საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საქართველომ კიდევ ერთი, რეალური ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. მართალია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ შემოღების საორიენტაციო ვადად 4-5 თვე სახელდება, თუმცა, არც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და არც ევროკავშირის ლიდერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 2016 წლის გაზაფხულზე ეს დარჩენილი ბარიერიც გადაილახება.
აფასებს თუ არა ქართული ოპოზიცია ქვეყნის ამ წარმატებას დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებად და მიიჩნევს თუ არა, რომ ეს პროცესი გავლენას მოახდენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს წარმატება არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, არამედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული, ყველას აქვს მასში თავისი წვლილი შეტანილი, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებსაც“.
„ეს წარმატება მთლიანად სახელმწიფოს, ქართველ ხალხს უკავშირდება და მის მონოპოლიზაციას ვერც ერთი პარტია ვერ მოახდენს. ამ მიმართულებით კარების კაკუნი როდის დაიწყო, ყველამ კარგად ვიცით. ყველა ხელისუფლებას მეტ-ნაკლები წვლილი აქვს შეტანილი ამ პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - დაწყებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან, რომელიც თვლიდა რომ ევროპის ნაწილი უნდა გავმხდარიყავით, შევარდნაძის ხელისუფლება, რომელმაც პირველმა დაიწყო ნატო-ს თუ ევროკავშირის მიმართულებით მუშაობა, ხელისუფლებამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა, ნაბიჯები გადადგა თავისი წარუმატებლობით თუ შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად ძალიან სერიოზულად იმუშავა ამ მიმართულებით. პრეზიდენტმა, ცალკე აღებულმა მისმა ინსტიტუტმა, ძალიან ბევრი იშრომა რომ ამ შედეგით დასრულებულიყო ეს სწრაფვა. ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, ვისაც ჩვენი ევროპული არჩევანის სჯეროდა, ამიტომ ეს ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის დამსახურება“, - აცხადებს აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ წინ კიდევ რამდენიმეთვიანი პროცესია, რომელიც ხელისუფლებამ წარმატებით უნდა გაიაროს და საბოლოოდ მიიღოს ის სიკეთეები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული აღდგენის კუთხითაც, რასაც საბოლოოდ ეს საკითხი მოიტანს და არ უნდა დაუშვას კარდინალური შეცდომები, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ გამადიდებელი ლუპის ქვეშ ვიმყოფებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შოთა მალაშხიას აზრით, ის, რომ ვიქნებით ევროსივრცის წევრები, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, რისთვისაც ის საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა და კარგია, რომ ეს ახლანდელი თაობის ხელში მოხდა. რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, მალაშხია მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების კრახი სახეზეა და მას ვეღარაფერი შველის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, ვიზალიბერალიზაცია ხელში 2012 წელს გვექნებოდა და არ დასჭირდებოდა ამას კიდევ სამი წლის ლოდინი.
„ხელისუფლებამ რითიც დაიწყო თავისი მოღვაწეობა, იმასვე აგრძელებს, ვგულისხმობ ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას, რითიც სისტემების მართვას ახორციელებს. „ქართული ოცნების“ კრახი სახეზე და მას ვერაფერი უშველის. შეგიძლიათ ნახოთ 2012 წლის ჩვენი ბიუჯეტი, ციფრობრივად, ოთხჯერ მეტია დოლარში, ვიდრე ის, რომელიც დღეს გააჩნია ხელისუფლებას. ყველაფერი უკან წავიდა, რაც არჩევნებზეც მოახდენს ზეგავლენას.
ეს მიღწევები დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და ჩვენ ვიზალიბერალიზაცია ხელში 2012 წელსვე გვექნებოდა და არა 2015 წელს, როგორც ეს მოხდა“, - აღნიშნავს მალაშხია For.ge-სთან საუბრისას.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღება, რომ „ქართული ოცნების“ და დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მართალია მუშაობა ამ პროცესზე დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა გააქტიურება მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დროს მოხდა.
„გააქტიურებული მუშაობა, დავალებების შესრულება, საკანონმდებლო იყო ეს თუ აღმასრულებელი კუთხით, 2013 წლიდან დაიწყო და ეს ყველამ იცის. ჩვენმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა, დავალება, თხოვნა, შეთანხმება 100%-იანი ხარისხით შეასრულა და შედეგმაც, როგორც ვხედავთ, არ დააყოვნა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ჩვენ გულხედაკრეფილნი არ უნდა ვიჯდეთ, ჩვენ ამ თვეების განმავლობაშიც საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ, რათა შევძლოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, - აღნიშნავს ტყემალაძე For.ge-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ როცა საქართველოს მოსახლოება თავის თავზე იგრძნობს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მოიტანს, იქნება ეს ნათესავების მონახულება, საკუთრი პრობლემების მოგვარება, თავისუფალი გადაადგილება და ა.შ. ეს ყველაფერი არჩევნებზეც მოახდენს გავლენას.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არც რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღებამ, რომელიც სხვათა შორის, მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი იყო და არც ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არ შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში „ქართული ოცნებისადმი“ დამსხვრეული ნდობა აღადგინოს.
„ხელისუფლებამ ქართული მოსახლოების ნდობა საბოლოოდ დაკარგა. რუსეთის მიერ ვიზების გამარტივება არ არის დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება და ეს არის გაკეთებული ქართველი ხალხისთვის. ქართული ხელისუფლების მხრიდან შეიძლებოდა უფრო დიპლომატიური შეფასების გაკეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე ეს ქართველმა პარლამენტარებმა გააკეთეს, რაც შემდგომ ურთიერთობებს წაადგებოდა და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთში გაკვირვებულები დარჩნენ ამ უტაქტო შეფასებით.
რაც შეეხება ევროპას, აქაც ტყუილთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი ევროპაში მხოლოდ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას იძლევა, მაგალითად, პარიზის ან ლონდონის დასათვალიერებლად წასვლას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია. ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი კი, 99 % ევროპაში სამუშაოდ გადის და კიდევ ნაკლები ნაწილი სასწავლებლად. ეს არის მოკლევადიანი ვიზები. სამწუხაროდ, ევროპამ კიდევ ერთხელ შეაქცია ზურგი ქართველ საზოაგდოებას და კიდევ ერთხელ მოატყუა. რუსები კი სწორედ ასეთი უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავენ, ჯერჯერობით გეგმავენ, პარლამენტარების მხრიდან კი, თუ ასეთი უმადური კომენტარები გაგრძელდა და ეს პროცესი ბოლომდე არ მივიდა, ეს ხელისუფლებას არჩევნების დროს უკუშედეგს მისცემს“,-აღნიშნავს „ქართული დასის“ ლიდერი.