„ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვითა და დანიშნულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდება“

„ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვითა და დანიშნულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდება“

ბოტანიკური ბაღის დირექტორის შეცვლას საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. ირაკლი აბესაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბაღს სტატუსის დაკარგვა ემუქრება. თავის მხრივ, საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის მოხსნის მიზეზებით ურბანული დაგეგმარების კომისია დაინტერესდება.

ბოტანიკური ბაღის გათავისუფლებული დირექტორი, ნინო გოცაძე კი განმარტავს, რომ თანამდებობიდან ზეწოლის შედეგად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მისი თქმით, იგი მერიაში დაიბარეს და ვიცე-მერ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, მისთვის უცნობი თანამშრომელი შემდეგი სიტყვებით ემუქრებოდა: „თუ განცხადებას არ დაწერთ, გაგანადგურებთო“.

გოცაძე დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ის ბოტანიკურ ბაღში სასტუმროების, საკვები ოქბიექტების, გასართობი ცენტრების მშენებლობას შეეწინააღმდეგა.

საქმე ისაა, რომ ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც, ნინო გოცაძის აზრით, სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს საკუთარ ეზოდ განიხილავს.

„ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს საკუთარ ეზოდ განიხილავს. ახლა „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში აპირებს სასტუმროს მშენებლობას, რომელიც მთლიანად ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს და, როგორც სჩანს, უნდა ინფრასტრუქტურის განვრცობა და საკუთარი პროექტისთვის შემატება. ნინო გოცაძე ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა და სამაგალითოდ დასაჯეს“, - აცხადებს ენმ-ს წევრი.

ამასთან, აბესაძე დარწმუნებულია, რომ გოცაძეს ვიცე-მერის კაბინეტში სახელმწიფო უსაფრთხოების ან უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ემუქრებოდა.

მისივე განცხადებით, თამაზ დარჩიძე, რომელიც ახლა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორია, მანამდე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა და, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, სწორედ დარჩიძემ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. უფრო მეტიც, ირაკლი აბესაძის მტკიცებით, თამაზ დარჩიძე ბიძინა ივანიშვილის ძმის ფავორიტია.

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი თემურ გრიგალაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს სამეზობლო ტერიტორიის გაფართოება მოუნდა „პანორამა თბილისის“ გამო.

„ბატონი ნარმანია ვერაფერს წყვეტს დედაქალაქის მერიაში და ყველაფერი ივანიშვილის კარნახით ხდება.ივანიშვილს თავისი სივრცის გაფართოება სურს და „პანორამა თბილისიც“ მისი კომფორტისთვისაა გადაწყვეტილი. ლექვინაძის მტკიცება, რომ ნინო გოცაძემ თურმე საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა, არასერიოზულია. ყველამ მოისმინა მასმედიის საშუალებით გოცაძის განხადება, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა მისთვის უცნობი ადამიანის მხრიდან, რომელიც მას განადგურებით ემუქრებოდა“,-აღნიშნა თემურ გრიგალაშვილმა.

ნინო გოცაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავით ნარმანიამ დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვითა და დანიშნულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

ბოტანიკური ბაღის ყოფილ ხელმძღვანელზე განხორციელებულ ზეწოლას გამორიცხავს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეც. მისი თქმით, ნინო გოცაძემ განცხადება გადადგომის შესახებ თავად დაწერა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ყოფნისას ახლდა მის მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ის დღეს არის. ამისათვის მნიშვნელოვანია იქ ახალი მენეჯმენტის არსებობა,“ - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, მერიის მაღალჩინოსნის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში ახალი მენეჯმენტის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას - ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს ბევრად უფრო მოვლილი, უნდა მოხდეს სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, ასევე, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა იყოს უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი. ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს იგეგმება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრები, ირაკლი ლექვინაძე აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, პირიქით, მერია აპირებს, ბაღს მიუმატოს ტერიტორია და მეცნიერებისა და ვიზიტორებისათვის პოპულარული სივრცე გახადოს.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის ახალ დირექტორს, ლექვინაძე აცხადებს, რომ თამაზ დარჩიძე პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩიეს.

„თამაზ დარჩიძე უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ბათუმის ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთი წარმატებული ობიექტი საქართველოში. ჩვენთვის ღირებულია ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შეძლებს მართვას ახალი მენეჯმენტის პირობებში“, - აცხადებს ლექვინაძე.