ევროპელი ხანდაზმულები ხშირად მოხუცთა კერძო თავშესაფარს აკითხავენ, სადაც დარჩენა ყოველთვიურად მიღებული მაღალი საპენსიო შემოსავლით შეუძლიათ. პარიზის მახლობლად, სიცოცხლის ბოლო წლები გალაკტიონის მუზამ, მერი შერვაშიძემ სწორედ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც ის ნორმალურ პირობებში ცხოვრობდა და მოახლეც ემსახურებოდა, ხოლო პარიზში, ლატურის ქუჩაზე, სადაც ის მარტო ბინადრობდა, მხოლოდ მეგობრებთან ერთად ბანქოს სათამაშოდ თუ შეივლიდა.
საქართველოში მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერებს ამ მხრივაც არ უმართლებთ. მათ გარკვეულ ნაწილს მარტოობის ან მოძალადე ოჯახის წევრისგან თავის დასაღწევად სურთ, პანსიონატს მიაკითხონ, მაგრამ სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ არსებული თავშესაფრები ფინანსების ნაკლებობას განიცდიან და მოხუცთა მცირე რაოდენობას ემსახურებიან. კერძო თავშესაფრების რიცხვი კი თანდათან იზრდება და იქ მოხვედრა რამდენიმეჯერ აღემატება მიზერულ პენსიას.
ზოგიერთ კერძო თავშესაფარში დარჩენა მოხუცს ყოველთვიურად 450-დან 700 ლარამდე უჯდება. ამ ფასში შედის ხანდაზმულის კვება და ექთნისა თუ მომვლელის მომსახურება. თუმცა იმის გამო, რომ ეს თანხა საქართველოში მცხოვრები მოხუცებისთვის კოლოსალურია, კერძო პანსიონებში მათი რაოდენობაც მცირეა და 5-დან 50-მდე მერყეობს.
სათნოების სახლ „კათარზისის“ დამფუძნებელი ზაურ ალადაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უპატრონო და მიტოვებულ მოხუცთა პრობლემა საქართველოში მძიმეა და ამას მიხედვა სჭირდება. თუმცა ამ თვალსაზრისით, საქართველოში კვლევაც არ ჩატარებულა. ზაურ ალადაშვილის თქმით, აუცილებელია, ხანდაზმულთა პანსიონატების და უფასო სასადილოების არსებობა, რომელთა რიცხვიც მაშინ მოიმატებს, თუკი სახელმწიფო სხვადასხვა რეგულაციებით ხელს შეუწყობს არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მეწველი ძროხა, რომ ყველა ვალდებულება მას ჩამოვკიდოთ.
„კერძო პანსიონატები, ხანდაზმულთა კერძო სახლები რომ უნდა არსებობდეს, ამაზე კითხვები არ უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, უნდა არსებობდეს ფასიანი და მაღალი დონის თავშესაფრები მათთვის, ვისაც ამგვარი გადასახადის გადახდის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება 450 ან თუნდაც 700-ლარიან გადასახადს, გულახდილად გითხრათ, ვერ ვიხსენებ, რომ ასე მცირე გადასახადიანი თავშესაფრები სადმე არსებობდეს. გაცილებით უფრო ძვირი ჯდება ცხოვრება. პარალელურად, უნდა არსებობდეს უსასყიდლო თავშესაფრები მათთვის, ვისაც თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. ცხადია, სოციალურად დაუცველი მოხუცები ვერ გადაიხდიან 700 ლარს. არადა, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც თავშესაფარში მოხვედრის სურვილი გააჩნია. ლუკმაპური კიდევ შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ უამრავია ისეთი პიროვნება, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება. ხანდაზმულობის ასაკში ჩვენი ხასიათი იცვლება, უფრო პრეტენზიულები ვხდებით, აღარაფერი მოგვწონს. უახლოეს ადამიანებსაც აღარ სურთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ურჩევნიათ, იყვნენ მათგან გამიჯნულნი, რადგან თავიანთ მისიას ამ სამყაროში ერთჯერადი მოსვლით ხედავენ და არ უნდათ, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარონ ბუზღუნა და ცუდი ხასიათის ადამიანებთან. თუმცა 21-ე საუკუნეში კარგი მშობელიც აღარ აინტერესებთ. ღვთის მადლით, ასეთი შემთხვევები იშვიათია. გადაგვარებული უნდა იყოს ადამიანი, რომ მშობელი მოიძულოს“, - აცხადებს ზაურ ალადაშვილი და განმარტავს, რომ კლასიკური ვარიანტი, როცა ოჯახში სამი თაობა უნდა ცხოვრობდეს, საუკეთესოა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ თანდათანობით ვცილდებით ამ ვარიანტს.
ზაურ ალადაშვილი თვლის, რომ, თუკი ხანდაზმულს თავშესაფარში კარგი პირობები შეექმნება (ექიმის მეთვალყურეობის, მზრუნველობის, თანატოლებთან ყოფნის თვალსაზრისით), ასეთ შემთხვევაში, საკუთარი ნების საფუძველზე, მისი იქ მოთავსება ცუდი არ უნდა იყოს. თუმცა მოხუცს ოჯახის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა არ იფიქროს, რომ ყველამ დაივიწყა. მით უმეტეს, ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა 17%-ია, მაშინ, როცა ერი დაბერებულად ითვლება, თუკი 65 წელს გადაცილებულთა რიცხვი 7%-ს აჭარბებს. ასე რომ, საქართველოში მცხოვრები 900 ათასი პენსიონერიდან დაახლოებით ნახევარი სოციალურად დაუცველია.
ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ცალკეულ ოჯახებში არის ძალადობის ფაქტები, რასაც მოხუცები თავადვე მალავენ, რადგან თავშესაფრებში ადგილების სიმწირის გამო ისევ საკუთარ ოჯახში უწევთ დაბრუნება.
„ჩვენ გვყავდა მოხუცი, რომელიც ტაქსით გამოიქცა ჩვენთან, რადგან შვილიშვილმა და სიძემ გალახეს. გამოვუძახეთ პატრულს და მთელი ამბავი ატყდა, მოხუცს კი ეშინოდა, პატრული რომ ჩაერია საქმეში, ახლა სულ მომკლავენო. ხომ იცით, მოხუცების ფსიქოლოგია, სულ ეშინიათ, წასასვლელი არსად აქვთ, თავშესაფარში მათი ადგილები არ არის და იძულებულნი არიან, ძალადობა აიტანონ. ამიტომ სახელმწიფომ უფასო თავშესაფრებზე უნდა იზრუნოს და გაზარდოს თავშესაფრების რიცხვი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აჭარაში ვმუშაობთ, სადაც მოხუცთა თავშესაფრების ნაკლებობაა. დედაქალაქშიც ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. თემქაზე თავშესაფარში ადგილები შეზღუდულია და მოხუცთა მთელი კონტინგენტის მიღება შეუძლებელია. თუმცა სად სცალია სახელმწიფოს მოხუცებისთვის? მათი პენსია საარსებო მინიმუმიც არ არის. ამბობენ, რომ ეს საარსებო მინიმუმია, მაგრამ ეს არ არის რეალურად დათვლილი მინიმუმი. ცხადია, 450-დან 700 ლარამდე თანხას მოხუცებული თავშესაფარში ვერ გადაიხდის, თუ ფინანსურად უზრუნველყოფილი შვილი არ ჰყავს, ან უცხოეთიდან ვინმე არ არჩენს“, - აღნიშნავს ნანა კალანდაძე.
ამასთან, განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, მათ ორგანიზაციაში პერიოდულად რეკავენ ახალგაზრდები და ამბობენ, რომ მოხუცების ჩაბარება სურთ თავშესაფრებში. ამ დროს კი სიტყვა „ჩაბარება“ ძალიან შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის.