აგვისტოს ომის დროს დატყვევებულ ქართველებს საფლავების გათხრასა და მიცვალებულთა დაკრძალვას აიძულებდნენ. არაერთ ადამიანს გადაუწვეს სახლი, მათ თვალწინ გადაასხეს ბენზინი ქართველების საქონელს და ცოცხლად დაუწვეს შინაური ცხოველები, იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, სექსუალური ძალადობის ფაქტები, - ეს აგვისტოს ომის დროს ქართველთა ეთნიკური ჩაგვრის ამსახველი არასრული ჩამონათვალია.
ჰააგაში უკვე გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით, რომელთა დიდი ნაწილიც გაგზავნილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. დაზარალებულთა პოზიციების თავმოყრის პროცესში ჩართული იყო 8 არასამთავრობო ორგანიზაცია, პროცესს კოორდინაციას უწევდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდე მერყეობს და მათი უმრავლესობა ქალია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ახლა წინასასამართლო პალატის დასკვნის მოლოდინშია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა დასჯის თუ არა კონკრეტულ დამნაშავეებს.
რა ეტაპზეა აგვისტოს ომის საქმის გამოძიება? ამის შესახებ For.ge ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერს ნიკა ჯეირანაშვილს ესაუბრა.
12 ნოემბრამდე ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს მიეკუთვნებოდნენ ისინი. 4 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაზარალებულთა უმრავლესობა ეთნიკური ქართველია, თუმცა არიან ეთნიკური ოსებიც და რუსი ეროვნების ერთი ადამიანიც. როდის დაიწყება ამ საქმეების გამოძიება?
- როგორც იცით, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა წინასასამართლო პალატას და ახლა სამმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ავტორიზაციას მისცემს თუ არა პროკურორს გამოძიების დასაწყებად. დაზარალებულებს 12 ნოემბრამდე უნდა დაეფიქსირებინათ, უნდოდათ თუ არა გამოძიების დაწყება და სურდათ თუ არა გამოძიების ფარგლების გაზრდა?! მაგალითად, ჰააგის პროკურორის მოთხოვნა არ მოიცავს კოდორის ხეობას და იქ ეთნიკურ ქართველთა წმენდას. შესაბამისად, ამ ადამიანებს შეეძლოთ, გამოძიების ფარგლების გაზრდა მოეთხოვათ. საერთო ჯამში, ჰააგაში დაახლოებით ათამდე წარმომადგენლობა გაიგზავნა, სადაც შესულია ათასი ადამიანის კოლექტიური ტიპის წარმომადგენლობა. გარდა ამისა, რუსებისგან და ოსებისგანაც გაიგზავნა წარმომადგენლობები და, მთლიანობაში, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა წარმომადგენლობის სექციამ, დაახლოებით, 6 ათასი წარმომადგენლობა მიიღო, მათი უმეტესობა ინდივიდუალური წარმომადგენლობაა. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე, წინასასამართლო პალატისგან უნდა გვქონდეს პასუხი, აძლევს თუ არა ავტორიზაციას პროკურორის ოფისს, დაიწყოს გამოძიება. დიდი ალბათობით, ეს იქნება დადებითი პასუხი და მომავალი წლის დასაწყისიდან ოფიციალურად დაიწყება გამოძიების პროცესი.
რამდენ ხანს გასტანს გამოძიება და დაზარალებულთა ფულად კომპენსაციას თუ ითვალისწინებს?
- ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, სულ ცოტა, შვიდი წელი მაინც, შეიძლება, მეტი ხნითაც გაგრძელდეს. ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინი არ უნდა შევქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაზარალდა, მათ არ უნდა იფიქრონ, რომ თუნდაც ვინმეს დასჯის შემთხვევაში, სასამართლო გარკვეული თანხით აუნაზღაურებს ზიანს. ერთია, კონფლიქტის დროს დაზარალებული და მეორეა, უშუალოდ პროცესში მონაწილე დაზარალებული. პროცესში მონაწილე დაზარალებული ჯერ არ გვყავს, რადგან ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა პროცესი, მაგრამ ასეთი ადამიანები, ალბათ, ძალზე ცოტანი იქნებიან. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტული დანაშულის ფაქტებს შეესწრნენ, როგორც მოწმეები. მათთვის შესაძლოა, რაიმე ტიპის ანაზღაურება იყოს. არ ვიცი, რას მოიფიქრებს ჰააგის სასამართლო, მაგრამ ამ სასამართლოს სუსტი მხარეა, რომ დაზარალებულებს მიყენებულ ზარალს მასობრივად ვერ აუნაზღაურებს.
კონფლიქტის ზონაში ქართველებს არ უშვებენ. სავარაუდოდ, არც ჰააგის პროკურორის წარმომადგენლებს დართავენ ამის უფლებას. დამნაშავეთა დასჯა როგორ განხორციელდება?
- რა თქმა უნდა, კონფლიქტის ზონაში შესვლა პრობლემაა. ჯერ არ ვიცით, ჰააგის სასამართლოს უშვებენ საერთოდ იქ თუ არა. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რომ სხვა ქვეყნების დახმარებით აიძულოს რუსეთის ხელისუფლება, დაუშვას სასამართლოს წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე გამოძიების დასაწყებად. ამას სერიოზული ლობირება დასჭირდება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა.
2008 წლიდან რუსეთშიც დაიწყო აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება. რამდენად რეალურ დასკვნას დადებენ რუსები, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
- რუსული გამოძიების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სხვა შედეგს არც უნდა ველოდოთ.
გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და კიდევ სხვა 23 ქართველი სამხედრო ტყვის წამების ფაქტები ამოღებული იყო ფატუ ბენსუდას ანგარიშიდან. ცხადია, ასეთი ფაქტების გარეშე ჰააგის გამოძიება სრულყოფილად ვერ ჩაითვლება.
- სამხედრო ტყვეების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა როდესაც გავგზავნეთ წარმომადგენლობები, ერთ-ერთი კოლექტიური წარმომადგენლობა ეხებოდა სამხედრო ტყვეების საქმეებსაც, რომლებზეც სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა. არა მხოლოდ სამხედრო პირები იყვნენ ამ მდგომარეობაში, არამედ სამოქალაქო პირებიც, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში ჰყავდათ გამომწყვდეული.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულებს და მოწმეებს ეშინიათ, მომხდარის აღიარების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ბავშვები არ გასტაცონ. მოწმეების გადასახლებაში ხედავთ გამოსავალს?
- მოწმის დაცვის პროგრამა ჰააგის სასამართლოს აქვს. მათ შეუძლიათ, ეს ადამიანები სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წაიყვანონ. ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. რა თქმა უნდა, მოწმეები ტელევიზიით არ უნდა გამოვიდნენ.
როდესაც ინდივიდებზეა საუბარი, საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ განსასჯელთა შორის უნდა მოხვდეს პუტინი და, შესაძლოა, სააკაშვილიც, რადგან იმ პერიოდში მედვედევი არაფრის გადამწყვეტი არ იყო. თუმცა განსასჯელის სკამზე სააკაშვილის მოხვედრა შეიძლება არც აწყობდეს საქართველოს, რადგან ამით ირიბად ქართული მხარის დადანაშაულება მოხდება აგვისტოს მოვლენებში.
- ამ შემთხვევაში, ვინაიდან რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, შეიძლება პუტინსა და მედვედევზე არც გავრცელდეს პასუხისმგებლობა. ისედაც რომ წარმოვიდგინოთ, ძალზე რთული იქნება პუტინამდე ან მედვედევამდე მისვლა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გენერლებამდე ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიდნენ. თუ გადავხედავთ ჰააგის პროკურორის მოთხოვნას, იქ ქართველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, პრინციპში, არც არის, რის გამოც შეიძლება ქვეყნის იმდროინდელი მეთაურები პასუხისგებაში მიეცნენ. ძირითადად, იქ საუბარია რუს სამშვიდობოებზე თავდასხმაზე.
მაგრამ რუს სამშვიდობოებს იმ დროს დაკარგული ჰქონდათ სამშვიდობოების სტატუსი და ოს სეპარატისთა სასარგებლოდ მოქმედებდნენ.
- დიახ, ჩვენი სახელმწიფო, ალბათ, შეეცდება, დაარწმუნოს ჰააგის სასამართლო, რომ იმ მომენტისთვის რუსები არ წარმოადგენდნენ რეალურ სამშვიდობოებს. კონკრეტულად, სააკაშვილსა და პუტინზე საუბარი ნაადრევია და არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს.
იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, ადამიანებს საფლავების გათხრას აიძულებდნენ. სხვათა შორის, სექსუალური ძალადობის დელიკატურ ფაქტთან დაკავშირებით გამონაკლისი დაფიქსირდა, როცა გორის რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა, რასაც აქამდე ქართველი ქალები თავს არიდებდნენ.
- დაზარალებულები ამის შესახებ ყვებიან. ცხინვალის იზოლატორში ტყვეებს დილიდან საღამომდე მძიმე სამუშაოზე ამუშავებდნენ, სექსუალურ ძალადობის სამი შემთხვევა იყო, თუმცა ესეც კონფიდენციალურია და შეიძლება, მანდილოსნები არც ამხელენ. დანარჩენ შემთხვევაში, ხდებოდა სახლების დაწვა, ადამიანებს აყურებუნებდნენ, როგორ უწვავდნენ საქონელს ცოცხლად. მაგალითად, ერთ-ერთს უბრძანეს, ბენზინი გადაესხა საკუთარი ფარეხისთვის.