„ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს მოსკოვთან პრაგმატული კურსი.
რა საფრთხეები და სიკეთეები შეიძლება ახლდეს ამ პრაგმატულ კურსს, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
პუტინის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ რუსმა პოლიტიკოსებმაც აიტაცეს. ზოგიერთი აცხადებს, რომ საამისოდ დიდი ხანია, მომწიფდა სიტუაცია, ზოგი თვლის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ძალზე სწრაფად არის შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რაღაც ახალი და განსხვავებული სტრატეგია ხომ არ აამოქმედა საქართველოს მიმართ?
- სიახლის რა მოგახსენოთ, ზოგადად, დიდი ხანია, მქონდა მოლოდინი, რომ პუტინი რაღაც ამდაგვარ ნაბიჯს გადადგამდა. მან არაერთხელ გააკეთა ამ განწყობილების გამომხატველი განაცხადება. თან დღეს, მით უმეტეს, ისედაც გართულებული სიტუაცია აქვს - ყველგან დაძაბულობის ავტორია და იმის ჩვენება, რომ მშვიდობისკენაც დგამს ნაბიჯებს, მისთვის მომგებიანია.
ეს განცხადება საყურადღებო უდავოდ, არის, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, მაგრამ დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს პუტინია.
პრინციპში, რუსულ „რბილ ძალაზე“ დიდი ხანია, საუბარი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში, ეს კიდევ ერთი დასტურია ამ პოლიტიკის? ჩვენთვის რამდენად სახიფათოა, მაშინ, როდესაც პრორუსული განწყობების ზრდაზე ბევრს ლაპარაკობენ?
- პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო თავის დროზე, მიზეზი იმისა, რომ გაჩნდა უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მისი გაჩენილია. მაგრამ, რაც შეეხება გარკვეულ იმედგაცრუებას დასავლეთის მიმართ, პუტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა - მნიშვნელოვანია თავად დასავლეთი რას აკეთებს და სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ დასავლეთი უშვებს შეცდომებს - უფრო ნელა და არაეფექტურად მოქმედებს და სწორედ ამან გამოიწვია განწყობების ცვლილება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოსკოვში ვიზიტისას საქართველოსაც შეეხო საუბარი და მსგავსი განცხადება ამის შედეგია?
- რომ ყოფილიყო ასეთი თემა, რომელიმე, ან ორივე მხარის მიერ ითქმებოდა. ამერიკისთვის პლუსია, რომ მარტო უკრაინის მიმართულებით კი არა, უფრო ფართე სპექტრით მუშაობს რუსეთთან. თანაც ამერიკის სიტყვას რუსეთისთვის მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, აქამდე გააუქმებდა აღიარების (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) გადაწყვეტილებას და ა.შ. მაგრამ რუსეთს ეს არ გაუკეთებია. ამიტომ, არ მგონია, ეს საკითხი ამერიკის ნაკარნახევი იყოს.
თუ ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის პარალელურად რუსეთიც უვიზო რეჟიმს შემოგვთავაზებს, გამოდის, რომ კონკურენციაში შევა დასავლეთთან? ამან რა პროცესებს შეიძლება შეუწყოს ხელი?
- ეს უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ერთადერთი, რაც მოსალოდნელია, უფრო ინტენსიური გახდება მიმოსვლა და ვაჭრობა რუსეთთან. მიმოსვლა იმიტომ, რომ რუსეთში არის დიდი ქართული დიასპორა და მეორე - რუსული ბაზარი უფრო ელოდება ქართულ პროდუქციას, ვიდრე დასავლეთის ბაზარი და ამიტომ, იმ ბაზარზე გატანა ქართული პროდუქციისა, უფრო რეალურია.
თუ შეჯიბრი იწყება, ვინ უფრო მეტად შეისრუტავს საქართველოს, იმის გარდა რა ტრადიციული ინტერესებიც აქვს საქართველოს მიმართ, რუსეთისთვის ეს რა დივიდენდის მომტანია?
- ასეა - ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. თანაც, რუსეთისთვის ის სარგებელია, რომ პუტინი ხდება არა მხოლოდ აგრესიული ნაბიჯების ავტორი, არამედ მშვიდობიანისაც. ამის გარდა, ამდენი მტრების გარემოცვაში კიდევ ერთი მტრული განწყობილების გაძლიერება, როგორც ჩანს, აღარ უნდა რუსეთს.
თუ რამეში დასჭირდა რუსეთს საქართველოზე ზეწოლა და მისი დაჩაგვრა, ამისი ბერკეტები აქვს - სულ ერთი სააათის სავალზეა განლაგებული რუსული შეიარაღება ჩვენგან. ანუ დასჯის საშუალება აქვს და ამიტომაც გვეთამაშება კატა-თაგვობანას.
საქართველოს ხელისუფლებას მართებს თუ არა გარკვეული სიფრთხილე, რადგან ისედაც უკვე სალაპარაკო გახდა ეჭვები საგარეო ვექტორის შესახებ? თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე შესაძლოა უფრო სწრაფად აისახოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და რუსული ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნა. რა შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის, თავშეკავება ქართული მხარის მიერ თუ პირიქით, ამ საკითხზე მეტი ინტენსივობით მუშაობა?
- საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი ამ საუბრებს ვერ შეცვლის. ოპოზიციაში ამ თემაზე მაინც იქნება ლაპარაკი, რარდგან მათთვის მომგებიანი თემაა. რაც შეეხება ალტერნატივას, განვიხილოთ ასეთი ვარიანტი: დავუშვათ, საქართველომ უარი თქვა და განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ის არ არის თანახმა უვიზო მიმოსვლაზე - უკვე არის ნათქვამი, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე - შესაძლოა, სავიზო რეჟიმზეც მსგავსი პოზიცია დაფიქსირდეს...
პრინციპში, 2011 წელს საქართველომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და გაამარტივა ვიზები რუსეთიდან შემომსვლელთათვის...
- თუ საქართველო თავს შეიკავებს ამ ინიციატივებზე წასვლისკენ, ისიც ხომ უნდა ვიფიქროთ შედეგად რა მოჰყვება? - ცხადია, რუსეთი რაღაც სადამსჯელო კამპანიას მოიფიქრებს. ან რაღაც ოპერაციას ჩაატარებს, ან უარს გვეტყვის მანდარინებზე.
შესაძლოა, საქართველომ მერე ამით თავი მოიწონოს დასავლეთთან, აი ასეთი შეუპოვრები ვართო, მაგრამ დასავლეთი რას იზამს? - უკრაინას ვერ შველის... ასე რომ, ისევ ქვეყნის მიმდინარე ინტერესებიდან გამოსვლაა უფრო ადეკვატური.
პარალელურად, ხომ არ იტოვებს რუსეთი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების საბაბს? - სანაკოევის განცხადება, რომ პანკისში ისლამური ხალიფატი წვრთნებს ატარებს, ხომ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცის მიერ არის ნაკარნახევი?
- ეს კიდევ ერთი ფრონტი იქნება რუსეთისთვის - ვეჭვობ, ასეთი გაფართოება საბრძოლო ოპერაციებისა მას ხელს აძლევდეს. თუკი რაიმე საფრთხეს უნდა ველოდეთ, უფრო იმ მიმართულებით, რომ რუსეთი როგორც მოკეთე, ისე წამოვიდეს ჩვენსკენ - რომ აი, მე გავაუქმე სავიზო მიმოსვლა და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი დათბობა იქნება საფრთხის შემცველი. ბუნებრივია, მას იმედი ექნება, რომ სანაცვლოდ, რუსეთის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება საქართველოში.
ტენდენცია, რომ ვინც აქტიური მომხრე არ არის დასავლეთისა, ის ჯგუფები გამოცოცხლებულია, მართლაც შეიმჩნევა და საბოლოოდ, რა კონდიციას მიაღწევს მათი აქტიურობა, რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჯერ არ ვიცით.
არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ასეთი ძალები პოლიტიკურად უფრო გააქტიურდებიან და შესაძლოა, არჩევნების წინ მივიღოთ სიტუაცია, როდესაც საგარეო ვექტორის გათვალისწინებით იქნება არჩევანი გასაკეთებელი - რამდენად რეალურია ასეთი საფრთხე?
- არ ველოდები, რომ ასე დადგეს საკითხი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი - ავტომატურად იმის ვარაუდი, რომ აუცილებლად დასავლეთის სასაარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი, შესაძლოა, არც გამართლდეს.
რატომ?
- იმ პოლიტიკის გათვალისწინებით რაც ხორციელდება - ანუ რა დახმარებაც დღემდე განხორციელდა დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ, ქართული საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი - ანუ ამ თემებზე ხმამაღლა არ ყვირიან. ხმამაღალი თემები რაც არის - მაპი, ნატო და ევროკავშირი - ეს იმედები რომ უშედეგოა, ამას ხედავენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ეს თემა საკრალური გახდა არჩევნების წინ, ნუ ვიფიქრებთ, რომ აუცილებლად დასავლეთისთვის სასარგებლო არჩევანი გაკეთდება. ეს თემა არც ერთი არჩევნების დროს არ ყოფილა წამყვანი, ასეთი ალტერნატივაც კი არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს თემა რომ შემოვიდეს, მაშინ რა მოხდება, კიდევ საკითხავია.
ანუ, ეს საფრთხე არსებობს თუ არა? ვგულისხმობ, საგარეო ვექტორი გახდეს გადამწყვეტი...
- კიდევ ვიმეორებ, თუ გონივრული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, ეს თემა არ უნდა წაამოაყენონ. თუ არაგონივრული იქნება, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ შესაძლებელია.