„ისლამს რეფორმა სჭირდება და ჩვენ თვითონ, მუსლიმანებმა, უნდა გავატაროთ ეს რეფორმა“

„ისლამს რეფორმა სჭირდება და ჩვენ თვითონ, მუსლიმანებმა, უნდა გავატაროთ ეს რეფორმა“

აღმოსავლეთმცოდნეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლამისტ ტერორისტთა საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინტერნეტს. ამიტომ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ექსპერტები უკვე დიდია ხანია, იმ საიტების შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან, რომლებიც ისლამისტ რადიკალებს „ისლამიური სახელმწიფოს“ რიგებში ეპატიჟება და ახალი კადრების შერჩევას სწორედ ინტერნეტის საშუალებით ახდენს.

სულ ახლახანს მსგავსი ინიციატივით გამოვიდა დონალდ ტრამპიც. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და მილიარდერი უფრო რადიკალური ზომების მიღებას ითხოვს და ინტერნეტის აკრძალვას მოითხოვს. ტრამპის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის შეჩერება მხოლოდ ინტერნეტის აკრძალვით არის შესაძლებელი.

„ჩვენ უამრავ ადამიანს სწორედ ინტერნეტის გამო ვკარგავთ“, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, საჭიროა, ბილ გეითსსა და სხვა კომპეტენტურ ადამიანებთან აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს ინტერნეტზე წვდომა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე კარგი ინიციატივა აქვს ტერორიზმთან დაკავშირებით წამოყენებული და ერთ-ერთ მის ინიციატივას თავადაც ეთანხმება. კერძოდ, თავის დროზე ტრამპმა თქვა, რომ უნდა აიკრძალოს მუსლიმანთა შეშვება ამერიკაში მანამ, სანამ ამერიკას იმის შესაძლებლობა არ ექნება, გაარკვიოს, რომელი მუსლიმანი მიეკუთვნება ტერორისტულ დაჯგუფებას და რომელი არა.

„ამერიკაშიც იგივე პრობლემაა, არც იქ იციან, ვინ არის ტერორისტი და ვინ არა. იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლა პრობლემად იქცა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც გააქტიურდა ტერორისტული მოქმედება მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ინტერნეტს, ინტერნეტიც ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) საშუალებაა ტერორისტების მიერ მომხრეების მისაზიდად. თუმცა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ვითომ ისლამური ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც ჯიჰადისტი შემომწირველების დიდ ფულს ხარჯავენ ისლამის გავრცელებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს შემომწირველები ცხოვრობენ ყატარში, საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურეში და მდიდარ შეიხებს წარმოადგენენ. სხვათა შორის, 2003 და 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის შემდეგ ევროპასა და აშშ-ში უხვად შევიდა ისლამური ფული და გაჩნდა ბევრი ჰუმანიტარული ორგანიზაცია. მულტიკულტურიზმი, რომელიც ამ ქვეყნებში იყო, ისლამური ფულის მოზიდვას ხელს უწყობდა“,-აცხადებს სოსო ზაალიშვილი და განმარტავს, რომ რადიკალური ჯიჰადისტური საიტების შეზღუდვა აუცილებელია.

თუმცა გაურკვეველია, 21-ე საუკუნეში რამხელა სპეცსამსახური უნდა შეიქმნას, რომ ჯერ დაფიქსირდეს, რომელია ჯიჰადისტური საიტები და ამის შემდეგ აიკრძალოს. ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში რთულია ამ საიტების დაბლოკვა, რადგან ისინი მისამართებს იცვლიან. მაგალითად, რუსებს ძალიან უჭირთ დაბლოკონ ჩინეთში რეგისტრირებული საიტი, რომელიც კავკასიის მუჯაჰიდებს ეკუთვნით და ბევრ სერვერზეა განთავსებული. ასე რომ, ერთ სერვერზე თუ დაბლოკავენ, მეორეზე ხდება მისი განთავსება.

„მოგეხსენებათ, ყურანი დაწერილია ძველ არაბულ ენაზე. ძველ არაბულში ერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. როცა ჯიჰადისტები ყურანის სურებს განიხილავენ, ისინი მას აგრესიულად განმარტავენ. ამიტომაც ეგვიპტის დღევანდელმა პრეზიდენტმა ალ აბდელ ფათახ ალ-სისიმ თქვა, ისლამს რეფორმა სჭირდება და ჩვენ თვითონ, მუსლიმანებმა უნდა გავატაროთ რეფორმაო. ასეთივე რეფორმა გაატარეს საუდის არაბეთში, სადაც ჯიჰადი ამოღებულია. რაც შეეხება ისლამისტურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ისინი მარტო აჭარაში კი არ მოქმედებენ, არამედ აზერბაიჯანელი ხალხით დასახლებულ ტერიტორიაზეც მთელ საქართველოში. ასეთია ვითომ ჰუმანიტარული თურქული ტერორისტული ორგანიზაცია „IHH“, ისინი პანკისის ხეობაშიც მოქმედებენ, შიდა ქართლშიც და აჭარაშიც, სწორედ ამ ორგანიზაციას გაჰყავს აჭარლები სასწავლებლად თურქეთში. ის ძლიერი ფინანსური ორგანიზაციაა და თურქეთის მთავრობა დგას მათ უკან“.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს შორეულ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ინტერნეტის საშუალებით ნამდვილად აქვთ წვდომა ე.წ. ისლამური რესპუბლიკის საიტებზე. გარდა ამისა, ისლამისტი რადიკალების შესახებ ინფორმაციას ღებულობენ მობილური ტელეფონის საშუალებითაც.

„სხვათა შორის, პანკისელ ახალგაზრდებზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს სწორედ ინეტერნეტსაიტების საშუალებით. არის ადამიანური რესურსებიც, ადამიანური კავშირებიც. იმ საიტების შეზღუდვა აუცილებელია, რომლებიც ცუდად მოქმედებენ ადამიანების გონებაზე, მაგრამ მთლიანად ინტერნეტის აკრძალვა შეუძლებელია. რაც შეეხება დამასკოს და სხვა აღმოსავლურ უნივერსიტეტებს, არა მგონია, იქ აგრესიას ასწავლიდნენ. ეს თვითონ ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, თორემ წმინდა წიგნი არ ქადაგებს აგრესიას“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.

ამასთან, ადასტურებს, რომ ე.წ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები არიან ამ საქმეში ჩართულნი და ჰუმანიზმს ამოფარებულნი ბევრ ცუდ საქმეს აკეთებენ. ასე რომ, არა მხოლოდ მუსლიმანები წევრიანდებიან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, არამედ - ქრისტიანებიც. მათ შორის, ბევრი განათლებული ადამიანიც დაადგა ამ გზას და ამის ახსნა ძალიან რთულია.