ელისაშვილის ტელეფონში მტკიცებულება არ აღმოჩნდა

ელისაშვილის ტელეფონში მტკიცებულება არ აღმოჩნდა

ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში იმ მაღალჩინოსნების გზავნილები არ აღმოჩნდა, რომლის შესახებაც საუბრობდა. პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში. რაც შეეხება თავად ელისაშვილის პოზიციას, for.ge დაუკავშირდა ამ სკანდალური საქმის მთავარ გმირს, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

კოკა კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში სმს-ები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

„ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას საკუთარი ტელეფონი გუშინ წარუდგინა, სადაც მისი თქმით იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით სმს შეტყობინებებია შენახული.

„ჩემი ტელეფონი გამოძიებამ დაიტოვა ნივთმტკიცების სახით. ამ დროისთვის ყველაზე გულახდილი ვარ გამომძიებელ გიორგი მუჯირთან. მან იცის ყველა დეტალი, დანარჩენის საჯაროდ თქმას არ ვაპირებ. მე ჯერჯერობით ეჭვი არ შემაქვს გამოძიების კეთილსინდისიერად მიმდინარეობაში. გამოძიებას ჩემი სასიყვარულო მიმოწერა ჩემს ცოლთან ნამდვილად არ აინტერესებს, ტელეფონი არის თავად ფაქტი და დანარჩენი ფაქტებიც უნდა შეაგროვონ. დღეს გვქონდა ძალიან დაწვრილებითი და დეტალური საუბარი“, - ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 30-მდე მოწმეა დაკითხული - შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები – ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ჟურნალისტი ელისო კილაძე.

ხვალ კი შეწყალების საქმეზე დაიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შეხვდა. გამორიცხული არ არის, საქმის გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც დაიკითხოს.