ვერეს ხეობაში მძიმე კონსტრუქციის ნაგებობები არ უნდა აშენდეს

ვერეს ხეობაში მძიმე კონსტრუქციის ნაგებობები არ უნდა აშენდეს

მდინარე ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონის გაშენებას გარემოს დამცველები დადებითად აფასებენ, თუმცა ცალკეული კითხვები მაინც უჩნდებათ ყველა იმ ობიექტთან დაკავშირებით, რომლებიც ვერეს ხეობაში მძიმე კონსტრუქციით იქნება აგებული.

ცნობილია, რომ მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციას გამარჯვებული კომპანია, შპს „არქიტექტურული ბიურო“ განახორციელებს. ამ კონცეფციის ჩარჩო-გეგმის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ტყე-პარკი მოეწყობა. უფრო კონკრეტულად, საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ/კვ ტერიტორიას დაიკავებს, რომელშიც საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სტუდენტური სასადილო განთავსდება. 

გარდა ამისა, კონცეფციის მიხედვით, გმირთა მოედნიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე დაგეგმილია ველოსიპედების ტრასების მოწყობა. წარმოდგენილი კონცეფციით, ტყე-პარკი 300 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაშენდება. ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთი მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორე მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს.

აღნიშნული კონცეფცია საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე დამცავი ზოლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ამ ტერიტორიაზე განთავსდება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალიც. ჩარჩო-გეგმის შესყიდვის ღირებულება 69 618, 82 ლარს შეადგენს.

როგორც დავით ნარმანია აცხადებს, ბიზნესცენტრებისა და საცხოვრებელი სახლების ნაცვლად, ამ ხეობაში რეკრეაციული ზონის გაშენება დიდი ხნის წინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დედაქალაქის მერის თქმით, ამ საინტერესო პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უსაფრთხოებაა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციას დაწვრილებით არ იცნობს და მის შესახებ იმდენივე იცის, რამდენიც ჩვენმა საზოგადოებამ. თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიაზე რისკის შეფასება აუცილებელია.

„მობილიზაცია, რისკების შეფასება იმისთვის კეთდება, რომ, საბოლოო ჯამში, იმ ადგილებიდან ხალხის გამოყვანის სწრაფი გეგმა არსებობდეს. ზოგადად, ნაპირებზე რეკრეაციული ზონის გაშენება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სხვანაირად, ეს სერიოზულ პრობლემას შექმნიდა. ვერეს ხეობაში სპორტული მოედნების გაკეთება არ არის პრობლემა, უბრალოდ, უნდა იყოს მობილიზაციის გეგმა. ნებისმიერ შენობას უნდა ჰქონდეს ევაკუაციის გეგმა. სამწუხაროდ, 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზი ისიც იყო, რომ ასეთ რთულ ხეობაში ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა და ახლომდებარე სახლებიდან ხალხი სტიქიურად გაიხიზნა. ამიტომ საჭიროა ჯერ რისკების შეფასების ანგარიში გაკეთდეს და შემდეგ ევაკუაციის გეგმა დაიდოს. რაც შეეხება ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრების აშენებას, ამასთან დაკავშირებით თავს ვიკავებ, რადგან ამ ხეობაში არ შეიძლება კაპიტალური შენობების აგება, ეს პრობლემას შექმნის. მსუბუქი კონსტრუქციები, მსუბუქი დასვენების კერები კი შეიძლება გაკეთდეს“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 13 ივნისის სტიქიის განმეორების ალბათობა ნაკლებ სავარაუდოა, თუკი განხორციელდება მათ მიერ დასახული პრევენციული ღონისძიებები. ლაპარაკია დამბებზე, ცხაურის ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე, რომელიც დაიჭერს დიდ მასალას, მეწყერის დროს დაბლა წამოსულ ხე-ტყეს და აღარ გამოიწვევს ჩახერგვებს.

„ვერეს ხეობასთან დაკავშირებით კითხვები შეიძლება ისევ გაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, აღარ განმეორდება ტრაგედია, რადგან კალაპოტი გასუფთავდა, მდინარის წყალგამტარუნარიანობა კალაპორტში გაორმაგდა და გასამმაგდა. ის წინააღმდეგობები, რომელიც მას ჰქონდა და, რამაც ჩახერგვა გამოიწვია, აღარ იქნება. მთავრობას აქვს ამ ხეობის უსაფრთხოების პროექტი და ეს უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგედია აღარ მოხდეს. 13 ივნისს კი ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა - მეწყერი ცალკე წამოვიდა, ამას დაემატა დიდი რაოდენობის ნალექი. ამ ყველაფერს ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა მოჰყვა. ეს იშვიათი მოვლენაა და, თუკი ერთობლივად განმეორდება მეტეოროლოგიური და მეწყერული მოვლენები, ამას შესაბამისი კონსტრუქციებით მომზადებულები უნდა დავხვდეთ. ამას დაემატება წყალგამტარი ესტაკადის მშენებლობაც. გარდა ამისა, პრევენციულ ღონისძებას უნდა ახლდეს საპრევენციო სიგნალი. ეს სიგნალი 13 ივნისის ღამესაც იყო მიღებული, 11-ის 20 წუთზე იყო შეტყობინება, რომ სტიქია დაატყდა ახალდაბას, 12-ის ნახევარზე დარეკა ჩემი ლაბორატორიის დაცვამაც, რომ წყალი შეგუბდა და ამ წყლის გარღვევის შემდეგ მოხდებოდა უბედურება ქვევით, მაგრამ გადამწყვეტი ზომები ვერ მიიღეს. ალბათ, აღარ გამოიჩენენ უყურადღებობას, თორემ იგივე განმეორდება. აქ მთავარია, როგორ იმუშავებს 112, როგორ იმუშავებს მთავრობა და შეტყობინების სისტემა“, - აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.