ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ გავლენიან პოლიტიკოსებს უპირისპირდება. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ „შარს არ ეძებს“, თუმცა ამ ბოლო კვირის განმავლობაში ყველა გადაიმტერა, ვინც კი შეიძლებოდა გადაემტერებინა საქართველოში. ეს არის „საშიში“ ხალხი, ის „აფუთფუთებული პოლიტიკოსები“, მმართველი ძალის წარმომადგენლები, რომლებიც, მისი თმით, ცდილობდნენ, შეწყალების კომისიაში მუშაობის დროს მასზე ზეწოლა მოეხდინათ და „პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ფული გაეკეთებინათ“.
ელისაშვილის მტკიცებით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს „ბე“-ს სახით 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი, ჯამში, მილიონ ნახევარი დოლარი უნდა მიეღოთ.
„ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, აღნიშნული მაღალჩინოსნების სახელებსა და გვარებს გაასაჯაროებს, ვინაიდან ამ პოლიტიკოსებმა პატრიარქის ემოციური განცხადების შემდეგ მიიჩნიეს, რომ პატრიარქს ამოფარებულნი ისევ შეძლებდნენ ფულის გაკეთებას. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმართა სიის შედგენასაც, როდესაც ცალკეულმა პირებმა ამ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ, თანხები გადაუხადეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
„ამაზე ყველა ლაპარაკობს გამორთულ კამერებთან. ყველა პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, სახელებიც იციან, გვარებიც იციან, და, რომ - იყო ჩემზე ზეწოლები. ჩემზე შეწყალების წინ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან რამდენიმე პატიმართან დაკავშირებით პირდაპირ ხდებოდა ისტერიული მოთხოვნა, ეს ხალხი გაიტანეთ კრიტერიუმების მიღმა“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მართალია, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და მისი განცხადების საფუძველზე 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითაც დაიწყო გამოძიება (რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს), მაგრამ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე „სრულ სიცრუეს“ უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას, თითქოს მან იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყვნენ დაინტერესებულნი.
„ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთხვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას“, - განმარტა გიორგი გოგაძემ.
შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ალეკო ელისაშვილის პათოსს იზიარებს. ის ამბობს, რომ „არაჯანსაღი დაინტერესება კონკრეტული მსაჯავრდებულის „გინდა თუ არა შეწყალებასთან“ დაკავშირებით, აღძრავს დამატებით კითხვებს, ეჭვებს და ამაზე აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დაჟინებით ერთი და იმავე მსჯავრდებულების თემით იყოს დაინტერესებული პოლიტიკოსი ამდენი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ქორიძემ, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი პოლიტიკოსები იჩენენ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მიმართ „არაჯანსაღ დაინტერესებას“.
შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურებიან პარლამენტარებიც. მათი თქმით, ნებისმიერი პირი, თუ მას რაიმე ინფორმაცია აქვს კორუფციასთან დაკავშირებით, უნდა დაიკითხოს პროკურატურაში. თავის მხრივ, ნაციონალებს სჯერათ, რომ შესაძლოა, შეწყალების კომისიაში მართლაც კეთდებოდა ფული. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე თბილისის საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან კონკრეტული პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლასა და ქრთამის შეთავაზებაზე ისაუბრა, შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატის მიერ გაჟღერებული ბრალდება საყოველთაო განგაშს იმსახურებს, რადგან მსგავსი ფაქტი შევარდნაძის ეპოქის შემდეგ არ გვსმენია. ამიტომ ეკა ხერხეულიძის აზრით, ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც მსგავს იძულებას ახორციელებდნენ.
For.ge-მ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა დაკითხვიდან გამოსული ელისაშვილი ტელეფონის ზარს არ პასუხობდა. სამაგიეროდ, ელისაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს „უსირცხვილო და ლაჩარი“ უწოდა. ამასთან, მოითხოვა, „რადგან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო, ვინაიდან მათ ჩემგან მიიღეს ინფორმაცია საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა დაიკითხონ პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და თავდაცვის მინისტრიც.
ჩვენ ეკა ბესელიასთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე“ ნანა კაკაბაძე კი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის ინსტიტუტი სააკაშვილის დროსაც მოქმედებდა და არავის მსგავსი ზეწოლა არ განუხორციელებია, რომ შეწყალება მომხდარიყო კორუფციის ფონზე. მისი აზრით, შეწყალების კომისიის ყოფილი და დღევანდელი თავმჯდომარეები თავიანთ განცხადებით ამ პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ. ამდენად, თუკი კორუფციაზე მსჯელობა რეალურია, მაშინ უნდა გადაიხედოს ყველა ის შესწორება, რომელიც აქამდე მარგველაშვილს გაუკეთებია, რადგან სხვა პრეზიდენტის ხელში ასეთი რამ არ მომხდარა.
„ეს ხდება მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობისას. რეკომენდაციისთვის ყველას შეუძლია დაურეკოს ზვიად ქორიძესაც და ალეკო ელისაშვილსაც და მათი გადასაწყვეტია, ვის გაუშვებენ ციხიდან. როდესაც პოლიტპატიმართა სიების შედგენის კორუფციაზე საუბრობს, მაშინ დააკონკრეტოს ელისაშვილმა, ვის გადაუხადეს და ვინ გადაიხადა თანხები ამ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ?! მოარული ხმებით აპელირება საბჭოთა რეჟიმის მენტალობაა. კონკრეტული გვარები გვჭირდება, ამას არ უნდა პოზიორობა. ეკა ბესელია იყო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ თუ ამ ფორმით ახდენდნენ შეწყალებას, მაშინ ყველა შეწყალება გადაიხედოს. თუ შენზე ვინმე ზეგავლენას ახდენს, მაშინ არ უნდა იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. თუკი წესიერი ადამიანი ხარ, ვიღაცამ როგორ უნდა გითხრას, მე ფული მაქვს აღებული და შენ გადაწყვეტილება უნდა მიიღოო, ეს სადაური ლოგიკაა?! როგორც წესი, იმ ადამიანს ურეკავენ, ვისთანაც ეს გაუვათ, თორემ წესიერ ადამიანს ამას ვერავინ აკადრებს. ალეკო ელისაშვილი უპირველესად საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას, როცა ამბობს, მე მირეკავდნენ, ადამიანი გაუშვიო“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ზვიად ქორიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ გააკეთებს განმარტებებს, თუმცა ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, კორუფციის მცდელობის გამო ხომ უნდა გადაიხედოს შეწყალებულთა საქმეები, ამბობს: „არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გადაიხედოს, რადგან კომისია პირუთვნელად მუშაობდა და კომისიის მიმართ ვერ განხორციელდა ვერანაირი ზეწოლა. ასე იყო ალეკოს დროსაც და ასე ხდებოდა ჩემს დროსაც. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
იურიდიულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და არ ფლობს ინფორმაციას, რა ხდებოდა იმ დროს.
„ალეკო სერიოზული კაცია და, შესაბამისად, ბრალდებაც სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაფერს იტყვის ეს ადამიანი და, თუ არის დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ. თუ არ იკვეთება დანაშაული, მაშინ ეს იქნება ცილისწამება და დანაშაულის დაბრალება, რაც ასევე, წარმოადგენს დანაშაულს. დასკვნის გაკეთება საქმის შესწავლის გარეშე ნაადრევია“, - გვითხრა ზაქარია ქუცნაშვილმა.