საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ეს არის არა მარტო საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების სივრცე, არამედ ეს არის გზა საქართველოს ერთიანობისკენაც.
„მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამარჯვებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა, თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, აგრეთვე -განვითარების პირობები ყველასათვის.
როგორ აისახება ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რამდენად შეიძლება ამ ფაქტმა გავლენა მოახდინოს სოხუმისა და აფხაზეთის მომავლაზე და შეიძლება თუ არა დღეს სამომავლო პროცესებზე საუბარი?
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას აზრით, ეს ფაქტი არის მესიჯი და შეთავაზება აფხაზეთის დ სამაჩაბლოს, შიდა ქართლის მოსახლეობისთვის, რომ მათაც შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის სიკეთე, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს და უახლოეს მომავალში კიდევ მეტად ისარგებლებს.
„ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაზირდება დილემა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობისთვის- სჭირდებათ თუ არა მათ უპერსპექტივო რუსეთი თუ მათ ურჩევნიათ იფიქრონ იმ მექანიზმებზე, რომ საქართველოს ფარგლებში მათ მიიღონ ყველა ის წარმატება, რაც საქართველოს მოსახლოებას შეიძლება ჰქონდეს მთელი ევროპის მასშტაბით. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბევრად უკეთესი პერსპექტივები გაჩნდება, ვიდრე ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩანდა, მათ კიდევ მეტად გაუჭირდებათ საქართველოს გარეშე ყოფნა, როგორც ამას აქამდე ფიქრობდნენ და აკეთებდნენ“, - აცხადებს გამზარდია For.ge-სთან საუბრისას დ აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა.
ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად ძლიერია დღეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ახალგაზრდული ძალები, რამდენად შეძლებენ ისინი რეალურად შეცვალონ პოლიტიკური ამინდი რეგიონებში? საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის აზრით, ახალგაზრდობა ნელ-ნელა დაიწყებს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ხედვენ, რომ ნელ-ნელა მათთვის რეალური ცვლილებების დრო დადგა.
„ისინი ხედავდნენ ქვეყანას, როგორიც შევარდნაძის დროს იყო, შემდეგ იყო სააკაშვილის დროინდელი საქართველო, რომლის დროსაც პერსპექტივები გაჩნდა, მაგრამ ის მავნებლობა, რაც ამ რეჟიმმა მოიტანა, პენიტენციალური სისტემის თუ ადამიანური უფლებების მხრივ, არ უჩენდა სურვილს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის. დღეს ვიზალიბერალიზაცია არის ფაქტობრივი მოცემულობა და არა ფაქტის ინტერპრეტირება და შელამაზება. დღითიდღე უფრი რთული იქნება აფხაზეთში იმ ახალგაზრდების დაკავება, რომელთაც წარმატების მიღწევა სურთ“, - აღნიშნავს გამზარდია.
ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფი საქართველოსთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა კრემლის პირველი პირის წინადადება რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რუსეთის მხრიდან აგრესიას და მოსალოდნელ ექსცესებს გამორიცხავს.
„არა იმიტომ, რომ რუსეთი კარგია და პოლიტიკურად მოსაწონი, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების გამწვავებას მოერიდება“,-აღნიშნავს ფილოსოფოსი.
რაც შეეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხს, ფირალიშვილს მიაჩნია, რომ იქ პროცესები აუცილებლად დაიძრება.
„მათ მოუნდებათ იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ვიზალიბერალიზაციას ახლავს თან. ეს ხელს შეუწყობს დაახლოების და ურთიერთობების გაღრმავების პროცესების აღდგენას, რაც ამდენი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ორიოდე წელიწადში მოხდება, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნავს ფირალიშვილი For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ მართალია, რუსეთს ეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ხვალ და ზეგ რა მოხდება, ეს მხოლოდ რუსეთზე არც არის დამოკიდებული.
„ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა აფხაზებისა და ოსებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთში მიმოსვლა, განსაკუთრებით მათი იმ ნაწილისთვის, ვისაც ევროპაში სურს განათლების მიღება. ეს არ იქნება ასეთი სწრაფი, მაგრამ პროცესი თანდათანაობით დაიძრება და შედეგებს აუცილებლად იქონიებს“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.