„ბუნებაში იმდენი ცხოველია, რამდენიც საჭიროა და მათი ხელოვნურად გამოხშირვა შეუქცევად პროცესს იწვევს“

„ბუნებაში იმდენი ცხოველია, რამდენიც საჭიროა და მათი ხელოვნურად გამოხშირვა შეუქცევად პროცესს იწვევს“

ცხოველთა დამცველებმა პროკურატურასთან გამართეს აქცია, სახელწოდებით „აამუშავე 259-ე მუხლი“. აღნიშნული მუხლი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო გათვალისწინებულ სასჯელს გულისხმობს. თუმცა, რეალურად, ცხოველის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, საქართველოში არავინ ისჯება. არადა, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს უკვე უამრავი დოკუმენტისგან შემდგარი ნუსხა დაუგროვდათ, რომლითაც გახშირებული სისასტიკის ფაქტებზე რეაგირებას ამაოდ ითხოვენ.

როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ცხოველთა მიმართ ორგანიზაციების თუ მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი სასტიკი ქმედება, მათი მოკვლა და წამება დღემდე, პრაქტიკულად, არ დასჯილა. არადა, დასჯას პრევენციული ხასიათი ექნებოდა, რათა მომავალში საზარელი ფაქტები არ განმეორებულიყო.

„დღემდე გაგზავნილი და შემოსული წერილების გორა გვაქვს და სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოები რატომ არ ახდენენ რეაგირებას, არანაირი დასაბუთება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საშუალებით ხოცავენ ცხოველებს-ცეცხლსასროლი იარაღით, დანით, ბლაგვი საგნებით. ახლა კახეთში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა დანით გამოსჭრეს ძაღლს ყელი სახელმწიფო ორგანოს-თვითმმართველობის თანამშრომლებმა. ასეთი ფაქტიც მოხდა ზესტაფონში, ადამიანმა ჯერ მოკლა ძაღლი, მერე ყელი გამოჭრა და მერე პოზირებდა, არც ამ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალურ სამსახურს, ცხოველთა თავშესაფარს, ადრე აქ არაცივილიზებური მეთოდებით პირდაპირ ხოცავდნენ ყველა ძაღლს, ახლა კი აქ მრავალი დარღვევაა. ცხოველთა უფლებადამცველები უამრავი ძაღლის გაუჩინარებას აფიქსირებენ, მათ შორის, ხშირია მასობრივი ევთანაზიაც. დაჭერილ ცხოველთა უმეტესობას უკეთებენ ევთანაზიას, მიუხედავად იმისა, ცხოველი ჯანმრთელია თუ არა. თუ ვიღაც არ აკონტროლებს და ცხოველთა დამცველი არ მოიკითხავს ძაღლის ბედს თავშესაფარში, მათ საიდუმლო ვითარებაში უკეთებენ ევთანაზიას და ცხოველთა დამცველებს მხოლოდ 2-დან 5 საათამდე მონიტორინგისთვის შეშვების ნებას რთავენ. ეს ეხება თბილისს, სხვა რეგიონებში კი უფრო რთული სიტუაციაა, რადგან პირდაპირ ქუჩებში ხოცავენ ძაღლებს. ეს საზოგადოებრივი ცნობიერების საკითხია. ელემენტარულად, სკოლებში ისე არ მიმდინარეობს თუნდაც ზოოლოგიის სწავლება, როგორც საჭიროა.

პედაგოგების გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს, ეკოლოგიურ ცნობიერებას უნდა დაეთმოს გარკვეული დრო, საჯარო ლექციები უნდა ტარდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებში, მაგრამ განათლების სამინისტრო ჩვენთან შეხვედრასაც არ თანხმდება“, - აცხადებს თემურ ლაჭყეპიანი.

რაც შეეხება სხვა ცხოველებს, ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მურა დათვზე პირდაპირ ბრაკონიერობა დააწესა და მხოლოდ იმის გამო, რომ ცალკეულ პიროვნებებს ზოოფობიური შიში გააჩნიათ, დათვების ხოცვაზე ნებართვა გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყეში თურმე დათვი არ უნდა დადიოდეს. ამიტომაც ადამიანები მიმართავენ ადგილობრივ გამგეობებს, გამგეობები განცხადებას გზავნიან გარემოს დაცვის სამინისტროში, ეს უკანასკნელიც, უმეტეს შემთხვევაში, დადებით გადაწყვეტილებას იღებს და ცხოველს მოსაკლავად იმეტებენ. სინამდვილეში, თუ ცხოველი მართლაც დაესხმის თავს ადამიანს, ყველას აქვს იმის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი იმ მომენტში.

„წარმოიდგინეთ, თურმე დათვი დაესხა ვიღაცას თავს, მან მერე განცხადება უნდა მისწეროს გამგეობას, შემდეგ-გარემოს დაცვის სამინისტროს, ნებართვა აიღოს და ამის მერე უნდა ესროლოს იმ დათვს. ამდენ ხანს ის დათვი იქ ხომ ვერ გაჩერდება? გამოდის, სხვა დათვი უნდა მოკლან. ასე რომ, ტყეებში ხოცავენ დათვებს, თორემ მივარდნილ დათვზე ლიცენზია რომ აიღონ, ამ პროცედურას დრო სჭირდება“.

ადამიანები არც მგლის მიმართ იჩენენ გულმოწყალებას. ის ფაქტი, რომ მგლების დახოცვის უფლება კიდევ სამმა მუნიციპალიტეტმა მიიღო, ბუნებაში უარყოფით მოვლენებს გამოიწვევს. თემურ ლაჭყეპიანის თქმით, ბუნებაში იმდენი ცხოველია, რამდენიც საჭიროა და, როცა უკვე პოპულაციას ხელოვნურად გამოხშირავენ, სხვა ცხოველი მრავლდება, რაც უფრო საზიანო იქნება. მაგალითად, თავის დროზე ჩინეთში ჩიტები დახოცეს იმ მოტივით, მარცვალს ჭამსო და შემდგომ უკვე მარცვალს გაუჩნდა მატლები და თავიდან შეიყვანეს ჩიტების ახალი პარტია.