„პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, რომ პუტინისთვის საოცნებო საგარეო პარტნიორი არის არა თურქეთი, არამედ ამერიკა“

„პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, რომ პუტინისთვის საოცნებო საგარეო პარტნიორი არის არა თურქეთი, არამედ ამერიკა“

ნიუ-იორკში გამართულ გაეროს უშიშროების სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელიც სირიისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნას ითვალისწინებს.

Reuters-ის ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე პროცესებსა და მოლაპარაკებებში მთავარი როლი გაერო-ს დაეკისრება. რეზოლუცია ითვალისწინებს ქვეყნისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნას და 18 თვის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, იანვრიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი დაიწყება.

„ვითვალისწინებთ რა იმას, რომ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამყარებულია გაერო-ს რეზოლუციით, ეს ნიშნავს, რომ იანვარში მაგიდაზე იდება შეთანხმება და ჩვენ შევძლებთ სრულად ავამოქმედოთ ეს რეჟიმი“, - განაცხადა კერიმ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა გაეროს სხდომაზე ღიად დააყენა საკითხი სირიის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინის მეგობრის ბაშარ ასადის პოსტიდან გადადგომის შესახებ. საგრეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასადი არა მარტო სირიას, არამედ მთელ მსოფლიოს უქმნის პრობლემებს.

„ასადმა უნდა დატოვოს თანამდებობა როგორც მორალური, ასევე პრქტიკული მიზეზების გამო, მშვიდობა და ერთიანობა გამორიცხულია, სანამ ის ხელისუფლების სათავეშია“,-განაცხადა ჰამონდმა ნიუ-იორკში გამართულ გაეროს სხდომაზე.

გაეროს გადაწყვეტილების კვალდაკვალ ნელ-ნელა მცირდება რუსეთის მისიონერული როლი არა მარტო სირიის კრიზისის მოგვარებაში, არამედ რეგიონალურ და გლობალურ პოლიტიკაშიც. ამას უკვე კრემლის პირველი პირიც გრძნობს და ამის დასტურად, დასავლეთის მედიას ორიოდე დღის წინ კრემლის ლიდერის მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია მოჰყვას, სადაც ვლადიმერ პუტინმა შიდა თუ გარე პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრი ცვლილებები დააფიქსირა.

Daily Telegraph -ის აზრით, რუსეთის ლიდერის ხისტი და შეუვალი ტონი ამერიკასთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მკვეთრად შერბილებული გახლდათ.

„საინტერესო აღოჩნდა ის, რომ პუტინი მიესალმა ამერიკის ინციატივას გაეროს მიერ სირიასთან დაკავშირებით რეზოლუციის შემუშავებას და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ადამიანისთვის, რომელიც ადრე მოურიდებლად უწოდებდა ამერიკას ქვეყანას, რომელიც შეპყრობილი იყო მსოფლიო ბატონობის იდეით, მსგავსი რიტორიკა ნამდვილად მაამებლურია“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ პუტინმა „შხამიანი ისრები“ ამჯერად არა ამერიკისთვის, არამედ ერდოღანისთვის და სააკაშვილისთვის გამოიყენა და მაგალითად პუტინის ციტატა მოჰყავს: „თუ თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტეს ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკონ, არ ვიცი, უნდათ თუ არა ეს ამერიკელებს“. ბრიტანულ გამოცემას არც ის გამორჩენია მხედველობიდან, როგორ შეაქო პუტინმა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, უწოდა მას ნიჭიერი, გამოჩენილი და პრეზიდენტობის აბსოლუტური ლიდერიც კი.

კიდევ უფრო მკაცრად შეაფასეს რუსმა პოლიტოლოგებმა პუტინის გამოსვლა პრესკონფერენციაზე. რუსულ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი აცხადებს, რომ პრესკონფერენციის შემდეგ პუტინმა დაგვანახა, რომ ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სხვა ქვეყანას მართავს და არა რუსეთის ფედერაციას.

„ეს შეხვედრა ჰგავდა ყრუს და ბრმების შეხვედრას. ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები მას უფუნქციოდ მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ ის დაიღალა შიდა პოლიტიკით, ეკონომიკით, რადგან ბოლო პერიოდში აქცენტირება, ძირითადად საერთაშორისო და სამხედრო პრობლემებზე აქვს გადატანილი, ბოლო პერიოდში კი საერთაშორისო არენაზე არანაირი სამხედრო გარღვევა არ ჰქონია, რითაც მას ჟურნალისტების წინაშე შეეძლო თავი მოეწონებინა“, - აღნიშნავს ბელკოვსკი.

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი კი, თვლის, რომ მთელი პრესკონფერენცია იმის დასტური იყო, რომ პუტინს გააჩნია დიდი სურვილი საგარეო პოლიტიკურ პასაჟებში მიიღოს მეტი მონაწილეობა, გამოჩნდეს როგორც თანაბარი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი და ამავე დროს, ვერ ივიწყებს პარტნიორებისგან შეურაცხყოფას, რომლებიც ატყუებენ და ღალატობენ.

„ამ პრესკონფერენციაზე ასევე გამოჩნდა, რომ პუტინისთვის საოცნებო საგარეო პარტნიორი ამ ეტაპზე არის არა თურქეთი, არამედ ამერიკა და მთელი ეს აქცენტებიც მიმართული იყო სწორედ მათთვის და არა შიდა მოხმარებისთვის“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი გამოცემასთან.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა Dally Express მთავრ თემად რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას განიხილავს, რუსეთთან დაპირისპირების შედეგად კი, თურქეთის „კრიზისს“ ვარაუდობს.

„ექსპერტების ვარაუდით თურქეთი იმისთვის, რომ ენერგორესურსები შეივსოს, იძულებული იქნება სხვა ქვეყნებს მიმართოს თანამშრომლობისთვის. მაგალითად, ქურთებს ან ყაზახეთს, რაც ევროპის ინტერესებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თურქეთი, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ „კატასტროფისკენ“ იხრება.

საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ექსპერტის მიკა ჰალპერნის განცხადებით, თურქეთის ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გაზის მიმწოდებელ ყველა ქვეყანასთან თურქეთი ე.წ საზოგადოებრივ კონფლიქტშია. ებრძვის „მუსულმანურ საძმოს“, ამიტომ ეგვიპტე გაზს არ მიაწვდის, აგრესიულად აკრიტიკებს საუდის არაბეთს და რჩება ისრაელი, რომელმაც შეიძლება მიაწოდოს პროდუქტი, თუმცა ბოლო პერიოდში ერდოღანი არც ისრაელს აკლებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მსოფლიო თანადგომით გაძლიერებული თურქეთის ხელისუფლება კი, პუტინის „არადიპლომატიურ და შეურაცხმყოფელ“ გამოთქმებზე კომენტარის გაკეთებას და თავის დამცირებას არ აპირებს“, - ამის შესახებ lifenews თურქულ გამოცემა Hurriyet-ზე დაყრდნობით წერს.

 „პუტინის განცხადებები არ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. იმის ნაცვლად, რომ პუტინის გამოთქმებზე განცხადებები გავაკეთო, მხოლოდ ვიღიმები. შეურაცხყოფა იქნებოდა ის, რომ მისი გამონათქვემები სერიოზულად მიგვეღო“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა დავათოღლუმ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ევროპის და ამერიკელების მისწრაფებებს რუსეთთან მიმართებაში, ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ბოლომდე არ იზიარებს და რეგიონალური პოლიტიკის ისრები შიდა ეკონომიკურ პრობლემებზე გადააქვს.

ევროპარლამენტარი, იტალიური პარტიის „ჩრდილოეთ ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთის დახმარებით არის შესაძლებელი მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა.

„რუსეთი იყო და დარჩება ტერორიზმთან ბრძოლის მთავარ დასაყრდენად. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები, არა მარტო იტალიისთვის, არამედ ევროპისთვისაც გასაჭირია და ჩვენ რუსეთთან ერთად გვინდა მათი მოხსნა“, - საუბრობს სალვინი RT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციები აზარალებს არა მარტო რუსეთს, არამედ ევროპას, ამით კი მხოლოდ ამერიკა ხეირობს.

„სისულელეა 2015 წელს „ცივ ომს“ დაუბრუნდე. უნდა შევიკრიბოთ და ერთად განვიხილოთ საკითხები. იმიტომ, რომ სწორედ ამ სანქციების შედეგად იტალიაში ბევრი სამუშაო ადგილი შემცირდა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აქედან მოგება ნახა-ამერიკაა“, - აღნიშნავს იტალიელი ევროპარლამენტარი და აცხადებს, რომ იტალია წინააღმდეგია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების.

„ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგნი ვართ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების, რომ შემეძლოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, თურქეთს დავუწესებდი“, - აღნიშნავს სალვინი გამოცემასთან.