რუსეთ–თურქეთის დაპირისპირება ყველაზე ნეგატიურად შეიძლება კასპიის რეგიონის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებაზე აისახოს. ამჟამად ყაზახეთის „თენგიზის“ საბადოდან საერთაშორისო კონსორციუმის – „თენგიზშევროილის“ ნავთობი ექსპორტზე რუსეთის პორტებიდან შავი ზღვით ე.წ. თურქული სრუტეების, – ბოსფორისა და დარდანელის გავლით გადის. 2015 წლის 8 დეკემბერს ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა ერბოლატ დოსაევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის დეკემბერში იწყება ყაზახეთის კასპიის სექტორში მდებარე ოფშორული „კაშაგანის“ გიგანტური საბადოდან ნავთობის კომერციული მოპოვება. ეს საბადო ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა ორჯერ გადაიდო საზღვაო მილსადენზე მომხდარი ავარიების გამო. მინისტრის ინფორმაციით, იმავდროულად დასრულდება რუსულ–ყაზახურ–ამერიკულ–იტალიური „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) თენგიზი-ატირაუ–ნოვოროსიისკის მარშრუტის ნავთობსადენის რეკონსტრუქცია, რომლითაც მოხდება „კაშაგანის“ ნავთობის შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. ამ ნავთობსადენის ახლანდელი წლიური წარმადობა – 28 მლნ ტონა, უნდა გაიზარდოს 67 მლნ ტონამდე.
CPC-ს რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 10 ახალი ნავთობსატუმბი სადგურის აგებას (2 – ყაზახეთის, 8 – რუსეთის ტერიტორიაზე) და არსებული 5–ის მოდერნიზებას. რუსეთში გათვალისწინებულია 6 ახალი ნავთობტერმინალის (თითოეული 100 ათასი კუბ.მ მოცულობის) აშენება და მესამე გასატანი საზღვაო ნავმისადგომის შექმნა ნოვოროსიისკთან. ყაზახეთში მიმდინარეობს ნავთობსადენის მილის 88 კმ–იანი მონაკვეთის დიდი დიამეტრის მილით შეცვლა. რეკონსტრუქციაში კონსორციუმის მიერ ჩადებული მთელი ინვესტიცია მიაღწევს 5.4 მლრდ დოლარს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სამუშაოების განხორციელების მიუხედავად რუსეთ–თურქეთის „ცივი ომის“ შედეგად, ზემოაღნიშნული პროექტი დიდი გამოწვევის წინაშეა. პირველი „საგანგაშო სიგნალი“ ჯერ კიდევ 2011 წელს გაისმა, როდესაც ნოვოროსიისკთან ქ. კრიმსკის რაიონში, წყალდიდობამ CPC-ს ახალი ნავთობტერმინალები წალეკა...
მეორე გამოწვევაა მოსკოვი–ანკარას ახლანდელი დაძაბულობა, რასაც ეკოლოგიური „ცივი ომიც“ ამძაფრებს. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის CPC–ის რეკონსტრუქციის დასრულება თურქეთის სრუტეების დატვირთვას მინიმუმ სამჯერ გაზრდის. ამჟამად ბოსფორის სრუტით, ქ. სტამბულის ცენტრში ყოველ 12 წუთში საოკეანო ლაინერი გადის, რომელთაგან ყოველი მესამე ტანკერია. ერთი წლის შემდეგ CPC-დან ბოსფორში უკვე ყოველ 4 წუთში მოხდება გემის გაგზავნა!
თურქეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 1994 წლიდან, კვიპროსის ტანკერის „ნასსიას“ ავარიის შემდეგ, ცდილობს არ დაუშვას ბოსფორის გადატვირთვა. ანკარა ძალებს არ ზოგავს, რომ სრუტეში მცურავი ტანკერების რიცხვი როგორმე შეამციროს, რათა გიგანტური მეგაპოლისის ცენტრში ნავთობის ჩაღვრის რისკი შემცირდეს. ამიტომ, მონტროს 1936 წლის და გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციების მოთხოვნების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლის ტანკერების მოძრაობას. მან ხან 200 მეტრზე გრძელი ტანკერების დღის ნათელი ნაწილის განმავლობაში მხოლოდ ბუქსირებისა და ლოცმანების თანხლებით ცურვა დააკანონა, ხან სამსუნ–ჯეიჰანის და ბურგას–ალექსანდროპულოსის სახმელეთო ნავთობსადენების აგების ინიციატივით გამოვიდა, ხანაც 30 მლნ დოლარიანი „სრუტეების ეკოლოგიური ფონდის“ შემოღება გამოაცხადა, მაგრამ ამაოდ. ამას ზემოხსენებული CPC–ის რეკონსტრუქციის პროექტი დაემატა. ის რეგიონის ყველა აქტორის - თურქეთის, რუსეთის და კასპიის ზღვის აუზის ენერგომწარმოებლების ინტერესებს თანაბრად ვერ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, რუსეთ–თურქეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, 2016 წლის ბოლოს აქ ე.წ. „დიდი ყაზახური ნავთობის“ შემოსვლა სულ აურევს სიტუაციას, რამაც შესაძლოა სრუტეების დაკეტვა გამოიწვიოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კასპიის ნავთობის ახალი ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რომელიც ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ალტერნატიულ მარშრუტად მიგვაჩნია ყაზახური ნავთობის გაგზავნა რუსეთ-საქართველო-თურქეთის მარშრუტით, აფხაზეთის მონაკვეთით. თუ დროზე გაფორმდება შესაბამისი კონტრაქტი, ეს გადაზიდვა უკვე მსო–სთან შეთანხმებული შვეიცარული კომპანიის – SGS–ის მეთვალყურეობით მოხდება. ეს მარშრუტი 2016 წლის ბოლოსთვის ბევრად მომგებიანი იქნება, ვიდრე სხვა, დღეს არსებული პროექტები. ასეთი პროექტი XX ს. 90-იან წლებში საკმაოდ აქტუალური იყო და ნავთობის რუსეთიდან საქართველოს სანაპირო ხაზზე, აფხაზეთის გავლით, თურქეთში გადაზიდვას ითვალისწინებდა.
რუსი ექსპერტების გათვლებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამუშავებით (2006 წელი) რუსეთმა 5 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტი. იმავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი დაკარგა 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზის მარშრუტის ამოქმედებითაც. მეტიც, თურქეთის მიერ სრუტეებზე ეკოლოგიური შეზღუდვების დაწესებით ყაზახეთისა და რუსეთისთვის ნავთობის სრუტეებით გადაზიდვა არარენტაბელური გახდება. ამასთან, 2016 წლის რფ-ს ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვ. პუტინმა 2015 წლის 15 დეკემბერს მოაწერა ხელი, შედგენილია ბარელი ნავთობის 50 დოლარის ფასის გათვალისწინებით. ხელმოწერის მომდევნო დღეს, 16 დეკემბერს, ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე უკვე 37-38 დოლარის ფარგლებში იყო! ამიტომ მსო-ს ეგიდით, შვეიცარიული SGS–ის კონტროლქვეშ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთით და ბაქო–თბილის–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, მოსკოვმა ეს დანაკარგები შეიძლება აღიდგინოს და, აქედან გამომდინარე, ეს მარშრუტი რუსეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.
ვინაიდან შემოთავაზებული მარშრუტი აფხაზეთის ტერიტორიაზეც გაივლის, რუსულ-ყაზახური ნავთობის გადაზიდვის ამ ალტერნატივის განხორციელებას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნეიტრალური შვეიცარიული კომპანია SGS–ის მეშვეობით, შეიძლება რეალობად იქცეს. მიგვაჩნია, რომ არ არის გამორიცხული ამ საკითხზე რუსეთ-საქართველო-თურქეთ-ყაზახეთს შორის მოლაპარაკებები, რადგან რუსეთის ხელისუფლება ზემოხსენებულ დანაკარგების ანაზღაურებაში დარწმუნდება. მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, საქართველოს საშუალება მიეცემა, აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთს კონკრეტულ ენერგეტიკულ პროექტზე ესაუბროს დსთ-ს ისეთი გავლენიანი წევრის მხარდაჭერით, როგორიც ყაზახეთია. აღნიშნული პროექტი საკმაოდ რენტაბელურიც იქნება, რადგან რკინიგზა ბოსფორის ქვეშ არსებულ მარმარაის გვირაბით, საზღვაო ბორანის გარეშე დაუკავშირდება ევროპას, რაც ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ხელსაყრელია...
ნავთობის ტრანზიტით, რუსეთი და საქართველო დამატებით სატრანზიტო შემოსავალსაც მიიღებენ, თუმცა საჭიროა, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების პირობებში, ნავთობის გადაზიდვის ახალი, ალტერნატიული მარშრუტის განხორციელება ძალიან რთული იქნება. ამიტომ, საჭიროა, ამ პროექტით მსო-ს წევრი ყაზახეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უწყებებიც დაინტერესდნენ.