„სააკაშვილის გუნდი ეძებს სერიოზულ არგუმენტს იმისთვის, რომ განერიდოს უკრაინას“

„სააკაშვილის გუნდი ეძებს სერიოზულ არგუმენტს იმისთვის, რომ განერიდოს უკრაინას“

ქართველი პარტიზანები უკრაინის შს მინისტრს, არსენ ავაკოვს პასუხს სთხოვენ, „ამხანაგო მინისტრო, ჩვენ ვართ „გასტროლიორები“?

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფი ქართველ პარტიზანთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია უკრაინის შს მინისტრის რეპლიკამ: „წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!“, რომელიც მან რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოიყენა.

პარტიზანები არსენ ავაკოვს მიმართავენ, ჩამოვიდეს და თავად იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, თუკი მას ქართველები „გასტროლიორებად“ მიაჩნია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

სააკაშვილის ხელში უკრაინას და ოდესას ისეთი ტრაგიკული დღეები არ გაუვლია, როგორც საქართველოს და იქ არ ყოფილა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტები, მაგრამ სააკაშვილის მიმართ წრე უფრო ვიწროვდება. სულ ახლახანს ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის დაპირისპირებაში ახალი მძლავრი პოლიტიკური მოთამაშე ჩაერია, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სახით, რომელმაც სახეში წყალი შეასხა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსუკრაინიდან მოშორებაუბრძანა. რა ბედი ელისგასტროლიორთაგუნდს უკრაინაში?

- უკრაინაში რომ დაპირისპირება რთული იქნებოდა, ეს ცხადი იყო. უკრაინა ჩვენს დღეშია, უარესშიც. გარდა ამისა, იქ არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ძალიან დიდი დაინტერესებაა ბიზნესწრეების მხრიდან, მოკლედ, რთული ქვეყანაა და უკრაინაში იგივე სვლები, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებდა, ბუნებრივია, არ გამოვა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოში სააკაშვილს ჰქონდა კარტ-ბლანში, ის თავის ნებაზე იყო მიშვებული და, რაც მთავარია, მას ჰქონდა ცენტრალური ხელისუფლება. ახლა კი, ის არის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიანაც რომ უნდოდეს, იმ ოლქში, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარება, ყველა ბერკეტი არ გააჩნია. როგორც ვხედავ, ეს დაპირისპირება საკმაოდ გამოცდილი მეთოდია სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან, ვფიქრობ, ისინი გარკვეულწილად, ეწევიან პროვოცირებას, რათა თავისი წარუმატებელი სვლები უკრაინაში დამალონ და ეს გადაბრალდეს პოლიტიკურ დაპირისპირებას ძალთა შორის. ჩემი აზრით, სააკაშვილის გუნდი ეძებს სერიოზულ არგუმენტს იმისთვის, რომ განერიდოს უკრაინას.

აქამდე დუმდა პოროშენკო. რით ახსნით იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაშიაჭმევინებდა“ თავის წარმომადგენლებს მის მიერ ხელდასხმულ ოდესის გუბერნატორ -სააკაშვილს. ახლა კი გააკეთა ნეიტრალური განცხადება, რომ სააკაშვილის თემის განხილვა ქართველების წინააღმდეგ რასისტულ პლანში არ შეიძლება და, რომ არ ნანობს სააკაშვილისა და რეფორმატორთა საერთაშორისო გუნდის მოწვევას.

- პოროშენკოს განცხადება ჩვეულებრივია. მართლაც სამარცხვინოა, როცა წყალს ასხამენ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. შეიძლება, პოროშენკოს რაღაცის ეშინია, მაგრამ არა მგონია, ეს რასისტულ პრიზმაში იქნას საქართველოში განხილული, იქიდან გამომდინარე, თუ რა დამოკიდებულებაა მოსახლეობაში სააკაშვილის რეჟიმის მიმართ. ამიტომ აქ რომ დიდ ვნებათა ღელვას გამოიწვევს და ხალხი უკრაინაზე გულს აიცრუებს, ასეთი რამ არ მოხდება. უბრალოდ, ახლა მთლად გაჩუმებაც არ შეიძლებოდა, რადგან პროცესები გასცილდა ნორმალური ურთიერთობის ფარგლებს. ასე რომ, პოროშენკოს განცხადებაც ისევე ნეიტრალურია, როგორც მისი დუმილი იყო.

გულწრფელად გითხრათ, პოროშენკოსთვის მომგებიანია ის სიტუაცია, რაც დღეს უკრაინაშია იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის. პოროშენკოს არ ჰყავს ძლიერი პოლიტიკური გუნდი, ეს გუნდი, ალბათ, ფორმირების პროცესშია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პოროშენკოს აწყობს ორი დაპირისპირებული მხარის არსებობა. სანამ ეს ხალხი ერთმანეთით იქნება დაკავებული, შესაძლოა, მან რაღაც მოახერხოს. მისი ურთიერთობა არც სააკაშვილთან არ არის გამართული, არც იაცენიუკთან.

უკრაინაში მარტო სააკაშვილი არ არის განსჯის ობიექტი. უკრაინის შს ყოფილი მინისტრის ვიტალი ზახარჩენკო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში 4 მილიონი დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს. არ არის გამორიცხული, ესშავი ფული“ საქართველოში შემოჰქონდათ ნაციონალებს. თუმცა, საჯარო ინფორმაციით, ეს ის თანხებია, რომლებიც ავაკოვსა და ზღულაძეს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმისთვის გადაეცათ. როგორ ფიქრობთ, გააგრძელებდნენ ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები იმ საქმიანობას უკრაინაში, რასაც მიჩვეულნი იყვნენ საქართველოში?

- საქართველოში რასაც აკეთებდნენ, იმიტომ აკეთებდნენ, რომ, როგორც ვთქვი, მთლიანად ხელისუფლებას ფლობდნენ, იქ კი ფლობენ რაღაც ნაწილს ხელისუფლებისა. შესაძლოა, ოდესა ეკონომიკურად ძლიერი რეგიონია უკრაინაში, მაგრამ ცალკე ოდესას ცალკე საგადასახადო და ცალკე საბაჟო ვერ ეყოლება, ეს ის ბერკეტები იყო, რასაც ნაციონალები ფარული შემოსავლისთვის იყენებდნენ. იქ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ეს ყველაფერი კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. გარდა ამისა, უკრაინაში მუშაობს ერთიანი სახელფასო სისტემა, ამიტომ ნაციონალებისთვის აქაც პრობლემებია, დამატებით ფულის მოზიდვაზეც პრობლემებია, რადგან ოდესის ბიზნესი აღფრთოვანებული არ იქნება სააკაშვილით. როგორი ბიზნესიც არ უნდა იყოს, თუ შავი ბიზნესია, ახალი მეწილის გაჩენით აღფრთოვანებული არ იქნება ეს ბიზნესი, ხოლო, თუ თეთრი ბიზნესია, არც მათ მოეწონებათ სააკაშვილის გამოჩენა მათ ქვეყანაში.

რაც შეეხება ბორისპოლის აეროპორტში ეკა ზღულაძის შეჩერებას, ცხადია, რადგან ვერ ხერხდება სისტემის ჩაკეტვა, ასეთი თანხების მოძრაობა ყოველთვის სახიფათო იქნება ამ გუნდისთვის. მით უმეტეს, სააკაშვილს ჰყავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არა მარტო იაცენიუკის ლიდერობით, არამედ პოროშენკოს სახითაც. არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ძალიან გაძლიერება, ანუ პოპულარობა ხალხში, მისი რეიტინგის ზრდა, თუკი ასეთი რამ ნამდვილად არის, პოროშენკოსაც ხელს აძლევდეს. პოროშენკოს სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში აწყობს მანამ, სანამ ის რაღაც ზღვარზე არის და ახლა, თუ სააკაშვილი დაიწყებს ისეთ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ერთპიროვნულ ლიდერად აქციოს მოსახლეობაში, ეს მიუღებელია პოროშენკოსთვის. ამიტომ დღეს პოროშენკო თამაშობს იმ თამაშს, რომ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ერთმანეთი დაასუსტოს.

პოროშენკო რომ არ ენდობა სააკაშვილს, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ზუსტად პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელმა, უკრაინელმა კანონმდებელმა, დიმიტრი გოლუბევმა დაადანაშაულა სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ქართული ბანდა, ამ თანხებით აწყობენ ქართველები ბანკეტებს, ყიდულობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდი იპარავს და ყოველდღიურად ფლანგავს თანხებს იმ საქველმოქმედო ფონდიდან, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფ მებრძოლთა რეაბილიტაციისთვის შეიქმნა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი ამბობს, რომ არ დატოვებს უკრაინას. მისი ნებაა ეს?

- ნაციონალები ახლა ეძებენ არგუმენტს, რომ კი არ დატოვონ, არამედ გამოყარონ იქიდან და ეს გააკეთოს არა პოროშენკომ, არამედ რეაქციულმა ძალებმა, რომლებიც, მათი თქმით, ხელს უშლიან რეფორმების გატარებაში. ნაციონალები მიხვდნენ, რომ უკრაინაში მათ არ აქვთ წარმატება. წარმატება ვერც ექნებათ, რადგან პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება იქ ვერ ხერხდება, ფინანსურზე რა მოგახსენოთ. თუმცა შეეცდებიან, მთლად ხელცარიელნი არ წამოვიდნენ უკრაინიდან. ამიტომაც ცდილობენ იაცენიუკისა და მისი გუნდის პროვოცირებას, რომ მათ მაინც აიძულონ სააკაშვილი და მისი გუნდი, დატოვონ უკრაინა. როგორც ჩანს, ეს ეტაპი დადგა და სწორედ ამიტომაც აკეთებს სააკაშვილი განცხადებებს, რომ ის აიძულეს, მასზე იყო ზემოქმედება, რომ შეინარჩუნოს რაღაც იმიჯი. სააკაშვილს კარის გამოჯახუნებით უნდა იქიდან წამოსვლა. იუსტიციის მინისტრობის დროს როგორც საქართველოში აფრიალა სურათები და მერე გადადგა, დაახლოებით ასეთივე სცენარის გათამაშება უნდა უკრაინაში, მაგრამ რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია.

სააკაშვილმა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში საკუთარი თავის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა და მოითხოვა, დაუდასტურონ, არის თუ არა ნამდვილად კორუმპირებული, რაშიც იგი იაცენიუკმა დაადანაშაულა. ადრე საუბრისას მითხარით, რომ მაინცდამაინც არც ამერიკას უნდა სააკაშვილის მიღება, საქართველოზე საუბარიც ზედმეტია. სააკაშვილი არც თავის გუნდს ეხატება გულზე მაინცდამაინც, გოკა გაბაშვილის ფარული ჩანაწერიც ამის დასტურია. თუკი სააკაშვილი დაკარგავს პოლიტიკურ სარჩულს, გამოფიტული სააკაშვილი სად იპოვის საკუთარ თავს?

- სააკაშვილისთვის უკრაინიდან წამოსვლა იქნება მისი პოლიტიკური გარდაცვალება. როცა ვთქვი, რომ სააკაშვილი არც ამერიკას უნდა და არც - არავის, ვიგულისხმე, რომ იგი არ უნდათ, როგორც პოლიტიკოსი სააკაშვილი. თუკი წყნარად იქნება და ფულს დახარჯავს ამერიკაში, მაშინ არავინ ეტყვის უარს. ის გაჭრილი კარტია პოლიტიკის თვალსაზრისით, ამის შემდეგ ის იქნება განულებული, როგორც პოლიტიკოსი. საქართველოში 2016 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ კი სააკაშვილისთვის საერთოდ დახურული სივრცე იქნება. არა მგონია, მისი ადგილი საქართველოში იყოს და არც ის მგონია, პოლიტიკურად რომელიმე ქვეყანაში მოხდეს მისი რეაბილიტირება. უკრაინის პოლიტიკიდან წასვლა სააკაშვილისთვის საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას ნიშნავს. ამით დასრულდება მისი ეპოპეა. რაღაც დონით ის მედიის ყურადღების ცენტრში იქნება თავისი ექსტრავაგანტული გამოსვლებით, მაგრამ, როგორც ლიდერი, აღარ იქნება მიმზიდველი არც საქართველოში და არც დასავლეთში. სააკაშვილი ჩვენთვის არის ტვირთი, თორემ არც იმდენად დიდი ფიგურაა, მსოფლიოში ვინმემ მისთვის თავი აიტკიოს. სააკაშვილი კი არა, გაცილებით დიდი კავშირები ჰქონდა შევარდნაძეს და მანაც ვერ შეცვალა დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი. ასე რომ, ყოფილ პრეზიდენტებზე და, მით უმეტეს, ყოფილ გუბერნატორებზე დასავლეთის პოლიტიკური წრეები თავს არ მოიკლავენ. თორემ სააკაშვილს საერთაშორისო პოლიტიკისთვის დიდი არაფერი გაუკეთებია. მისი გამოსვლები და ქმედებები საერთაშორისო პოლიტიკისთვის გაწონასწორებული ან ფრთხილი არ ყოფილა. ამას ადასტურებს 2008 წლის ცხინვალის ეპოპეა და მისი ურთიერთობა არა რუსეთთან, არამედ დასავლელ პარტნიორებთან.