ჩრდილოეთ კავკასიასა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილები და საერთო საჯარისო შენაერთები სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზებული სახეობებით შეივსო. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
უფრო კონკრეტულად, სამხედრო ოლქის გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს საჯარისო შენაერთები შეივსო 150 ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკით. მათ შორის, არის ოპერატიული ტაქტიკური კომპლექსი „ისკანდერ-ემ“-ი, მოდერნიზებული ტანკები „ტე72ბე3“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „ბე ემ 21 გრადი“, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „სტრელა 10“, უპილოტო საფრენი აპარატები „ლეერ-3“, რადიოელექტრონული საბრძოლო კომპლექსი „ბორისოგლებს-2“, ავტომობილები „ურალი“, ავტობუსები „პაზ“-ი და ა.შ“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-ემ“-ი განკუთვნილია 500 კილომეტრამდე სიშორის მიზნის გასანადგურებლად და სარაკეტო კომპლექსების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, სამეთაურო პუნქტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გასანადგურებლად.
რას ნიშნავს რუსეთის მხრიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის გადაიარაღების გაძლიერება და რამდენად სახიფათო ზრახვები აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს?
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველოსთვის სახიფათო თამაშები მიმდინარეობს და რუსეთი უკვე დიდი ხანია, აპირებს სამხედრო ტრანზიტად საქართველოს გამოყენებას.
ექსპერტის თქმით, 2011 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ მთლიანად მოახდინა ცხინვალის რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების მიერთება. ფაქტობრივად, ეს იყო ანექსიის დაწყება, ანუ ყირიმიზაციის პირდაპირი გამოვლინება.
„ამჟამადაც რუსეთი ახორციელებს გადაიარაღებას. ის, რომ რუსეთმა დამრტყმელი შეიარაღება შეიტანა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და გააძლიერა მეოთხე სამხედრო ბაზის დაჯგუფება, შეშფოთებას უნდა იწვევდეს ჩვენი მხრიდან. უფრო მეტიც, ჟენევის მოლაპარაკების პერიოდში რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „აფხაზეთში დისლოცირებული საარმიო დაჯგუფება შეიძლება გამოყენებულ იქნას აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც“. რუსეთის ეს მკაცრი გაფრთხილება გარკვეულ მინიშნებებს შეიცავს. როგორც ჩანს, რუსეთი სამხედრო მზაობის სამზადისშია. რასთან არის დაკავშირებული ეს მზაობა, ყველასთვის ნათელია. ეს ყველაფერი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების ფონზე ხდება და რუსეთი თურქეთის მხრიდან აქტიური ქმედებების განხორციელებას კავკასიის რეგიონის მიმართ ელოდება. ეს საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული დამრტყმელი ტიპის შეიარაღება, რომელსაც შეუძლია თურქეთის ტერიტორიას მისწვდეს. საუბარია ისკანდერებზე. ეს არის ბირთვული ტაქტიკური ტიპის სარაკეტო ბომბები“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია და აქვე მეორე საშიშროებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
კერძოდ, ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ ძნელია იმის თქმა, პუტინმა იხუმრა თუ არა, მაგრამ მან არ გამორიცხა სირიაში რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენება. პუტინმა მთავრობის მინისტრს უთხრა, იმედია, სირიაში არ მოგვიწევს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაო.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ის, რომ რუსეთმა შეიძლება ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს სირიაში, ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოს მოსთხოვოს სახმელეთო გზით სარგებლობა. უფრო მეტიც, თუ თურქეთმა გადაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები (რაც ოფიციალურად გააჟღერა ერდოღანმა და უკვე დაიწყო კიდეც ამ გეგმის სისრულეში მოყვანა), რუსეთს ისღა რჩება, რომ სირიაში გადაისროლოს თავისი შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა. ამ მხრივ სატრანზიტო მიზნად რჩება საქართველოს ტერიტორია, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო თვალსაზრისით. განსაკუთრებით, სახმელეთო გზაზეა საუბარი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არაა საჭირო, დიდი თვალებით ვუყუროთ საფრთხეს იქ, სადაც საფრთხე არ არსებობს.
„რუსეთს დღეს გიჟები არ მართვენ. მართალია, რუსეთში გავლენით მეორე კაცია ჟირინოვსკი, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჟირინოვსკის ცხვირს არავინ ჩააყოფინებს. ამიტომ საფრთხე საფუძველს მოკლებულია. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება საზღვრისპირა რეგიონებში. ასევე, პოლონეთში შედის ამერიკული ტექნიკა, ლამისაა, ამერიკული ტანკები შეიყვანონ პოლონეთში, უკვე ლაპარაკია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის განთავსებაზეც. ბალტიისპირეთში კი, ლატვიისა და ესტონეთის თავზე სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ. შესაბამისად, რუსეთიც სამხრეთის სამხედრო ოლქში „ისკანდერს“ ათავსებს. ეს იარაღის ჟღარუნი ნამდვილად არის, მაგრამ საბედნიეროდ, დღეს არავინაა მზად იმისთვის, რომ თვითმკვლელობაზე წავიდეს და ბირთვული ომი გააჩაღოს, ვინაიდან ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიძლება უკვე ავტომატურ რეჟიმში მოჰყვეს ბირთვული ომი. ახლა რუსეთი ელოდება, როგორ დამთავრდება ამერიკაში არჩევნები. გარდა ამისა, ელოდება, როგორი რეფენდუმი იქნება თურქეთში. შეიძლება, რუსეთმა უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგოს ვენესუელის სახით, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამიტომ დღეს ძალზე ჭრელი სიტუაციაა“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, განმარტავს, რომ რუსეთი ცდილობს, თამასა მაღლა დაიკავოს, რათა არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ რუსეთი უკან იხევს. ამ მხრივ პუტინი ძალზე ჰგავს სტალინს, რადგან სტალინი მაშინაც კი მიდიოდა რისკზე, როდესაც საერთოდ არ იყო მზად ომისთვის. დასავლეთი კი ამას „ჭამდა“.
სოსო ცინცაძის აზრით, მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად კარგია, რომ რუსეთში ძალზე ძლიერია პუტინის გარემოცვა, რომელიც კარგ ცხოვრებას მიეჩვია. რუს ჩინოვნიკებს უამრავი ვილა აქვთ დასავლეთში. მაგალითად, „როსტურიზმის“ მმართველი რუსებს ყოველთვის ურჩევდა, დასასვენებლად არსად წასულიყვნენ, რადგან ანტალიაზე კარგი დასვენების ადგილი თურმე რუსეთია, მაგრამ სულ ახლახანს ნავალნიმ დაუდო სამხილები, რომ „როსტურიზმის“ მმართველს თურმე სეიშელის კუნძულებზე სამი ვილა ჰქონია.
„რუსი ჩინოვნიკები მიეჩვივნენ ევროპულ ცხოვრებას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ვილებს, სასახლეებს, მათი შვილები ლონდონის საუკეთესო სკოლებში სწავლობენ, ვენიდან, ლონდინიდან და პარიზიდან ისინი საკუთარი თვითმფრინავით ჩადიან მოსკოვში. ამიტომ ეს გარემოცვა პუტინს არ მისცემს საშუალებას, საქმე საბედისწერო ღილაკზე თითის დაჭერამდე მიიყვანოს“.