გამოძიება კუდ-ის მაღალჩინოსნებს ახალ ბრალს წაუყენებს

გამოძიება კუდ-ის მაღალჩინოსნებს ახალ ბრალს წაუყენებს

„თითოეულ გაუხსნელ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ“, - ეს განცხადება ირაკლი შოთაძემ მთავარ პროკურორად არჩევის დღეს გააკეთა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა პასუხისგებაში მისცა. როგორც for.ge-სთვის პროკურატურის კულუარებიდან გახდა ცნობილი, გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, რომელშიც აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ.

დღესვე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი სამუშია, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. დაკავებულის ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, რომ დაკავებულისგან ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ სასწრაფოდ მისულიყო მოდულის შენობაში, რადგან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ადვოკატისთვის უცნობია რა სახის ზეწოლა განხორციელდა დაკავებულ გიორგი სამუშიაზე და იქვე ამბობს, რომ სამუშიასგან ცრუ ჩვენებებს ითხოვდნენ სხვადასხვა ადამიანების მიმართ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდში, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ მანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

გამოძიების მასალების თანახმად, დაკავებიდან მეორე დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ოთახში დამწყვდეულ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე - დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - მეგის ქარდავა და კუდ-ის აფხაზეთის ა-რ მთავარი სამმართველოს უფროსი - რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა-წამება, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში.

მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არც ერთი სახელმწიფო ორგანო ოჯახს გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ აძლევდა.

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით. 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში გადაიყვეს და ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე დატოვეს, სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ.

რატომ სთხოვდნენ კობერიძეს არარსებული დანაშაულის აღიარებას, უცნობია პროკურორ კოკა კაციტაძისთვის, რომლის განცხადებით, საინტერესო იქნება მოტივები თავად კალანდაძემ, ახალაიამ, ქარდავამ და შამათავამ დაასახელონ. სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს.

„ეს ადამიანი ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა და ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო და არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე რამის ჩადენას აპირებდა“, - აცხადებს კოკა კაციტაძე.

აღსანიშნავია, რომ კობერიძეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ ჰქონია შეხება, ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში. თუ რატომ აიძულებდნენ მას ტერორისტული აქტის მომზადებას, ეს დეტალები უცნობია თავად კობერიძისთვის, რომელთანაც 2012 წლის 8 ოქტომბერს საპროცესო შეთანხმება გაფორმა და პატიმრობიდან განთავისუფლდა.

მომხდართან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს არ აკეთებს ელბერტ კობერიძე, რომლის განცხადებით, მისი დაკავება მოხდა უკანონოდ, რის შემდეგაც ის წამების მსხვერპლი გახდა.

ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ბრალი მოგონილია და როგორც დათა ახალაია, ასევე მასთან ერთად ბრალდებულები ამ საქმეში გამართლდებიან. რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან დაზარალებულად ცნობილ ელბერტ კობერიძეს, ველიჯანაშვილის თქმით, მის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

„დადგენილება ჩამბარდა, მაგრამ არაფერი წერია იმაზე მეტი, ვიდრე პროკურატურის ბრიფინგზე ითქვა. ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება, მაგრამ ალბათ, გადმოგვეცემა. ბრალდება არის მოგონილი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდება“, - აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.