცეცხლი გაგვიხსნეს, ადამიანები ჩაცხრილეს ავტობუსებში და მანქანებში. ჩვენს მანქანაში ხუთი ოფიცერი ვიჯექით, მე, ასმეთაური ვეფხია ბიჩინაშვილი, სერგო ინასარიძე, ალეკო მუხაძე და გენადი კვერნაძე. გენადი ჩემგან მარჯვენა მხარეს იჯდა, სერგო მარცხნივ, საჭესათან იჯდა ვეფხია, გვერდით ეჯდა ალეკო. როგორც კი სროლა დაიწყო პირველი ტყვია მოხვდა მძღოლს. ოთხი ტყვია მოხვდა ვეფხიას თავში, მაგრამ უფლის წყალობით არც ერთი ტყვია არ იყო სასიკვდილო. ზემოდან გაუარა თავზე და მისგან გამოსული ტყვია პირდაპირ სერგოს მოხვდა თავში და თავის ქალა ახადა. ვეფხიას გონება დაეკარგა, გაითიშა, სერგოს ტვინი და სისხლი მე მომესხა სახეზე.

მანქანა რაღაცას შეეჯახა და დადგა, თავი დავწიე, მეყრება ნამსხვრევები თავზე, ვერ ავღწერ ისეთი საშინელი სიტუაცია იყო. სროლა რომ შეწყდა თავი ავწიე. ცხონებულ სერგოს ნახევარი თავი ბეჭზე მედო, თავის ქალა ახდილი ქონდა, სერგოს სისხლი და ტვინი ერთმანეთში არეული ჩემი სახიდან კისრზე ჩამომდიოდა, გენადი საკუთარი სისხლისაგან იყო შეღებილი, ცურავდა სისხლში. ვეფხიას თავი უდევს საჭეზე, ალეკოს კარის გაღება მოუსწრია და მანქანიდან გადამხტარა. აი, ეს სურათი დავინახე თავაწეულმა, ეს იყო ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა! მესმის ხმა - „დაგვნებდით თქვენი დედაც...“ ისე გვიყვიროდნენ და გვესროდნენ, თითქოს ფაშისტები ვიყავით. ჩვენს წინ ავტობუსი და სამხიდიანი მანქანა იყო ჩაცხრილული.

როგორც მაშინ გავიგე სდღაც 120 კაცამდე დაიღუპა, ბევრი დაიჭრა. გურამ აბსანძე იმ ავტობუსში იყო, დაიჭრა. ავტობუსის კიბეებიდან მდინარესვით ჩამოდიოდა სისხლი, სამხიდიანი მანქანის მძღოლი მოკლა ტყვიამ, მანქანა დაეჯახა ხეს, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის ხაზები, ხაზი დაეცა მანქანას და დენმა დახოცა ხალხი. ამ დროს გამოიარა პრეზიდენტის ექსკორტმა, შეჩერდნენ ცოტა ხნით, მაგრამ საშიშროება იყო და მანქანები დაიძრა, გზა განაგრძეს. უკან ზუგდიდის ბატალიონი უნდა წამოსულიყო, მაგრამ როგორც კი ჩაჯდნენ ბიჭები ავტობუსში, ვერ დაძრეს მანქანა, საბურავები იყო დაშვებული. ზუგდიდის ბატალიონის ბიჭები ფეხით წამოსულან, შეტაკების მომენტში მოგვიახლოვდნენ. იმათი გამოჩენისთანავე გაიქცნენ თავდამსხმელები. ზუგდიდის ბატალიონის მოსვლის შემდეგ უკვე შეგვეძლო გვენახა რა გვჭირდა, მანქანის კარი გამოვაღე, ამ დროს, ვაიმეო - გავიგონე. ვეფხიამ ამოიგმინა, არიქა ცოცხალია-მეთქი ვიყვირე, გადმოვიყვანეთ, შევუხვიეთ თავი, გონზე მოვიდა, გამოფხიზლდა და სიარულიც კი შეძლო. ტყვიამ თავი კი დაუზიანა, მაგრამ თავში არ გაუვლია და გადარჩა!

საბოლოოდ გაირკვა ვინ იყვნენ ისინი?

- ზოგი გვარდიელი იყო, ზოგიც მხედრიონელი. ნიღბებით იყვნენ. ესკორტმა გაიარა, ვინც გადავრჩით ავლაბრისკენ წავედით ავტობუსით, ზემოთ რომ ავედით, ფეხით გავაგრძელეთ გზა. 70-მდე ადამიანი მივდიოდით ერთად. ფეხით ავედით ლელიანში, იქიდან ტყეში გადავედით, ამასობაში გათენდა კიდეც, ვერტმფრენები გვეძებდნენ.

ანუ ყველა უნდა დაეხოცეთ?

- ჩვენი ერთი მანქანა დასავლეთისაკენ წავიდა, ისინი ყველა ჩაცხრილეს, ოზურგეთის ბატალიონზე ვამბობ. ისინი იქ ჩაცხრილეს, ჩვენ აქ. საერთოდ, თბილისის ომის შემდეგ ქართველებს ასე „კარგად“ არც ერთ ომში არ უომიათ, ერთმანეთის ხოცვაში ძალიან მაგრები ვიყავით! ტყეში გასულები დავიშალეთ, ჩვენზე ნადირობა მიდიოდა და შესამჩნევები ვიყავით. მე, ვეფხვია და კიდევ ორი ერთად წავედით ვეფხიას დასთან. ფეხით წავედით, დღე ვიმალებოდით, ღამით მივდიოდით. მაგრად ყინავდა, მშივრები, ღამენათევები ძლივს ვბანცალებდით, რასაც ქვია. როგორია, მზის ჩასვლას რომ ელოდები?! ორი დღე-ღამე მოვუნდით გამარჯვებამდე ჩასვლას, მივედით მზიასთან. იქ ორი კვირა დავრჩი, იქიდან წამოვედი და ჩემთან წავედით, ზუგდიდში, მე, ალეკო და კიდევ რამდენიმე ოფიცერი. ჯერ არ იყვნენ შესული ზუგდიდში... სამტრედიაში ჩასულებმა გავიგეთ რომ „მხედრიონი“ იმ დღეს რა დღესაც ჩვენ ჩავედით სამტრედიაში, იმ დღეს შევიდა. გაგვაჩერეს იქ, გაგვჩხრიკეს იარაღი ხომ არა გაქვთო, არაფერი გვქონდა. კიდევ კარგი, ვიდრე გზას დავადგებოდით ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა, ბიჭიკო კანდელაკმა მამიდამისის მისამართი მოგვცა ზემო ნიქოზში ცხოვრობს და თუ რამე დაგჭირდეთ მიდითო. მივედით ბიჭიკოს მამიდასთან, მეორე დღეს წავედით ზუგდიდისკენ. სამტრედიასთან საზღვარი იყო, გადავკვეთეთ ეს „საზღვარი“ და გადავედით სამშვიდობოს. ამის შემდეგ სამეგრელოში გაგრძელდა მოვლენები.