მთავრობას პიროტექნიკის აკრძალვას სთხოვენ

მთავრობას პიროტექნიკის აკრძალვას სთხოვენ

მოსახლეობის ნაწილი პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას ითხოვს. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებლ პეტიციას უკვე ათასობით ხელმომწერი ჰყავს. გარკვეული შეზღუდვას ემხრობიან პარლამენტშიც. ჯერ საახალწლო დღეები არ დამდგარა და წელს უკვე ორი მეტად საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორი დღის წინ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბურბუშელაში საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად გადაყლაპა. სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს „დავლათში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და დადასტურდა კიდეც ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს „დავლათს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

„სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს“, - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.

დაშავებული ბავშვის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. მისი მკურნალობის პროცესი შედარებით ადვილად წარიმართა, რადგან პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა. ასაფეთქებელი ნივთიერება ბავშვს რომ დაეღეჭა, იგი პირში აუცილებად აფეთქდებოდა.

„ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით“, - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

ყოველ წელს პიროტექნიკასთან დაკავშირებით რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება. ამ რამდენიმე დღის წინათ 192-ე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მძღოლი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა მხედველობა დაკარგა.

მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გასულ წელსაც არაერთხელ გავრცელდა. 2014 წელს, ახალი წლის ღამეს, დამწვრობის ცენტრს დახმარებისთვის 22-მა პაციენტმა მიმართა. რამდენიმე დაშავებული სხვა კლინიკებშიც მოათავსეს.

ასეთი ფაქტების გახშირებით აღშფოთებულმა ადამიანებმა პიროტექნიკის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინტერნეტში სპეციალური პეტიციაც გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის manifest.ge-ზე განთავსებულ პეტიციას 4000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

„მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. ამიტომ მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად“, - ნათქვამია პეტიციაში.

პიროტექნიკის რეალიზაციის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის მომხრეა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძეც. თუმცა, როგორც მან „კომერსანტს“ განიცხადა სრულად აკრძალვა მაინც არ უნდა მოხდეს.

„უნდა არსებობდეს განსაზღვრული შემთხვევები, თუ როდის შეიძლება პიროტექნიკა იყოს გამოყენებული და როგორი უნდა იყოს ის. საკვებში როგორ მოხვდა, პირველ რიგში, ეს არის ჩემთვის საინტერესო. თუ ვინმემ საკვებში ფეხსაცმელების ზონარი ჩადო, არ ნიშნავს, რომ ზონარები უნდა ავკრძალოთ. ის, რომ ხიფათის შეცველია პიროტექნიკა და მას ხშირად გამოიყენებენ, ამას სერიოზული რეგულაცია სჭირდება. უფრო პრაგმატულად უნდა მივუდგეთ, შეიძლება ახალი წელი და დაბადების დღეები გავითვალისწინოთ და არასწორი გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობის დონე განვსაზღვროთ“, - აცხადებს თემურ მაისურაძე.