„თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემაშინებს, ძალიან ცდება, ალბათ, ვიღაცას ეს მიზანი აქვს, რადგან გამოძიება არ აწყობს“

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემაშინებს, ძალიან ცდება, ალბათ, ვიღაცას ეს მიზანი აქვს, რადგან გამოძიება არ აწყობს“

პარლამენტმა პოლიტპატიმართა სია 2012 წლის დეკემბერში, ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიიღო, 2015 წლის დეკემბერში კი, აღნიშნული სია ისევ განხეთქილების მიზეზი ხდება.

„რესპუბლიკურ პარტიასა“ და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის უთანხმოების მიზეზი ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ნუგზარ ბოჭორიშვილია, რომელსაც თავის დროზე, პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, ის კომისიიდან კომიტეტის სხდომამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს, რის გამოც საბოლოო ჯამში, ბოჭორიშვილი იმ 190 პოლიტპატიმართა და 25 პოლიტდევნილ პირს შორის ვეღარ მოხვდა, რომელთაც ეს სტატუსი საკანონმდებლო ორგანომ ოფიციალურად მიანიჭა.

„რესპუბლიკელები“ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ბოჭორიშვილისთვის ბრალის წარდგენა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მის კავშირს არ ეხება, მანანა კობახიძე კი თავად ბოჭორიშვილის ინფორმაციებზე დაყრდნობით საუბრობს და ამბობს, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიას“ 2008 წლის არჩევნებზე როგორც ავტომობილით, ასევე დაცვის წევრითა და გარკვეული ფართის გამოყოფით ეხმარებოდა.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ 2008 წელს, როცა ის საარჩევნო კამპანიას ეწეოდა, ბოჭორიშვილმა დაცვის თანამშრომელი მოამაგრა და მას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, ის პარტიაში აღარავის უნახავს.

ბერძენიშვილი ასევე ადასტურებს, რომ 2008-2009 წლებში, ბოჭორიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო და მის ადვოკატს ე.წ. კოკაინის საქმეზე ცნობა მისცეს, რომ ის ოდესღაც ამ პარტიის წევრი იყო.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ბოჭორიშვილის დევნა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ არანაირ კავშირში არ არის და მას სულ სხვა საქმეზე დევნიდნენ.

„ბოჭორიშვილს უნდოდა, რომ მისი საქმე პოლიტიკური ყოფილიყო, მაგრამ როცა ჩვენ გვკითხეს, ამაზე რას ვფიქრობდით, მაშინაც და ახლაც ვფიქრობთ, რომ მისი საქმე პოლიტიკური არ იყო. ის პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებოდა, „რესპუბლიკურ პარტიას“ ბოჭორიშვილზე მნიშვნელოვანი წევრები ჰყავს და დევნა მათ მიმართ განხორციელდებოდა. მან ჩვენი პარტიის სახელის გამოყენება იმის გამო სცადა, რომ პოლიტიკური პატიმარი ყოფილიყო. არ ვიცი, მას რამდენად სამართლიანად დევნიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ რესპუბლიკელობა არაფერ შუაშია და ეს ვუთხარით როგორც მის ადვოკატს, ასევე მანანა კობახიძეს. ის ჩვენ პოლიტპატიმრად არ მიგვიჩნევია. ჩვენ ეს ასე რომ ჩაგვეთვალა, მას ლობირებას გავუწევდით, პოლიტპატიმართა სიაში აღმოჩენილიყო“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ ბოჭორიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

„ის საერთოდ, არის თუ არა დამნაშავე, ეს სხვა საკითხია. „რესპუბლიკური პარტიის“ ათობით წევრი იდევნებოდა, ზოგს იარაღიც ჩაუდეს, მაგრამ სხვა რესპუბლიკელისთვის დამარხული მილიონი ევრო არ უპოვიათ და ასეთი ბრალდება - ე.წ. კოკაინის საქმე არ ყოფილა. ვერ გეტყვით, ბოჭორიშვილს რისი იმედი ჰქონდა, როცა ის ამტკიცებდა, რომ მას რესპუბლიკელობის გამო დევნიდნენ. მას პარტია გვერდით არ ამოუდგა, რომ არიქა, მას რესპუბლიკელობის გამო დევნიდნენო. შესაძლოა, ის ამის გამო ნაწყენია, მაგრამ პარტია ასე არავის ამოუდგება გვერდში“, - ამბობს დეპუტატი.

ბერძენიშვილი ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბარლდებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბოჭორიშვილი სასჯელისგან რომ გათავისუფლებულიყო და პოლიტპატიმართა სიაში აღმოჩენილიყო, მაშინ იფიქრებდა, რომ საქმე რაღაცაში იყო, მაგრამ ეს ადამიანი პოლიტდევნილად არავინ მიიჩნია და იმის ბრალდება, რომ კანონი დაირღვა, არ ჩანს.

„ეს კაცი რეაბილიტირებული ან ამნისტირებული არ ყოფილა და ის პოლიტიკურ დევნილად არც მანანა კობახიძემ და არც ეკა ბესელიამ არ მიიჩნიეს“, - დასძენს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, ბოჭორიშვილის მცდელობებს იხსენებს ფრაქცია -„რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი.

for.ge-სთან საუბარში დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პოლიტპატიმართა სიის შედგენის დროს, ბოჭორიშვილის სიაში მოხვედრაზე, მან და დავით უსუფაშვილმა უარი თქვეს და შესაბამის კომისიას უთხრეს, რომ პროკურატურის პრეტენზიებთან მის რესპუბლიკელობას არავითარი კავშირი არ ჰქონია.

„ეს სხვა დროსაც დავადასტურეთ. როდესაც მისმა ადვოკატმა ცნობა ითხოვა, არქივი ვნახეთ და მისი პარტიაში შემოსვლა-გასვლის წელი მივუთითეთ. ეს გაცილებით ადრე იყო, ვიდრე მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეში ჩაერთვებოდა. მესმის, რომ კობახიძემ ის მოტივი გაიხსენა, ბოჭორიშვილი პოლიტპატიმართა სიაში შეყვანას რის გამოც ითხოვდა. ჩვენც კარგად გვახსოვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, მის მიმართ სამართალდამცავების დაინტერესება პარტიას არ უკავშირდებოდა-თქო. როცა განვმარტეთ, რომ პარტიის წევრობას დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა, ის ამ სიაში ვერც კი მოხვდა. პატარა დეტალია დასაზუსტებელი, რომ მისი იქ მოხვედრა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საჭიროდ არ მიიჩნია“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ პარტიას ბოჭორიშვილისგან არანაირი ფინანსები არ მიუღია და ეს ოფიციალური საბუთებით დასტურდება.

„2008 წელს, როგორც მახსოვს, ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო. მისი ჩართლობის ხარისხზე ვერაფერს გეტყვით. მისი პოლიტიკური აქტივობა მაღალი არ იყო“,- დასძენს კანონმდებელი და პატიმართა შეწყალების კომისიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ასეთ ღიაობას ვერავინ წარმოიდგენდა.

„ის, რომ პროკურატურაში საქმე აღიძრა, კარგია. პროკურატურის პირველი რეაქცია მაინცდამაინც ადეკვატური არ იყო. თავიდანვე, პროკურორის მოადგილემ ელისაშვილის განცხადებას სისულელე დაარქვა, მაგრამ შემდეგ ამ საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა. წინასწარ რაიმე დასკვნა არ შეიძლება მქონდეს. საქმე ან პროკურატურაში დამთავრდება, ან სასამართლოში წავა. ისეთი ინტერესია, რომ ამ საქმეს ვერავინ დამალავს, ან რატომ უნდა დამალოს? პროკურატურის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გარეული არ არის და მას საქმის დამალვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?“, - ამბობს ბერძენიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში მანანა კობახიძე ბოჭორიშვილის მონათხრობს იხსენებს და ამბობს, რომ როცა მისი დაცვის განხორციელებისთვის მტკიცებულება სჭირდებოდა, „რესპუბლიკურ პარტიას“ მიმართა.

კობახიძის ცნობით, ბოჭორიშვილი მის მიმართ წარმოებულ ბინძურ საქმეს იმ ახსნას უძებნიდა, რომ ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო და აქტიურობდა.

„მისი ცნობით, ის პარტიას გარკვეული ფორმით ეხმარებოდა - ვაკე-საბურთალოს გზაზე, პარტიას ამომრჩეველთან შეხვედრებისას ის კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს უთმობდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ოპოზიციას ფართს არავინ უთმობდა, მათ შორის არც ერთი სასტუმრო. ისეც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რომ შეხვედრებისთვის ფართი გამოეყო. ამას გარდა, გარკვეული ავტომობილით, დაცვით პარტიას დახმარებას უწევდა. მისი ეს აქტივობა ყოფილი ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ამ დისკუსიაში არ შევდივარ, „რესპუბლიკურ პარტიას“ უფლება აქვს თავისი ხედვა ჰქონდეს, მაგრამ ეს ადამიანი პოლიტიკოსი რომ არ იყო, ეს უდაოა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც ეს ადამიანი საბოლოო სიაში არ შევიდა. ჩემი კოლეგები არც იმას უარყოფენ, რომ ეს ადამიანი მათ საკუთარ ფართს უთმობდა და დაცვით თუ ავტომანქანით უზრუნველყოფდა“, - აცხადებს კობახიძე, რომელიც ყურადღებას ე.წ. კოკაინის საქმეზე ამახვილებს.

კანონმდებელი თვლის, რომ ეს საქმე „შეკერილია“ და მოწმეთა ჩვენებები მათი წამების საფუძველზეა მიღებული.

„არ შეიძლება, 220 კილოგრამი კოკაინი ისე გადაზიდო, რომ არც ერთ გამშვებ პუნქტზე ერთი გრამი არ ამოიღო. მოწმეები იძულების და საპროცესო შეთანხმებით ჩვენებას იძლეოდნენ. ბევრი უზუსტობა იყო, ეს ხალხი გამართლებას ითხოვდა და ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი. ამ ადამიანმა პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიას მიმართა და კომისიას როგორც ადვოკატი ისე ვესტუმრე და უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მაწუხებდა, რომ ამ საქმეში მსჯავრდებულები სასტიკად ნაწამები იყვნენ, რასაც სამედიცინო დასკვნები ადასტურებდა. წამებით მიცემულ ჩვენებების საფუძველზე ეს ადამიანები გაასამართლეს, ხოლო ე.წ. მოწმეები საპროცესო შეთანხმებებით გაათავისუფლეს“, - აცხადებს დეპუტატი.

კობახიძის ინფორმაციით, პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიამ, რომლის წევრებიც - მერაბ ტურავა, ნანა კაკაბაძე, ნინო გვენეტაძე, ბუტა რობაქიძის დედა იყვნენ, მიიჩნია, რომ ბოჭორიშვილი პოლიტიკური მოტივით ძებნილი იყო და კომისიას კითხვები აღარ ჰქონდა.

„კომისიამ არგუმენტი გაიზიარა, რომ ამ ადამიანის პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი და მხარდაჭერა შესაძლოა, ყოფილიყო ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ ბრალდებების შეთითხვნის საბაბი. კომისიას უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ კომისიის შემდეგ საკითხი კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე განიხილეს. კომიტეტზე ეს საკითხი აღარ გამოსულა. იქ რა მოხდა, რა არგუმენტები იყო, უცნობია. ამ საკითხზე საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთანაც არ მქონია“, - ამბობს კობახიძე, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - ე.წ. კოკაინის საქმის გადახედვის მოთხოვნით თუ რატომ არ მიმართა მთავარ პროკურატურას.

კობახიძე გვიყვება, რომ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.

„ბადაშვილს მეილი მივწერე, საქმის ნომრები გადავუგზავნე, რომ საქმისთვის და გამოძიებისთვის ზედამხედველობა გაეწია. ეს პირდაპირ დეპუტატის უფლებამოსილებაში შედის. ამ საქმეს თაროზე ვერ შემოვდებდი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუნდაც წამებების ფაქტებზე გამოძიება ბოლომდე მისული არ არის. ეს ადამიანები შეწყალებას კი არა, განაჩენების გადახედვას ითხოვდნენ. ამბობენ, გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ წინასვლა არ არის და ამ ხალხს შედეგი არ აქვს. როცა შეწყალება მოითხოვეს, პასუხს ელოდნენ. ისინი ითხოვენ, რომ მათი საქმე განიხილონ და უარს რის საფუძველზე ეუბნებიან, განუმარტონ მაინც“, - დასძენს კობახიძე.

კანონმდებელი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი ქმედებები სადეპუტატო მანდატის ფარგლებში იყო განხორციელებული და ყველაფერი დოკუმენტურად გაფორმებულია.

„ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს საქმეები თაროზე არ შემოდებულიყო და ამ ადამიანების საქმეები განხილულიყო. ადვოკატი პროკურატურას მიმართავდა. ამ შემთხვევაში, დეპუტატმა რა უნდა გააკეთოს, ეს საქმეები თაროზე უნდა შემოდოს თუ რეაგირებისთვის უნდა გადააგზავნოს? - რა თქმა უნდა, ვაგზავნიდი. თუკი ამას ვინმე ზეწოლად თვლის, მზად ვარ, დავასაბუთო, რომ ეს ასე არის. როცა საუბარია კორუფციაზე, ამას მტკიცებულება სჭირდება, რომელიც პროკურატურამ უნდა დადოს. პროკურატურამ უნდა დაადგინოს - ვინ როდის აიღო ფული, ვინ რაში ვაჭრობდა?! სიმართლეს ყოველთვის დავამტკიცებ, თუმცა, არ ვფქირობ, რომ თავს ვიმართლებ. იმას ეშინოდეს, ვისაც კორუფციასთან აქვს საქმე. ჩემი სიმართლით მიცხოვრია და არაერთ საჩივარს კიდევ გავაგზავნი, არაერთ მიმართვას და შუამდგომლობას კიდევ გავამზადებ. დეპუტატი კიდევ ერთი წელი ვარ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემაშინებს, დავჯდები, საქმეს არ გავაკეთებ, პატიმრის განცხადებაზე რეაგირებას არ მოვახდენ და პროკურორს არ შევაწუხებ, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, ძალიან ცდება. ვიღაცას, ალბათ, ეს მიზანი აქვს, ვისაც გამოძიება არ აწყობს. ჩემს კაბინეტში იმისთვის არავინ მოდის, რომ თავის ბედნიერება მომიყვეს. აქ ოჯახის წევრები მოდიან, რომელთაც პასუხები უნდა გასცე“, - დასძენს კობახიძე.