სტერეოტიპებს – არა!

სტერეოტიპებს – არა!

სტერეოტიპები ყოველთვის არსებობდა, ყველა დროს და ყველა ხალხში. ზოგს ეშინოდა მათი, ზოგი კი ღიმილით უყურებდა.

დღეს პროგრესმა ყველა სფეროში შემოაღწია, შესაბამისად,  შეიცვალა ურთიერთობები და, ბუნებრივია, შეიცვალა სტერეოტიპებიც, ანუ, ისინი მაინც დარჩა, თუმცა სახეცვლილი ფორმით. მთავარია, ჩვენ როგორ მივუდგებით მათ, როგორ გავიაზრებთ და გავაცნობიერებთ. უბრალოდ, დროა, ვიფიქროთ, რომ სტერეოტიპი არ შეესაბამება რეალობას.

მაგალითად, ადრე განქორწინებული ქალი ლამის კეთროვანივით იყო. მას ყველა ერიდებოდა და, პრაქტიკულად, ვერ იპოვიდით მამაკაცს, რომელიც მასზე დაქორწინებას გაბედავდა. დღეს ეს უკვე სასაცილოა, თუმცა, სტერეოტიპი მაინც შემორჩა და ზოგჯერ, ამ სტერეოტიპის დაჯერებას ადამიანები (განსაკუთრებით – ქალები) სწორედ აბსურდამდე მიჰყავს. მამაკაცები დღეს დამოუკიდებელ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, თუნდაც განქორწინებული იყოს და ბავშვიც ჰყავდეს.

სტერეოტიპი არ არის ის, რომ ქალები ყოველთვის იყვნენ მამაკაცებზე გაცილებით ჭკვიანები და შესწევდათ უნარი, სამყაროსთვის, ქვეყნისთვის იმაზე გაცილებით მეტი გაეკეთებინათ, ვიდრე მამაკაცებს. მართალია, მამაკაცებს დიდად არ უხარიათ ქალებისთვის მათი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების მიცემა, მაგრამ, აშკარა შეტევაზე აღარ გადმოდიან. ამიტომ, დროა, დავივიწყოთ სტერეოტიპი – აქტიური ქალების კაცებს ეშინიათ და მათ მარტოდ დარჩენის მეტი შანსი აქვთ. მამაკაცები უბრძოლველად არაფერს თმობენ და სტერეოტიპებიც მათ წისქვილზე ასხამს წყალს – აი, კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რატომ უნდა ვუთხრათ სტერეოტიპებს – არა!