რუსეთ-თურქეთს შორის ვითარება მწვავდება. რუსეთი არ გამორიცხავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი დააყენოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. სანქციების საკითხი სავარაუდოდ, რუსული მხარის იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობს თურქეთზე ყიდის.
რუსული მხარის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თურქეთი და აცხადებს, რომ კონტრაბანდულ ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ სირიის მთავრობა ყიდულობს. თურქეთის პოზიაციას ამყარებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სადაც ასევე აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს სირიის ხელისუფლება ყიდულობს. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ადამ შუბინის ინფორმაციით, ნავთობის გარკვეული მოცულობა თურქეთსაც მიეწოდება.
for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შესყიდვას, ეს ძალიან ცოტაა. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჭრილი მებრძოლები უმრავლესობა მკურნალობის კურსს თურქეთის რამდენიმე ჰოსპიტალში გადის.
რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების დაწესების ბრძოლა გრძელდება. რუსეთის პარალელურად,სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს ანკარაც, თუმცა, ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული რა სახის სანქციებზეა საუბარი. ბატონო დემურ, ვინ უფრო ზარალდება სანქციების ბრძოლაში?
დემურ გიორხელიძე: ძალიან საშიშ პოლიტიკას ეწევა თურქეთი. გამოჩნდა, რომ მან ვერ მიიღო მხარდაჭერა ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან. ვხედავთ, რომ თურქეთს სერიოზულ პრეტენზიებს უყენებენ ევროპის მთავარი ქვეყნები, იმიტომ, რომ ეს არის ზღვარს გადასული, ძალიან სარისკო თამაში, რომელიც გულისხმობს თურქული და ოსმანური იდეების რეალიზაციას. ამასთანავე, ვიცით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ფაქტიურად მკვებავი არის საუდის არაბეთი და თურქეთი. აშშ-მა შესანიშნავად იცოდა ამდენი ხანი რას აკეთებდა თურქეთი. მთავარი მიზანი მიღწეული იქნა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილი არ იქნა საერთაშორისო კოალიცია, სწორედ იმ თვითმფრინავს ჩამოგდების ინციდენტის გამო.
ასე რომ, თურქეთი ვერ მოიგებს ამ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც გამოჩნდნენ ერდოღანის და ოსმანური იმპერიის იდეების მეხოტბეები. სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება ისტორიული მარაზმი. ისევ იმ ჭაობისკენ მივექანებით, როდესაც არასწორი ორიენტაციები ქვეყანას უზარმაზარ ზიანს აყენებდა. საქმე მიდის დაძაბულობისაკენ, რაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით დასარულდეს. აშკარად გამოკვეთილია ახალი ცივი ომი.
თუმცა, აშშ უარყოფს ახალი ცივი ომის საფრთხეს...
- გასაგებია, მაგრამ თავად არის ამ ცივი ომის მთავარი რეალიზატორი. შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. რაც შეეხება თურქეთს, როგორც ყოველთვის, თურქეთი ამ დაპირისპირებაშიც დამარცხდება, რადგან იგი საშიშ თამაშს თამაშობს და ფაქტობრივად, მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომისკენ ექაჩება. თურქეთის მთავარი მიზანი იყო, როგორმე ჩაეშალა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნა, რადგან ასეთი კოლაციის შექმნის შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას სულ რამდენიმე დღე სჭირდება. ამით პრობლემა ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში არ მთავრდება, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა ევროპაში - სახელმწიფო საზღვრების გავლება, საერთო შეთანხმება მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების დონეზე.
ფიქრობთ, რომ შედგება საერთო შეთანხმება მთავარი მოთამაშეების დონეზე?
- აშკარაა, რომ ვერ მოხდება. ამიტომაც „ისლამური სახელმწიფო“ გარკვეული იარაღია მეორე მხარის საპირისპიროდ. ამიტომ, წავიდა თურქეთი ამ ნაბიჯზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, 30 წელი რუსეთთან აწყობილ ურთიერთობას არ დაასრულებდა. რაკი სირია ადრე ოსმანური იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ისევე, როგორც რუსები თვლიან, რომ მათი უფლებაა პოსტსაბჭოტა სივრცეში გავლენის მოპოვება, ასევე ერდოღანს მაჩნია, რომ სირიის საკითხი მისი საშინაო საქმეა და ამიტომ მოუწოდებდა იგი ასადს გადადგომისკენ.
როგორც ვხედავთ, ასე მარტივად არ არის საქმე, ეს არ არის თურქეთ-სირიის გადასაწყვეტი საკითხი. აქ უფრო გლობალური ინტერესები ეჯახება ერთმანეთს. საყოველთაო ფაქტების ცოდნის მიუხედავად, პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვს ფაქტების ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც ცალკეულ მხარეს აწყობს. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება ძალიან საშიში ხდება საქართველოსთვის.
კონფლიქტის ეპიცენტრი რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაცილებული. საქართველოს არ აწყობს ომის მდგომარეობაში მყოფი ორი მეზობელი ქვეყანა. მით უმეტეს, რომ ჩვენი უაზრო პოლიტიკის შედეგად 20 წელია დამოკიდებული ვართ თურქეთის იმპორტზე. თუ ორი მეზობელი ქვეყანა იომებს, მესამე ქვეყანა აქედან პრობლემების მეტს ვერაფერს მიიღებს. თუკი ვითარება გლობალურ დაპირისპირებამდე მივიდა, საქართველო უზარმაზარი რისკების წინაშე აღმოჩნდება, მით უმეტეს, რომ დაუცველია. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, როგორმე შეთანხმდნენ მთავარი მოთამაშეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი მაინც მოხდება. ანუ, მოხდება ძალოვანი დაპირისპირება, მაგრამ არ ვიცით რა მასშტაბის იქნება.
მიუხედავად დაპირისპირებისა, უცნობია საბოლოოდ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი თურქეთთან მიმართებაში. კონფლიქტის გამწვავებაზე მიდის თავად რუსეთი? შეგახსენებთ, რომ რუსულმა საგუშაგო ხომალდმა „სმეტლივიმ“ ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი გემების შეჯახების თავიდან ასაცილებლად გახსნეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა თურქული ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვა...
- აქ ცენტრალური არ არის თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა. თურქეთის გამოდის პროვოკატორის როლში და იგი ამ პროვოკაციებისთვის სერიოზულად დაისჯება. გონიერი ამერიკელები პირდაპირ წერენ, რომ თურქეთის იმპერიალისტური მისწარფებები და ახალი ისლამური იმპერიის აღდგენის მცდელობა თურქეთისთვის შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მეც იგივე აზრზე ვარ, რომ თურქეთი ამ კონფლიქტიდან აუცილებლად დამარცხებული გამოვა.
ამ დაპირისპირებაში აშშ-ი მხარს უჭერს თურქეთს, აღიარებს მის სუვერენიტეტს, მაგრამ ღია მხარდაჭერისგან თავს იკავებს ისეთ საკითხზე, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შესყიდვა. აშშ-ი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს სირიის ხელისუფლება ყიდულობს, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ნავთობის გარკვეული მოცულობა თურქეთსაც მიეწოდება. ამერიკის ასეთი პოზიცია ნიშნავს, რომ თურქეთის პოზიცია ამ შემთხვევაში მყარი არ არის? ვიცით, რომ ერდოღანის ხელისუფლება ხელს უწყობდა „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლირებას...
- თურქეთის სუვერენიტეტის საკითხი არ შეიძლება სადავო იყოს, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოსი, მაგრამ როდესაც დარღვეულია წითელი ხაზები და აქ თამაში მიდის მეორე მხარის განადგურებაზე, ბუნებრივია, ვერანაირი სუვერენიტეტის თემა ვერ ითამაშებს. რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შესყიდვას, ეს ძალიან ცოტაა. აქ მთავარია ის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჭრილი მებრძოლები უმრავლესობა მკურნალობის კურსს თურქეთის რამდენიმე ჰოსპიტალში გადის.