ცნობიერების ზღვარს მიღმა!

ცნობიერების ზღვარს მიღმა!

დიდი აფეთქების, პარალელური სამყაროების ან ჰოლოგრამული სამყაროს ჰიპოთეზები, სამუდამოდ დარჩება დაუმტკიცებელ ვარაუდებად. მათი „ადგილი“ მხოლოდ თეორიულ ფიზიკაშია.

ახსნა ყველაფერს აქვს, მაგრამ არ არსებობენ ისეთი გენიოსები, რომლებიც შეძლებენ მათ გაგებას ან გააზრებას... ადამიანის გონება შეზღუდულია, მან უკვე მიაღწია განვითარების ზღვარს.

ასე ფიქრობენ ცნობილი მეცნიერი-პესიმისტები. მაგალითად, ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, კოსმოლოგი და ასტროფიზიკოსი მარტინ რისი ამტკიცებს, რომ „სამყაროს დაბადება ჩვენთვის სამუდამოდ დარჩება გამოცანად“.

რატომ ყრიან ფარ-ხმალს მკვლევარები?

საქმესთან „ახლოს“ არიან. აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ სივრცეს უჯრედოვანი სტრუქტურა აქვს, და თითოეული ეს „უჯრა“ ტრილიონი ტრილიონჯერ მცირეა ატომზე. ამის წარმოდგენა ჩვენი ტვინის „ადუღებას“ იწვევს. დამტკიცება, უარყოფა ან გაგება, თუ როგორ მუშაობს ასეთი კონსტრუქცია, ჩვენ - ადამიანებს, არ შეგვიძლია.

სწორედ ამიტომ, ბევრი ცნობილი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია იმ ზღვარს მიადგა, სადაც იშლება ზღვარი ფილოსოფიას, მეცნიერებას და სულიერ შემეცნებას (რელიგიას) შორის.

მაგრამ, ჯიუტ ფიზიკოსებს სხვა ამბიციები აქვთ. ისინი ცდილობენ დაინახონ სამყარო ცნობიერების ზღვარს მიღმა - მათ ვერაფერი შეაჩერებს.

და მაინც, რაც უფრო წინ მივდივართ შემეცნებაში, მით უფრო ვუახლოვდებით წინაპართა პოსტულატს, რომ - არაფერია ღმერთის გარდა და ყველაფერი არის ღმერთი! მეცნიერება წრებრუნვას ასრულებს, კრავს წრეს და ერწყმის რელიგიას. ამას კი დამტკიცება არ სჭირდება (ნებისმიერი მღვდელი აგიხსნით, მარტივად).

და რელიგია ვისი შექმნილია, კაციშვილმა არ იცის. დიდი ალბათობით, ეს მარადიული, მაგრამ ექსპერიმენტულად შეუმეცნებელი იდეა ადამიანს არ ეკუთვნის, რადგან, მეცნიერთა აზრით, ჩვენი აზროვნება ამ მხრივ, შეზღუდულია.

გამოდის, რომ პრინციპში, სწორედ აღნიშნულ „არაადამიანურ“ იდეას, ანუ ღმერთის არსებობას ამტკიცებს თანამედროვე მეცნიერება - სამყაროს დაბადების სხვა ვერსია არ გვაქვს, და არც გვექნებაო! ჰოდა, უნდა ველოდოთ, რომ ადრე თუ გვიან, ეს „იდეა“ მაინც დამტკიცდება, მეცნიერულად!

პ. ს. სულაც არ არის გამორიცხული (პირიქით, მოსალოდნელია), რომ ქართველმა მკვლევარებმა, ათეისტებმა, ფილოსოფოსებმა ან თეოსოფოსებმა, თავიანთი კატეგორიული და კომპეტენტური აზრი დააფიქსირონ ამ თემაზე (მერე რა, რომ ფიზიკოსები შეიძლება არც იყვნენ) და ცოტა წინ წაწიონ ჩვენი ეს „გადაულახავი“ აზროვნების ზღვარი.

ამ იმედით ვაქვეყნებ ამ ბლოგს!!